Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს (დე)პოლარიზაცია?


გია ნოდია

დასავლეთში და მის კვალად ჩვენთანაც დამკვიდრდა სიტყვა „პოლარიზაცია“. ვიცით, რომ ის რაღაც ცუდს ნიშნავს, მაგრამ კონკრეტულად რას, გარკვევით თქმა გვიჭირს. ევროკავშირმაც მიგვითითა, რომ პოლარიზაცია გვაქვს დასაძლევი, თუმცა კონკრეტული ინსტრუქცია არ მოუყოლებია. ეჭვი მღრღნის, არც ბრიუსელში აქვთ ეს ცნება კარგად გააზრებული.

ერთადერთი, ვინც ზუსტი დეფინიცია მოგვცა, ჩვენი ხელისუფლებაა: პოლარიზაცია იმას ჰქვია, როცა ოპოზიცია მას აკრიტიკებს. შესაბამისად, ევროპის ამ მითითების შესრულებაზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.

ზოგი ქართველი ანალიტიკოსი, კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ სინამდვილეში პოლარიზაცია საერთოდ არ გვაქვს (ნეტავ, გვქონდეს!). ისინი გულისხმობენ, რომ, პატარა ელიტის მიღმა, ქართული საზოგადოების წევრებს დაახლოებით ერთი და იგივე უნდათ, მაგრამ ზოგს რატომღაც ერთი პოლიტიკური ლიდერი მოსწონს, სხვას - მეორე, უმრავლესობას კი - არც არავინ. თუ ასეა, მაშინ რაღა დავძლიოთ?

მოკლედ, მე ეს სიტყვა, „პოლარიზაცია“ ძალიან მაბნევს. მით უმეტეს გაურკვეველია, როგორ დავძლიოთ ის, რისი მნიშვნელობაც არ გვესმის. ვეცდები, ამ სიტყვას რაღაც კონკრეტული მნიშვნელობა მოვუძებნო.

კარგი და ცუდი პოლარიზაცია

დავიწყებ იმით, რომ ისტორიულად დემოკრატია პოლარიზაციით იწყება. მე-17 საუკუნის ინგლისი მეფის და პარლამენტის მომხრეებს შორის პოლარიზდა: ეს სამოქალაქო ომით დამთავრდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ კონფლიქტიდან თანამედროვე ტიპის დემოკრატია ამოიზარდა. ამის შემდეგაც, დემოკრატიას დაპირისპირების გარეშე არსად უარსებია, თუმცა კონკრეტული საკითხები, რის გამოც საზოგადოება იყოფოდა, იცვლებოდა. ამ პოლუსებს ხშირად „მემარჯვენეს“ და „მემარცხენეს“ უწოდებდნენ, თუმცა ამ სიტყვებს სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობა ეძლეოდა.

ოღონდ „კონსოლიდირებული“, მარტივად - სტაბილური და შედარებით დალაგებული დემოკრატია არსებულ დაპირისპირებებს ისეთ კალაპოტში აქცევს, რომ სამოქალაქო მშვიდობას საფრთხე არ ექმნება.

გამოდის, რომ პოლარიზაცია კი არ უნდა უარვყოთ, არამედ მისი კარგი და ცუდი ვარიანტები გავარჩიოთ. ცუდი ვერსია ისაა, როცა დაპირისპირება კონსტიტუციურ კალაპოტში ვეღარ ეტევა და ძირეულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და სამოქალაქო მშვიდობას უქმნის საფრთხეს. მაგალითად, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა დონალდ ტრამპმა ეს შედეგი არ მიიღო და თავისი მომხრეები კონგრესში შესაჭრელად წაახალისა (რაც, საბოლოოდ, სისხლისღვრით დამთავრდა), ცხადი გახდა, რომ დაპირისპირებამ ძალიან საშიში ხასიათი მიიღო.

მშობლიურ ნიადაგზე რომ გადმოვინაცვლოთ, როცა ხელისუფლება ოპოზიციაზე ამბობს, რომ ის კრიმინალურია და არსებობის უფლება არა აქვს, ხოლო მეორე პირველს მოღალატედ, ანუ ქვეყნის მთავარი მტრის მართულად მიიჩნევს, აშკარაა, რომ პოლარიზაციის ძალიან ცუდი ვარიანტი გვქონია. აქ მეორეხარისხოვანია, რამდენად სამართლიანია ერთი ან მეორე მხარის ბრალდებები; მთავარია, რომ ასეთი დაპირისპირების ლოგიკური გამოსავალი ან სამოქალაქო ომია, ან დიქტატურა. ხელისუფლება გვეუბნება: ომი გინდათ? თუ არა, მიიღეთ ჩვენი დიქტატურა. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ზოგი მხურვალე მომხრე გვარწმუნებს, რომ ამ ხელისუფლებასთან კონსტიტუციურ ფარგლებში ბრძოლას აზრი არა აქვს. ესე იგი, რა ვქნათ? ნუგეში მხოლოდ ისაა, რომ არც ერთი მხარე მთლად სერიოზული არ არის, ან რომ ევროპა უფსკრულში გადასაჩეხად რაღაცნაირად არ გაგვწირავს (არ მკითხოთ, როგორ).

ამერიკისგან მთავარი განსხვავება ისაა, რომ მათთვის ასეთი ტიპის პოლარიზაცია კრიზისი და უკანდახევაა, ჩვენ კი სხვანაირი პოლიტიკა არც არასოდეს გვცოდნია. თუ დაპირისპირება მწვავდება, ის ძალადობის ზღვარზე აღმოჩნდება ან მას სცდება. ამის რეალური ალტერნატივაა არა ის, რასაც დასავლეთში ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს უწოდებენ, არამედ საზოგადოებრივი აპათია. სანამ ამ ორს შორის გვაქვს ასარჩევი, საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატია ოცნებად დარჩება.

ცუდი პოლარიზაციის სხვა განმარტება

ამოიწურება თუ არა პოლარიზაციის სიცუდე იმით, რომ ის სამოქალაქო მშვიდობას უქმნის საფრთხეს? ჩემი დაკვირვებით, ადამიანები, ვინც ამ თემაზე საუბრობს, რაღაც სხვასაც გულისხმობს. ამ სხვის აღსაწერად სხვა ტერმინს შემოგთავაზებთ: დისკურსის დეგრადაციას ან, რომ გავაქართულო, მსჯელობის გამდარებას. ცუდი პოლარიზაცია რადიკალურად ამდარებს პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის ხარისხს.

რატომ ხდება ეს? ისევ ცოტა შორიდან დავიწყებ. ადამიანები ზოგადად მიდრეკილნი არიან დაიყონ დაპირისპირებულ ჯგუფებად, რომელშიც „ჩვენიანი“ განსაზღვრების თანახმად კარგია, ხოლო მოწინააღმდეგე - ცუდი. ინდივიდის ნებისმიერი მოქმედება და გამონათქვამი ფასდება იმის მიხედვით, რამდენად შეესაბამება ის ჯგუფის განწყობებს; უცხოს დაკნინება და დემონიზაცია, ჩვეულებრივ, მოწონებას იმსახურებს. რაკი ასეა, თითოეული ჯგუფის შიგნით შეჯიბრი მიმდინარეობს: ვინც საპირისპირო მხარის მიმართ მეტ შეურიგებლობას გამოიჩენს, იგებს, ხოლო არასაკმარისად მკვეთრი პოზიცია შეიძლება მოწინააღმდეგის ფარული აგენტობის ბრალდებითაც კი დაისაჯოს.

თავისიანსა და უცხოს შორის დაყოფა ჩაპროგრამებულია ადამიანის ბუნებაში: ეს მექანიზმი უკვე ბიოლოგიურ დონეზეცაა შესწავლილი. ჩვენი შორეული წინაპრებისთვის „უცხო“ უპირველეს ყოვლისა, უცხოტომელს ნიშნავდა: მასთან საბრძოლველად ყოველთვის მზად უნდა ყოფილიყავი. ის, რასაც დღეს „ქსენოფობიას“ ვუწოდებთ, ევოლუციურად სასარგებლო იყო: თემი, რომლებსაც მტერთან ბრძოლის მზაობა აკლდა, იღუპებოდა.

დღეს იგივე ინსტინქტი ხშირად სახეცვლილი ფორმით, პარტიული და იდეოლოგიური ვნებების სახით ვლინდება. თანამედროვე განათლებული ადამიანისთვის ძველმოდური „ქსენოფობია“ სამარცხვინოა, თუმცა იდეოლოგიური მოწინააღმდეგის დაკნინება და დეჰუმანიზაცია - სრულიად მისაღები.

ამით იმის თქმა არ მინდა, რომ თითოეული ჩვენგანი განწირულია, უცხოს სიძულვილის ინსტინქტით იმართებოდეს; მაგრამ რაკი საამისო მექანიზმი ღრმად გვაქვს გამჯდარი, ის ადვილად აქტუალიზდება, თუ სოციალური გარემო აქეთკენ გვიბიძგებს.

ბოლო ხანებში ასეთ წამახალისებელ გარემოდ სოციალური ქსელები იქცა. ბევრი მკვლევარი პოლარიზაციის ტოქსიკური ფორმების გავრცელებას, ნაწილობრივ მაინც, მათ აბრალებს. მაგალითად, ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიდტი და მედიის მკვლევარი ტობიას როუზ-სტოკველი პოლარიზაციის ტოქსიკური ფორმების გავრცელებას ახალი საკომუნიკაციო პლატფორმების, ფეისბუკის და ტვიტერის, გავრცელებას უკავშირებენ.

ცხადია, მათ შემქმნელებს ასეთი რამე ჩაფიქრებული არ ჰქონიათ. პირიქით, თავდაპირველად არსებობდა იმედი, რომ ამ პლატფორმების მეშვეობით სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა დისკუსიებში საჯარო სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე, ეს კი მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდიდა და დემოკრატიას გააღრმავებდა.

ტექნიკურად, ეს მოლოდინი გამართლდა: რიგით ადამიანს გაცილებით უფრო გაუადვილდა, ტრადიციული მედიის შუამავლობის გარეშე გაევრცელებინა თავისი შეხედულებები და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინა. მაგრამ ამას მოყვა გაუთვალისწინებელი შედეგი: კატასტროფულად დაეცა საზოგადოებრივი დისკუსიის ხარისხი.

ეს ძირითადად, ორ რამეს ნიშნავს. კომპიუტერის თუ სმარტფონის ეკრანთან განმარტოებული „იუზერები“ უფრო აგრესიულები, შეუწყნარებლები და უზრდელები არიან, ვიდრე იგივე ადამიანები რეალურ ცხოვრებაში. მეორეც, სოციალურ ქსელებში გამართული დისკუსიები უმეტეს შემთხვევაში ინტელექტუალურად პრიმიტიული და ნიუანსებისგან დაცლილია. აქ კარგად იყიდება ყალბი ამბები და შეთქმულების თეორიები, რომლებიც სერიოზულ მედიაში მიუღებელი იქნებოდა.

სოციალური ქსელების ეს ეფექტი ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარეობს. „თავისიანების“ მიერ აღიარება და შექება, ჯგუფის ორგანულ წევრად ყოფნა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნილებაა. სოციალური ქსელები იძლევა საშუალებას, ადამიანებმა მათთვის სასურველი „ბაბლები“ იპოვონ და მათში კომფორტულად იგრძნონ თავი. ამაში სოციალური მედიის პლატფორმების ალგორითმები ეხმარება; გზავნილების „დალაიქების“ და გაზიარების ფუნქციები ძირითადი მექანიზმია, რითაც ბაბლები იქმნება.

თავის მხრივ, ბაბლის შიგნით თავის დასამკვიდრებლად კარგად ფასობს სხვების ქცევით მორალური აღშფოთება, მათი შეთქმულებების მხილება და დაცინვა. მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების ასეთი თვისებები გამოიკეთა, ამას დაემატა შეგნებული მანიპულაციები ტროლების და ბოტების ჩართვით.

როგორც ყველაფერში, განზოგადებები აქაც სახიფათოა: სოციალურ ქსელებს ბევრი გონიერი ადამიანიც იყენებს და მათი მეშვეობით ბევრი ღირებული და ყურადსაღები რამ შეიძლება გაიგო. აქ ლაპარაკია ზოგად ტენდენციებზე, რაც სოციალურმა ქსელებმა წაახალისა და რამაც საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოახდინა.

მკვლევრების აზრით, ფეისბუქის და ტვიტერის აღწერილი ეფექტი დაახლოებით 2012-13 წლებისთვის ჩამოყალიბდა. სწორედ ამ დროიდან იწყება ის ცვლილებები განვითარებული დემოკრატიების პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც ანალიტიკოსებმა მერე „პოპულიზმი“ და „პოლარიზაცია“ დაარქვეს. მათი მთავარი ნიშანი იყო წინა პლანზე ისეთი ფიგურების გამოსვლა, ვინც რადიკალიზმს, უკომპრომისობას, მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაციას და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას უმთავრეს სიქველედ აცხადებს.

ამერიკაში ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად ჩაითვალა დონალდ ტრამპი, რომელმაც, მოულოდნელად, ჯერ რესპუბლიკური პარტია არსებითად გარდაქმნა, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი გახდა. თუმცა, ცვლილებებს მხოლოდ „მემარჯვენე“ სპექტრი არ მოუცავს: რადიკალები ე.წ. „ვოუქიზმის“ და სხვა ექსტრემალური მიმდინარეობების სახით, მარცხენა ფლანგზეც მომძლავრდნენ. დემოკრატიისთვის სერიოზულ ხიფათს სწორედ ის ქმნის, რომ ორივე ძირითადი პარტიის შიგნით რადიკალებმა ზომიერები დაჩრდილეს.

შეიძლება ვიდავოთ, რამდენად გადამწყვეტი იყო ამ ყველაფერში სოციალური ქსელების როლი. მათ პრინციპულად ახალი არაფერი შეუქმნიათ, არამედ გააძლიერეს და გაამკვეთრეს ის, რაც ადამიანებს ყოველთვის ახასიათებდათ. მთავარია შედეგი: პოლიტიკაზე, საჯარო პრობლემებზე მსჯელობის ხარისხი სულ უფრო მდარე ხდება, ამას კი მდარე ლიდერების აღზევება მოსდევს, რომლებიც ხალხს ერთგანზომილებიანი იდეოლოგიებით და შეთქმულების თეორიებით წარმატებით აწონებენ თავს.

ყოველივე ამის შემდეგ, ლოგიკურია დავსვათ კითხვა, თუ „პოლარიზაციის“ ძირი იმაშია, რაზეც ახლა ვილაპარაკე, როგორ უნდა მივაღწიოთ „დეპოლარიზაციას“? როგორ უნდა დავძლიოთ სიმდარე? პრიმიტივიზმი ავკრძალოთ? სოციალური ქსელების რეგულაცია, რაზე ლაპარაკიც დღეს დასავლეთში ასე პოპულარულია, ამას ნამდვილად ვერ უშველის.

ასე გაგებული პოლარიზაციის საპირისპირო შეიძლება იყოს არა რაიმე რეგულაციები ან თუნდაც მასების განათლება, არამედ პრაგმატული საღი აზრი, რომელიც ადამიანების უმრავლესობას გააჩნია. მან აღტყინებულ რადიკალიზმს უნდა აჯობოს. ვიცი, ეს ძალიან ზოგადად და ფილოსოფიურად ჟღერს, მაგრამ უფრო კონკრეტულს და საიმედოს ვერაფერს ვხედავ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG