Accessibility links

რას ითხოვს მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან?


მოსკოვმა საქართველოს უფრო მეტად დასჯა ამ ეტაპზე თითქოს გადაიფიქრა და შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისებიც აღადგინოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამუდამო უარის თქმის სანაცვლოდ სთავაზობს.

პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას გადაწერილი ისტორიის კარგად დამახსოვრება ურჩია. რა ფასი აქვს პუტინის „ლმობიერებას“? რა შეცდომებს უშვებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებში? ვის კვებავს შიში და კომპრომისი?

სანქციებზე უარის თქმის საფასური

„რუსეთმა დაგვანახა სანქციების საფრთხე და როცა მიხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კაპიტულანტური პოზიცია დაიკავა, ამ ფონზე უფრო მეტი მოითხოვა... პუტინმა შემოგვთავაზა ფორმულა, რომ ოკუპანტი არა რუსეთი, არამედ საქართველოა და ამას დაამატა ბრალდება ოსების გენოციდის შესახებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. ის ასევე ფიქრობს:

  • როცა რუსეთის პრეზიდენტი იწყებს ისტორიის გადაწერას, ეს მხოლოდ ინტერპრეტაციად არ უნდა მივიჩნიოთ;
  • ეს არის ისტორიის პოლიტიკური გადაწერის მცდელობა - რუსები შეეცდებიან, რომ ეს ვერსია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დანერგონ;
  • რუსეთს უნდა, რომ საბოლოოდ გაიფორმოს 2008 წლის შედეგები და თანაც ისე, რომ საქართველო მადლობელიც დარჩეს.

9 ივლისს, როცა ვლადიმირ პუტინმა უარი თქვა საქართველოსთვის ახალი სანქციების დაწესებაზე „ქართველი ხალხისადმი პატივისცემის“ ნიშნად, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიის საკუთარ ვარიანტთან ერთად გაახმოვანა - გაყალბებული თარიღებითა და ფაქტებით:

  • მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ერთეულებად შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში;
  • შემდეგ ოსეთის სამხრეთი ნაწილი შევიდა ტიფლისის გუბერნიის (არა საქართველოს) შემადგენლობაში;
  • რუსეთის იმპერიის დაშლისას (პირველი მსოფლიო ომის შემდეგ) საქართველოს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია 1918 წელს, გერმანელების დახმარებით;
  • ქართველი ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ და 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების გენოციდიც მოაწყვეს;
  • საბჭოთა კავშირის დროს, ჯერ ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საფუძველზე საკავშირო სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო;
  • სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის ნაწილიც გახდა აფხაზეთი;
  • შემდეგ, 2008 წელს საქართველომ ომი დაუწყო აფხაზებსა და ოსებს - რუსეთი კი იძულებული გახდა ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად ეღიარებინა.

პუტინის მიერ ახლებურად დაწერილი ისტორია გამორიცხავს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პერსპექტივას. რუსეთის პრეზიდენტი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მუდამ ახსოვდეს ეს: „კარგი იქნება ამ ყველაფრის ცოდნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ამის დავიწყება არასოდეს არ შეიძლება...“

გია ხუხაშვილი რუსეთის მიმართ ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკის მომხრეა, მაგრამ ის, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო დღეებში აჩვენა, მისთვის საგანგაშო სიმპტომებია:

  • „ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა კლასიკური შიშის დემონსტრირება, შიშისა კაპიტულანტური განწყობებით... არადა დათვი სწორედ შიშით იკვებება და ხვალ კიდევ უფრო მეტს მოითხოვს “;
  • „დამღუპველია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ თუ რუსეთის სანქციები ამოქმედდება, ქვეყანა დაიღუპება“;
  • „ თუკი ჩვენი ეკონომიკა ასე ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე, ესეც საქართველოს ხელისუფლების ბრალი არ არის? მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი“;
  • „ტრაგიკომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სთხოვს რუსეთის პრეზიდენტს არ აჰყვეს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების პროვოკაციებსა და ესკალაციას“.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას - არ დაუწესოს სანქციები საქართველოს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის დუმის მიერ 9 ივლისს დამტკიცებულ დადგენილებას, მოგვიანებით მხარი დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმაც დაუჭირა.

ის ფიქრობს, რომ ეს იქნება შანსი საქართველოს ხელისუფლებისთვის - "გონს მოეგოს“.

„თუკი მათ ესმით, რომ მეზობლებთან ურთიერთობა უნდა აშენდეს პატივისცემის პრინციპებზე, კეთილმეზობლობაზე, თანასწორობასა და სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში ჩაურევლობაზე, მათ უნდა მოუსმინონ ჩვენს პრეზიდენტს, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს“, - ურჩევს თბილისს ვოლოდინი.

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?

როგორც ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მტრული სახელმწიფოს მხრიდან ისტორიის გადაწერის ყოველ მცდელობას ყოველ ჯერზე უნდა გაეცეს სათანადო პასუხი საერთაშორისო დონეზე.

„ცხადია, რომ პუტინი საქართველოს ისტორიას სათავისოდ აყალბებს, მაგრამ მას რომ ქართველმა ისტორიკოსებმა უპასუხონ, არ იქნება ადეკვატური... საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური არხების გამოყენებით ყოველ ჯერზე უნდა გაავრცელოს სწორი ინფორმაცია სიცრუის საპასუხოდ... რუსეთთან ჰიბრიდულ ომში, საინფორმაციო ომში დამარცხება შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.

ვლადიმირ პუტინის საპასუხოდ „ისტორიული წიაღსვლები“ სწორედ ქართველ ისტორიკოსებს მიანდო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა - "თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ".

პუტინის გადაწყვეტილებას სანქციებზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი კმაყოფილება მოჰყვა, რომ ყურადღების მიღმა დარჩა ვლადიმირ პუტინის მთავარი გზავნილი - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

ამ აქცენტზე განცხადებები მეორე დღეს, 10 ივლისს გაკეთდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ:

  • პუტინის ნათქვამი „ახალი არ არის“, „ადრეც ყოფილა ასეთი განცხადებები“;
  • „რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში“;
  • საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად არის ინფორმირებული და „ამაზე მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი, სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა“.

საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე ასევე 10 ივლისით თარიღდება მინისტრის კიდევ ერთი განცხადება პუტინის მხრიდან სანქციებზე უარის თქმის შესახებ. ზალკალიანმა თქვა, რომ „იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ქვეყანა აღმოჩნდა გარკვეული პირების უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების გამო, შესაძლოა ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე მიეყვანა“.

პრეზიდენტ პუტინის მიერ ისტორიის გადაწერის ფაქტი ასევე მორიგ შემთხვევად განიხილა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

  • „სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას“;
  • „ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას, აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ“.

პოლიტიკური ოპოზიცია შეშფოთებულია იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არასათანადო პასუხი გასცა პუტინის მხრიდან საქართველოს ისტორიის დამახინჯებისა და საქართველოს დამორჩილების მცდელობას.

მათთვის თვალშისაცემია, რომ ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ამ საკითხს გაცილებით იმაზე ნაკლები ძალისხმევა დაუთმეს, ვიდრე ეს პუტინის მისამართით „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ცნობილი გინების შემდეგ გამოვლინდა - როცა დროის მოკლე პერიოდში ერთმანეთს სწრაფად მიჰყვა აღშფოთების გამომხატველი განცხადებები.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს არა რუსეთის სანქციები, არამედ „სუსტი მთავრობა და გახლეჩილი საზოგადოება“ წარმოადგენს.

  • „ჩვენს პოლიტიკას აკლია თანმიმდევრულობა და პრინციპულობა, რაც რუსეთს უქმნის ილუზიას, რომ შესაძლოა, ჩვენ ერთ დღეს მართლაც ვაღიაროთ პუტინის მიერ დაწესებული ახალი რეალობა“;
  • „სერგეი გავრილოვი საქართველოს ხელისუფლებას ზუსტად იმიტომ არ უნდა შემოეშვა საქართველოში, რომ ჩამოსვლის წინ ამ რუსმა დეპუტატმა სრულიად მიუღებელი განცხადებები გააკეთა - საქართველო უნდა შეეგუოსო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვას“;
  • „ასეთი გზავნილების ფონზე გავრილოვის საქართველოში შემოშვებამ რუსეთს კიდევ უფრო გაუძლიერა იმედი, რომ შესაძლოა, ჩვენ თანდათან შევეგუოთ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას“.

„ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენა ზღვარი იმ ილუზიისა, რომ ჩვენ რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების დალაგებას შევძლებთ. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ჩვენ ევრაზიულ კავშირში შევალთ. ეს კი იქნება საქართველოს მომავლის დაღუპვა“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ანალიტიკოსის თქმით, ხელისუფლება ახლა კარგად უნდა დაფიქრდეს, დასკვნები გამოიტანოს საკუთარ შეცდომებზე და საქართველოს განვითარების იმედები რუსეთს აღარ უნდა დაუკავშიროს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რაიმეს შეცვლა აბსოლუტურად შეუძლებლად მიაჩნია გია ხუხაშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დღევანდელი ხელისუფლება კაპიტულანტური განწყობებისა და საქართველოში არსებულ პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, ვერასოდეს შეძლებს რუსეთთან სწორი, პრინციპული ნაბიჯების გადადგმას.

„2020 წლის არჩევნები იქნება ასევე რეფერენდუმი საქართველოს მომავალთან და საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG