"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პატრიარქის ეს გზავნილი, ამ ეტაპზე, არ გულისხმობს აბორტის შესახებ კანონის საკანონმდებლო დონეზე ცვლილებას.
„როცა სოციალურ ქსელში ვითხოვე რჩევა აბორტის შესახებ, ზოგიერთმა ისე გამლანძღა, პატრიარქის ეს სიტყვები უცნაურად თუ სასტიკად აღარ მომჩვენებია“, - მეუბნება 34 წლის ეკა [მისი სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით - რ.თ.].
ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მიზეზი რთული ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობის პრობლემა გახდა. აბორტი რამდენიმე თვის წინ გაიკეთა. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახში მხოლოდ ქმარი მუშაობს:
„აბორტის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კი მიმიღია. ვინანე სოციალურ ქსელში რომ ვიკითხე რჩევა, რადგან ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და ისეთი უარყოფითი კომენტარები წამოვიდა, თავს დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ.
არადა, სხვა გამოსავალი პირადად მე არ მქონდა - არც ფიზიკურად, არც ეკონომიკურად. მე სხვის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. მე ჩემი მიზეზები მქონდა“, - ეკას ამ თემაზე მეტი საუბარი არ სურს.
17 მაისს სამების ტაძრის ეზოში საქართველოს 142-ე პატრიარქმა ამასთანავე მრავალშვილიანობის სიკეთესა და ბავშვების იოლად გაზრდის გზაზეც ისაუბრა:
„სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, ეს ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს. მადლს ჰფენს. როგორც ვიცით მრავალშვილიანი ოჯახებისგან, მშობლებისგან, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე რთულია, მერე და მერე ბევრად კლებულობს სირთულეები, უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა“.
მართალია, აბორტი და შობადობა პირდაპირ არ შეუპირისპირებია ერთმანეთთან შიო მესამეს, მაგრამ შეეცადა ამ გზავნილებით დაენახვებინა მრევლისთვის, საზოგადოებისთვის ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემასთან, კონკრეტულად კი შობადობასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ეს გამოწვევები რომ აბორტთან კავშირში არაა, ამაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ ის ექიმები, მკვლევრები და ქალთა უფლებების დამცველები, რომლებისთვისაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი საქმეა.
რას ჰყვებიან რიცხვები - აბორტი VS შობადობა?
თუკი ოფიციალურ რიცხვებს, "საქსტატის" მონაცემებს ჩავხედავთ, საქართველოში შობადობა უკვე რამდენიმე წელია იკლებს.
აი, მაგალითად, 2017 წელს ქვეყანაში 53 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 37 867-მდე შემცირდა.
თუმცა, ამის პარალელურად, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული აბორტების მაჩვენებელიც.
- "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" მონაცემებით:
2023 წელს საქართველოში 14 884 აბორტი გაკეთდა; - 2022 წელთან შედარებით თითქმის 3000-ით ნაკლები.
- ამავე წყაროს ცნობით, 2018 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 22 733 აბორტი.
- 2017 წელთან შედარებით, ეს მონაცემი 9%-ით იყო შემცირებული.
- 2016 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში აბორტების რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს.
ქალთა უფლებადამცველები, მკვლევრები, სოციოლოგები საქართველოში შობადობის შემცირებას არა აბორტს, არამედ სულ სხვა ფაქტორებს უკავშირებენ. მათ შორის - ეკონომიკურ სირთულეებს, ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელს.
თუკი კვლავ "საქსტატის" მონაცემებს დავეყრდნობით, მაგალითად:
- 2025 წელს ემიგრანტთა რაოდენობამ 114 374 შეადგინა.
- 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი.
- 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა 244 966 მოქალაქე.
რაც შეეხება ეკონომიკურ სირთულეებსა და იმას, თუ რის გამო შეიძლება ქვეყანაში შემცირებულიყო შობადობის მაჩვენებელი, შეგვიძლია ისევ ოფიციალურ რიცხვებს დავეყრდნოთ და მათ შორის, განსაკუთრებით სწორედ ბავშვები გამოვყოთ.
სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.
„საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშნული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა“.
2024 წლის მონაცემებით, ამავე ბაზაში დარეგისტრირებული იყო თითქმის 7%-ით ნაკლები ბავშვი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესი, 2025 წლის კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიოში შობადობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეხება და რომელიც საქართველოსაც მოიცავს, რეპროდუქციული ასაკის ადამიანების 20% ამბობს, რომ არ შეუძლია ჰყავდეს იმდენი შვილი, რამდენსაც ისურვებდა. ამ კვლევისთვის გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ფინანსური პრობლემები უშლის ხელს ჰყავდეს იმხელა ოჯახი, რამხელასაც ისურვებდა.
ჯერ კიდევ პატრიარქის მოსაყდრე იყო მიტროპოლიტი შიო მუჯირი, როდესაც გასული წლის 17 მაისს აბორტის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა:
„ჩასახული ემბრიონი არის ადამიანი და ადამიანის მოკვლა არ შეიძლება... არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში გოგოებთან და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს“, - თქვა მან და დასძინა: „და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს“.
როგორი რეგულაციები აქვს დღეს საქართველოს აბორტთან დაკავშირებით?
2024 წლის 1 იანვრიდან, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულნი არიან, ხუთდღიანი სავალდებულო მოსაფიქრებელი პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან გაიარონ, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც - „სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ, ექიმის საკონსულტაციო ოთახში“. ეს ცვლილება "ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში 2023 წლის ოქტომბერში შევიდა.
ცვლილება შეეხო აბორტის გაკეთების ვადებსაც. მათ შორის, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა შეიძლება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. პროცედურას ატარებს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ საკოორდინაციო საბჭოს.
„კანონის კიდევ უფრო გამკაცრება სრულად შეზღუდვას ნიშნავს“
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს მოსახლეობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული განვითარების საკითხებზე. ორგანიზაცია ქვეყნებს ეხმარება დემოგრაფიული ტენდენციების კვლევაში, მოსახლეობის მონაცემების ანალიზში და ისეთი პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც დაკავშირებულია შობადობასთან, მოსახლეობის დაბერებასთან, მიგრაციასთან და ახალგაზრდების მდგომარეობასთან.
ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ 1999 წლიდან იკვლევს და აგროვებს საქართველოში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის გზით არსებულ მონაცემებს.
გიორგი მატარაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბორტთან დაკავშირებით მონაცემები შესაძლოა არაზუსტი იყოს, ფაქტი ერთია, ქვეყანაში აბორტების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს:
„პირველი ასეთი კვლევა საქართველოში ჩავატარეთ 1999 წელს, USAID-ის დახმარებით. მაშინ ერთ ქალზე მოდიოდა 3,7 აბორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ქალი დაახლოებით 4 აბორტს იკეთებდა ცხოვრების განმავლობაში. ეს მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 0,9-მდე დავიდა; 2024 წელს ჩატარებული ამავე კვლევის თანახმად, მონაცემი შემცირდა 0,5-მდე. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია. მაგრამ ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ აბორტების რიცხვის შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში არ გაზრდილა შობადობა.
არცერთ ქვეყანას მსოფლიოში აბორტის აკრძალვით დემოგრაფიული პრობლემა არ გადაუჭრია. ვერ მოგვარდება ეს ამ გზით და ამის მიზეზები ბევრად უფრო ღრმად, სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უნდა ვეძიოთ. საჭიროა ოჯახზე მორგებული პოლიტიკის გატარება, მაქსიმალური ხელშეწყობა ახალგაზრდა ოჯახებისთვის“, - ეუბნება გიორგი მატარაძე რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, რამაც შესაძლოა აბორტების რიცხვი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამციროს, ეს არის ხელმისაწვდომი თანამედროვე კონტრაცეფციები, რისი ვალდებულებაც ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო, თუმცა ვალდებულება ამ დრომდე არ შესრულებულა:
„სამწუხაროდ, ქვეყანაში კონტრაცეფციების მოხმარების საერთო დონე ბოლო ორი ათწლეულია, კლებულობს, რადგან დონორ ორგანიზაციებს ისინი აღარ შემოაქვს.
ჩვენი ადვოკატირებით, 2017 წელს სახელმწიფომ დედათა და ახალშობილთა სტრატეგია მიიღო, სადაც გაწერილია, რომ უფასო კონტრაცეფციების ხელმისაწვდომობის ვალდებულება სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, რომ 2030 წლამდე ის შეძლებდა თანამედროვე კონტრაცეფციების უფასო მიწოდებას მოწყვლადი ჯგუფებისათვის - ახალგაზრდობა და სოციალურად დაუცველი ადამიანები, მაგრამ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა“.
გიორგი მატარაძეს მიაჩნია, რომ აბორტის შესახებ კანონის კიდევ უფრო მეტად გამკაცრება, ფაქტობრივად, აბორტის აკრძალვას ნიშნავს:
„ძალიან სამწუხაროა, თუკი აქამდე მივა საქმე. საქართველოში აბორტის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა უკვე მაქსიმალურ დონეზეა. საკანონმდებლო დონეზე იქნება ეს თუ მინისტრის ბრძანებების დონეზე, რომელიც 2023 წლის მიწურულს შემუშავდა...ამის იქით შეზღუდვა აღარ არსებობს. ამის იქით მხოლოდ აკრძალვაა.
ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია ამ მხრივ არის ძალიან მკაფიო და ნათელი. აბორტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მიჩნეული უსაფრთხო სამედიცინო პროცედურად, იმ შემთხვევაში, თუკი ის ტარდება შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში და შესაბამისი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალის მიერ.
და თუკი ქვეყანაში აბორტი კანონით დაშვებულია, ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - ეუბნება გიორგი მატარაძე რადიო თავისუფლებას.
რა საფრთხეები დაინახეს ექიმებმა და მკვლევრებმა პატრიარქის გზავნილებში?
ეკა კვირკველიას, რომელიც გინეკოლოგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტია, პერიოდულად უწევს იმ ქალებთან კომუნიკაცია, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებულნი არიან, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გზას მიმართონ.
ის რადიო თავისუფლებასთან საუბრობს საკუთარი გამოცდილების შესახებ, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით დაუგროვდა და ამბობს, რომ ქალებს, რომლებიც აბორტის გადაწყვეტილებამდე მიდიან, საკმაოდ რთული ემოციური მდგომარეობა აქვთ:
„მათთან ურთიერთობა იმ დრომდე მაქვს, სანამ სპეციალურ დაწესებულებაში გადავამისამართებ, კოლეგებთან. კომუნიკაცია ყოველთვის არის ძალიან ინდივიდუალური და ემოციურად რთული. ქალების უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას არ იღებს მარტივად. პირიქით, ეს არის ხშირად მძიმე შინაგანი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანმრთელობის ან პირად გარემოებებთან.
ექიმი ამბობს, რომ მიზეზები მრავალფეროვანია:
"არასასურველი ან დაუგეგმავი ორსულობა, პარტნიორული ძალადობა ან მხარდაჭერის არარსებობა, ჯანმრთელობის რისკები ან უკვე არსებული ოჯახის და რესურსების რეალობა. ძალიან იშვიათად, რომ ეს იყოს „მარტივი არჩევანი“, უფრო ხშირად ეს არის გადაწყვეტილების ურთულესი პროცესი.
სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ამ გადაწყვეტილებაზე წვდომა იყოს უსაფრთხო, მედიკამენტურად კონტროლირებადი და თავისუფალი სტიგმისგან“, - ეუბნება ეკა კვირკველია რადიო თავისუფლებას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება აბორტის შესაძლო აკრძალვის ან კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, სავარაუდოა, რომ დღის წესრიგში დადგეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა:
„აბორტის შეზღუდვა არ ამცირებს მის რაოდენობას და საჭიროებას, ის მხოლოდ ცვლის მის პირობებს - ხდება კრიმინალიზებული და კლინიკებიდან გადაინაცვლებს არასტერილურ, კუსტარულ სარდაფებში. ისტორიულად და თანამედროვე მონაცემებითაც ჩანს, რომ ასეთ შემთხვევებში იზრდება დაურეგულირებელი, არალეგალური ან თვითმართვადი აბორტების რისკი, რაც პირდაპირ კავშირშია გართულებებთან - ინფექციებთან, ძლიერ სისხლდენასთან, არასრულ აბორტთან, გრძელვადიან პერსპექტივაში უნაყოფობასა და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებთან - მენჯის ღრუს ინფექცია, სეფსისი, სიკვდილი. სწორედ ეს გართულებები შეიძლება გახდეს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ზიანის მიზეზი, მათ შორის მომავალში რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების - უნაყოფობა/უშვილობა“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რაზეც ეკა კვირკველია ყურადღებას ამახვილებს, ეს არის სამედიცინო გადაწყვეტილებების „კრიმინალიზაციის შიში“:
„როდესაც ექიმები მუშაობენ სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში, განსაკუთრებით ორსულობის გართულებების, მაგალითად , თვითნებითი აბორტის ან არასრული აბორტის მართვისას, ზოგჯერ ჩნდება ჩარევის დაგვიანების რისკი. მედიცინაში კი, განსაკუთრებით გინეკოლოგიურ გადაუდებელ მდგომარეობებში, დრო პირდაპირ არის დაკავშირებული შედეგთან“.
საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგ რევაზ ბოჭორიშვილისთვის შიო მესამის გზავნილები აბორტის შესახებ მხოლოდ რიგითი ქადაგების რიგითი შემადგენელი ნაწილი არ ყოფილა.
ის თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ მგრძნობიარეა, ამ გზავნილების შემდეგ ექიმები ვალდებული არიან, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დასაცავად და სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, აბორტის შესახებ კანონის გამკაცრების, შესაძლო აკრძალვის პერსპექტივის საპირწონედ იმ საფრთხეებზე ილაპარაკონ, რაც, როგორც წესი, მსგავს გადაწყვეტილებებს მოჰყვება ხოლმე.
რევაზ ბოჭორიშვილს მაგალითად მოჰყავს გასული საუკუნის 60-იან წლებში რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ნიკოლაე ჩაუშესკუს გადაწყვეტილება, რომელმაც N770 განკარგულებით, შობადობის გაზრდის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და რუმინეთში ოფიციალურად აიკრძალა აბორტი:
„მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პოლიტიკამ შედეგი გამოიღო: ერთი წლის შემდეგ ერთ ქალზე ბავშვების საშუალო რაოდენობა 1,9-დან 3,7-მდე გაიზარდა. თუმცა შობადობის მაჩვენებელმა მალევე კვლავ იკლო, რადგან ქალებმა აკრძალვის გვერდის ავლის გზები იპოვეს.
სასოწარკვეთილი ქალები იძულებულნი ხდებოდნენ, ფარული და სახიფათო აბორტებისთვის მიემართათ, ხშირად სახლში, არასანიტარიულ და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში. ჩაუშესკუს რეჟიმის დაცემამდე და დეკრეტის გაუქმებამდე, სავარაუდოდ, 10 000-ზე მეტი ქალი დაიღუპა სახიფათო აბორტების შედეგად. რეალური რიცხვი, დიდი ალბათობით, გაცილებით მაღალი იყო“, - ამბობს რევაზ ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება აბორტის აკრძალვას გადაწყვეტს, ქალები უფრო მეტ ბავშვს არ გააჩენენ:
„შესაძლოა შობადობა დროებით მართლაც გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ მოხდება ის, რაც რუმინეთში მოხდა: უპირველეს ყოვლისა, გაიზრდება ქალთა სიკვდილიანობა და ეს ყველაზე მეტად სწორედ ყველაზე დაუცველებს დააზარალებს. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამასვე ადასტურებს“, - ამბობს ექიმი.
შობადობის გაზრდის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი გზა რომ აბორტის აკრძალვა არაა, ამას ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ჭელიძეც, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი.
მისი თქმით, თუკი ქვეყანას აბორტების რიცხვის შემცირება სურს, მაშინ აუცილებელია გაიზარდოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება, ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე, მათ შორის, კონტრაცეფციებზე ხელმისაწვდომობა, სქესობრივი განათლება:
„ადამიანს აქვს უფლება, ეს არის რეპროდუქციული უფლება, რომ თავად განსაზღვროს, რამდენი შვილი უნდა, როდის და რა ინტერვალით. 10-12 ბავშვის გაჩენა ქალს, ოჯახს, სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება არ სურდეს. თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ მას ეს უფლება წაართვას, მაშინ გააჩნია, ჩვენ როგორი სახელმწიფო ვხვდებით - ამ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ კიდევ უფრო გაიზრდება მიგრაციის რიცხვი და თუკი დემოგრაფიაზე ზრუნავენ, მაშინ შესაძლოა მივიღოთ ის, რომ ვნახავთ რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის გადინებას.
თუ აბორტის რიცხვის შემცირება გვინდა, უნდა გაიზარდოს სქესობრივი ცხოვრების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობა. თუკი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გვინდა, უნდა გაიზარდოს ოჯახების სოციალური მხარდაჭერა. თუკი წავალთ აკრძალვების გზით, მაშინ დავდგებით დედათა სიკვდილიანობის ზრდის საფრთხის წინაშე“, - მიაჩნია ქეთი ჭილაძეს.
რას ამბობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები?
„არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, როდესაც პატრიარქი ოჯახთან დაკავშირებული ქადაგების დროს მოუწოდებს, რომ აბორტი იყოს მაქსიმალურად შეზღუდული“, - ასე პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პატრიარქის ქადაგების შინაარსის შესახებ და ამბობს:
„რაც შეეხება საკანონმდებლო დონეზე [აკრძალვას], ასეთი საკითხი არ განიხილება და მე ეჭვი მაქვს, რომ ალბათ არც მოხდება ამ საკითხის სამართლებრივ დონეზე დაყენება გამომდინარე იქიდან, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან ბევრი, გაცილებით უფრო ნეგატიური თანმხვედრი მოვლენები“.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური კი მოუწოდებს ჟურნალისტებს, „წინ ნუ გაუსწრებენ მოვლენებს“:
„ყველაფერს აქვს წესი, ფორმა და მსჯელობა და დისკუსია და ა.შ. ... მე რაც შემიძლია გითხრათ, ბუნებრივია, იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ის, რომ ჩვენს ქვეყანას დემოგრაფიულად ნამდვილად სჭირდება განვითარება და გამრავლება... ანუ დავაინიცირებთ თუ არ დავაინიცირებთ, ეს, გეუბნებით, რომ აუცილებლად ამას სჭირდება სკრუპულოზური მსჯელობა“.
საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ეპისტოლეებში აბორტის თემა წლების განმავლობაში პერიოდულად ჩნდებოდა, განსაკუთრებით 2010-იან წლებში, როდესაც ეკლესია დემოგრაფიულ კრიზისსა და შობადობის შემცირებაზე საუბრობდა.
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში, პატრიარქმა აბორტი „მეგა-გამოწვევად“ მოიხსენია და ის ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს დაუკავშირა: „განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის“, - ეწერა 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში.
მიუხედავად იმისა, რომ აბორტი სრულად არ არის აკრძალული, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტის შესახებ, პოლონეთს აქვს.
იქ აბორტის მარეგულირებელი ძირითადი კანონი 1993 წელს მიიღეს, თუმცა მისი მოქმედება მნიშვნელოვნად გამკაცრდა 2020–2021 წლებში.
2020 წლის 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ნაყოფის მძიმე და უკურნებელი განვითარების დარღვევები აღარ ითვლება ორსულობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2021 წლის 27 იანვარს.
ამ ცვლილებების შედეგად პოლონეთში აბორტი კანონიერად დასაშვებია მხოლოდ ორ შემთხვევაში:
1. როცა ორსულობის გაგრძელება საშუალო ან რეალურ საფრთხეს უქმნის ორსულის სიცოცხლეს;
2. როცა ორსულობა დადგა ძალადობის შედეგად.
კანონის ცვლილებებს პოლონეთში მასობრივი აქციები მოჰყვა. აქციები კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოდიოდა. 2021 წლის შემდეგ პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეგულაციების მქონე ქვეყნად ითვლება აბორტის საკითხში.
ფორუმი