Accessibility links

რას მივიღებთ მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის ნაცვლად?


მწერლები მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის აღდგენას მოითხოვენ. რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტრომ ამ ორი სტრუქტურის ბაზაზე ლიტერატურის ეროვნული ფონდი დააარსა.

„რეორგანიზაციის სახელით გაუქმდა კულტურის სამინისტროს ორი ყველაზე წარმატებული სსიპი... მოვითხოვთ, შეჩერდეს სახელდახელო და გაუაზრებელი რეორგანიზაცია და მიეცეთ მწერლებს, ლიტერატორებსა და გამომცემლებს საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება!“ - წერია პეტიციაში, რომლითაც მწერლები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავენ.

20 ივნისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ორივე სტრუქტურის ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი და ნატაშა ლომოური.

დეა მეტრეველი
დეა მეტრეველი

დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის „კისერზეც“გადაიარა ფრანკფურტის ბაზრობამ, ამბობს: „დაგვპირდნენ, რომ ჩვენ გუნდებთან ერთად ვიქნებოდით ახალი სტრუქტურის ფორმირებაში ჩართულები, ეს პირობა დაირღვა... გადავხედე ახალი ორგანიზაციის დებულებას და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. ძალიან ბუნდოვანია გარკვეული ასპექტები“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ რეორგანიზაციაგანხორციელდა „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, რომელიც ევროკავშირის ექსპერტის, ტერი სანდლერის, რეკომენდაციებისმიხედვით შეადგინეს. ტერი სანდლერი თავის დასკვნაში წერს, რომ სამინისტროს 86 სსიპი აქვს, რაც ძალიან ბევრია.

ლიტერატურის ეროვნული ფონდის ახლად დანიშნული დირექტორი ირმა რატიანი აცხადებს, რომ ფონდი, უკვე არსებული და დამატებული ფუნქციებით, ისევ მწერალთა სახლში დაიდებს ბინას. ამასთან, ორივე სსიპის თანამშრომლების რესურსი ბოლომდე იქნება გამოყენებული.

„მე შევხვდები თითოეულ მწერალს, ამ სფეროს წარმომადგენლებს, რათა გავაცნო ფონდის სამომავლო გეგმები, მოვისმინო მათი წინადადებები და ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ ეროვნულ საქმეს“, - ამბობს ის.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

​რა იძლევა გარანტიას, რომ ეს სტრუქტურა იქნება უფრო მოდერნიზებული, ვიდრე წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი იყო? - კითხულობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა:

„გუნდმა გააკეთა ფრანკფურტის პროექტი, რომლის მსგავსიც საქართველოში არ ყოფილა. ამის შემდეგ როცა ამბობ, რომ კიდევ უფრო მოდერნიზებულ სტრუქტურას ქმნი, ძალიან დიდი გამოწვევაა და კონკრეტული კონცეფცია მაინტერესებს. ან რატომ არ მოინახა ამ მოდერნიზებულ სტრუქტურაში ადგილი ორი წარმატებული პროექტის ხელმძღვანელებისთვის?“

მისივე თქმით, ფრანკფურტის ფესტივალის შემდეგ უამრავი ქვეყნიდან წამოვიდა შემოთავაზება. 2022 წელს საქართველო საფრანგეთის წიგნის ბაზრობაზესტუმრის სტატუსით წარდგება. ამ გამოწვევებისთვის პასუხის გაცემა ახლა უკვე ლიტერატურის ეროვნულ ფონდს მოუწევს.

„ტრიუმფი იყო და არა მხოლოდ გერმანიაში, სხვა ქვეყნებსაც გადაედო ეს ყველაფერი. შეფასების უნარი ხომ უნდა გქონდეს, რომ არსებობს ასეთი საქმის კეთების პოტენციალი. ეს მხოლოდ ლიტერატურას კი არ მოხმარდება, ეკონომიკასაც, ტურიზმის მაჩვენებელს შეცვლის. გაიხედონ,ქალაქში რამდენი გერმანელი ტურისტია ჩამოსული“, - ამბობს გვანცა ჯობავა.

აღსანიშნავია, რომ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებთ გერმანიიდან ჩამოსული ტურისტების 32-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა (ლაპარაკია 2018 წლის 5 თვისა და 2019 წლის 5 თვის მონაცემებზე).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG