მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის “ტისას” (პატივისცემა და თავისუფლება) ლიდერმა და უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა თქვა, დასაკარგი დრო არ გვაქვს და ახალი მთავრობის ფორმირებას სწრაფად დავიწყებთო.
ორბანის 16-წლიანი წინააღმდეგობის შემდეგ, როდესაც უნგრეთი ხშირად ამუხრუჭებდა ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ბოლო დროს, უკრაინასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ბრიუსელს ბუდაპეშტთან მეტი თანამშრომლობის იმედი აქვს.
„ჩვენს ქვეყანას გასაფლანგი დრო არ აქვს. უნგრეთი ყველა მიმართულებით პრობლემებშია ჩაფლული: გაძარცული, ნაღალატები, ვალებში ჩაძირული და განადგურებული“, - განაცხადა მადიარმა 13 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, არჩევნების მეორე დღეს. 199-ადგილიან პარლამენტში მისმა პარტიამ ორი მესამედი უმრავლესობა ამომრჩევლის რეკორდული აქტივობის ფონზე მოიპოვა.
კანონის მიხედვით, უნგრეთის პრეზიდენტმა არჩევნებიდან 30 დღის განმავლობაში ახალი პარლამენტი უნდა მოიწვიოს. ამის შემდეგ დეპუტატები ირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდეგ მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს.
ბევრს აქვს იმედი, რომ ორბანის მიერ ჩახერგილი გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი გახდება, თუმცა ფიქრობენ, რომ მადიარი, რომელიც მის მიერ დამარცხებული პრემიერის ერთგული მხარდამჭერი იყო არცთუ შორეულ წარსულში და მას ანტიკორუფციული საკითხების გამო გაემიჯნა, ყოველთვის მარტივი პარტნიორი არ იქნება.
ამასთანავე, ნათელია, რომ ბრიუსელში მადიარის მთავარი პრიორიტეტი, საგარეო პოლიტიკა არ იქნება. მისი მიზანია დაახლოებით 18 მილიარდი ევროს (21 მილიარდი დოლარი) განბლოკვა, რომელიც ევროკავშირმა ბოლო წლებში გაყინა მის ქვეყანაში, ორბანის მმართველობის პერიოდში დემოკრატიული უკუსვლის გამო.
ამ პროცესში ცენტრალური ადგილი უნგრეთის სასამართლო სისტემის რეფორმას დაეთმობა, სადაც მადიარი პოლონეთის მაგალითის გადაღებას შეეცდება. 2023 წლის ბოლოს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ევროკავშირის დაფინანსების დასაბრუნებლად ვარშავის ცენტრისტული მთავრობა მუშაობს სასამართლოებისა და საჯარო ადმინისტრაციის იმ სადავო ცვლილებების გაუქმებაზე, რომლებიც მისმა პოპულისტმა წინამორბედებმა შეიტანეს,
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მთავრობასთან მუშაობას,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, - „რათა მალევე მივაღწიოთ პროგრესს უნგრელი ხალხის სასარგებლოდ, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“.
„ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რადგან უნგრეთი ევროპულ გზაზე ბრუნდება“.
მოხერხებული „განტევების ვაცი“?
თუმცა ბრიუსელის დერეფნებში შიშობენ, რომ ორბანის მთავრობის ვეტოები ხშირად მოხერხებული „განტევების ვაცი“ იყო უმოქმედობის გასამართლებლად.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა და ორბანის ახლო მოკავშირემ, რობერტ ფიცომ, უკვე ღიად მიანიშნა, რომ შესაძლოა კვლავაც დაადოს ვეტო ბევრ ინიციატივას. თუმცა ევროკავშირის ოფიციალური პირები, რომლებიც რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, აღიარებენ, რომ ზოგჯერ სხვა წევრი სახელმწიფოები ხმის ამოუღებლად იმალებოდნენ ბუდაპეშტის უკან.
პირველი ტესტი შესაძლოა გახდეს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ორბანი, 2025 წლის დეკემბერში დაეთანხმნენ.
ეს თანხა, რომელიც უნდა დაფაროს კიევის საჭიროებების დიდი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წელს, შემდგომში უნგრეთმა მაინც დაბლოკა. ბუდაპეშტმა დაადანაშაულა უკრაინა, რომ საკმარისად არ ზრუნავდა საბჭოთა პერიოდის „დრუჟბის“ ნავთობსადენის შეკეთებაზე, რომელიც ცენტრალურ ევროპას ამარაგებს და რომელიც, კიევის თქმით, რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა.
ევროკავშირმა პირობა დადო, რომ თანხა მაინც გადაირიცხება აპრილში - მილსადენის შესაკეთებლად ფინანსური დახმარების გაწევის და უკრაინაში სპეციალური გუნდის გაგზავნის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან აღნიშნა, რომ “მეგობრობა” გაზაფხულზე აღდგება.
თუმცა, სანამ რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში არ განახლდება, არც მადიარი და არც ორბანი, რომელიც კიდევ რამდენიმე კვირა დარჩება ხელისუფლებაში, არ დაამტკიცებენ ამ დახმარების პაკეტს კიევისთვის.
ევროკავშირის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მადიარი საბოლოოდ დაამტკიცებს სესხს, თუმცა მიუთითებენ, რომ „ტისას“ პარტიის წევრებმა ევროპარლამენტში მიმდინარე წლის დასაწყისში ამ წინადადებას წინააღმდეგ მისცეს ხმა.
როგორც პარიზის ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარი კლოტილდ ვარინი ამბობს: „უნგრეთი აღარ გამოიყენებს სისტემატურ ვეტოებს, მაგრამ მისი ყველა პოზიცია ფუნდამენტურად არ შეიცვლება.“
გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიის დროს მადიარმა ისაუბრა რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების 2035 წლისთვის ეტაპობრივ შეწყვეტაზე - და არა მომავალი წელს, როგორც ეს ბრიუსელს წარმოუდგენია.
ეს გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუდაპეშტს ვეტოს უფლება არ აქვს. თუმცა ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისმა, რომელიც ევროპის ეკონომიკებს ემუქრება, შესაძლოა არაერთ ქვეყანას აიძულოს იაფ რუსულ ენერგიაზე სწრაფად უარის თქმისგან თავის შეკავება.
ენერგიის მაღალი ფასების საკითხი ასევე შეასუსტებს ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო ამ პაკეტის მიღება რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე, თუმცა უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა იგი.
მაგრამ ამ საკითხში ის მარტო არ არის.
წინადადების მთავარი ელემენტი იყო საზღვაო მომსახურებების აკრძალვა, რომელიც რუსული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას ეხება და ევროკავშირში დაფუძნებულ კომპანიებს აუკრძალავდა ასეთი გემების მომსახურებას.
ენერგიის ფასების ზრდის ფონზე, რამდენიმე წევრ სახელმწიფოს სამხრეთ ევროპიდან ეს არ მოსწონს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი უნგრული მთავრობის პირობებში მისი მიღება შესაძლებელია, გაურკვეველია, საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ უნგრეთის თანხმობა ამჯერად.
რაც შეეხება მომავალ სანქციებს?
უფრო საინტერესოა, როგორ მოიქცევა მადიარის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომავალ პაკეტებთან დაკავშირებით.
მაგალითად, სურს თუ არა მას ორბანის ეპოქის ზოგიერთი ვეტოს გაუქმება - როგორიცაა რუსეთის პატრიარქ კირილის ან რუსული სპორტული ორგანიზაციების ლიდერების შავ სიაში შეყვანა, რაც აქამდე უნგრეთისთვის მიუღებელი იყო?
ასევე მოსალოდნელია ახალი მცდელობები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელელთა დასახლებებზე, რასაც ბუდაპეშტი 2024 წლიდან ბლოკავს, და 2025 წლის ინიციატივა - საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის აქტივების გაყინვისა და სავიზო აკრძალვის დაწესებაზე, რაც ასევე უნგრეთმა ჩაშალა. თუმცა აქაც შესაძლოა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩეხეთმა, იტალიამ და სლოვაკეთმა, დაბლოკონ ეს ნაბიჯი.
ასევე მნიშვნელოვანია უნგრეთის რთული ურთიერთობა უკრაინასთან.
მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა ნათლად თქვა, რომ ის დისტანცირდება ორბანის მთავრობის მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებისგან, კიევის მიმართ მისი რიტორიკა მაინც საკმაოდ კრიტიკული იყო.
საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ორბანი და ზელენსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მადიარმა თავისი თანამემამულის მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ „ვერცერთი უცხოელი ლიდერი ვერ დაემუქრება ნებისმიერ უნგრელს“.
უნგრეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის მიმართ. გამოკითხვების მიხედვით, უმრავლესობა ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ისე მისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაგზავნას.
მადიარი ამ განწყობებს კარგად იცნობს.
არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ნათელია - უკრაინა „ამ ომის მსხვერპლია“, და რომ ის ზელენსკის შეხვდება და „ურთიერთობებს დაამყარებენ“.
თუმცა მან ასევე დაამატა, რომ უნგრეთი ცდილობს დაამყაროს „სამოკავშირეო და, თუ შესაძლებელია, მეგობრული ურთიერთობები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები უნგრული უმცირესობების მეშვეობით“.
„ეს ეხება უკრაინას, სერბეთს და ყველა სხვა ქვეყანას“, - თქვა მან.
ლეტალური იარაღი
საინტერესო იქნება, როგორ მიუდგება ის ბრიუსელში გაჭედილ სამხედრო ინიციატივებს - მათ შორის, „ფიდესის“ მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში დაბლოკილ 6.6 მილიარდი ევროს ლეტალურ დახმარებას უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, ევროკავშირის სატელიტური ცენტრიდან უკრაინისთვის სურათების გაზიარების შესაძლებლობას და ევროკავშირის მისიების - EUAM-ისა და EUMAM-ის - მანდატების გაფართოებას, რათა ისინი მომავალში უკრაინის უსაფრთხოების ევროპულ გარანტიებში ჩაერთონ.
ამ კითხვების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ მადიარი დაუშვებს, რომ უკრაინამ (და მოლდოვამ) მინიმუმ დაიწყონ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს, რაც ორბანის მთავრობამ ბოლო წლებში არაერთხელ დაბლოკა.
თუმცა სავარაუდოა, რომ ის გამოიყენებს ტერმინს „დამსახურებაზე დაფუძნებული“ გაფართოება - ბრიუსელის ლექსიკონიდან, რომელიც ნიშნავს: „გაწევრიანდებით მაშინ, როცა ჩვენ გადავწყვეტთ, და ჯერ არ გადაგვიწყვეტია“.
ფორუმი