Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაყინავს „აგენტების კანონი“ მყიფე კავშირებს აფხაზებსა და ოსებთან 


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2024 წლის 18 მაისი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია თბილისში. 2024 წლის 18 მაისი

ვინ დაელაპარაკება აფხაზებს და ოსებს, თუკი კონფლიქტების დარეგულირებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, „აგენტების კანონის“ გამო გაჩერდებიან?

ვერავინ - მიიჩნევენ ის ორგანიზაციები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ. 30-ზე მეტი წლის მცდელობა, დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთისკენ გზა ეპოვათ, წყალს მიჰყვება.

90-იანი წლებიდან მოყოლებული საზოგადოება ომის შედეგებს ებრძვის. ამ ბრძოლაში იგულისხმება როგორც 300 ათასამდე დევნილის პატრონობა, ასევე აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენა. ეს სამუშაო თავიდანვე არასამთავრობო სექტორმა იტვირთა, რადგანაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დღევანდელ მოსახლეობას საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან საქმის დაჭერა არც სურდათ და ხშირად არც შეეძლოთ.

„აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მიიღო, არც აფხაზეთისთვის არის უცხო. ამ კანონზე სოხუმში 2014 წლიდან ლაპარაკობენ, მაგრამ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო დღემდე არ მიუღიათ. „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი მიშა ჩახუა ამბობს, რომ აფხაზეთში კარგად ხვდებიან, კანონი სამოქალაქო საზოგადოების იმ პატარა პლატფორმასაც მოსპობს, რომელიც იქ დღემდე შემორჩა.

მიშა ჯახუა
მიშა ჯახუა

„რამდენჯერმე სცადეს „აგენტების კანონის“ ინიციირება აფხაზეთში, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებამ თავის აუდიტორიას აჩვენა, თუ რა როლი და სარგებელი აქვთ მათ“, - ამბობს მიშა ჯახუა.

კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც აფხაზეთში „აგენტების კანონი“ არ გავიდა, ჯახუა რუსეთის ბოლო წლების პოლიტიკას მიიჩნევს - თავისი გავლენის გაძლიერების მცდელობას ისეთი პროექტებით, როგორიცაა ბიჭვინთის აგარაკების დასაკუთრება, აპარტამენტების კანონი და ოჩამჩირის პორტის საკითხი. შესაბამისად, ეს კანონიც ხალხისთვის მორიგი რუსული სვლა იყო.

სოხუმში „აგენტების კანონის“ შეჩერება მოახერხეს, მაგრამ მოულოდნელად ის მიიღო თბილისმა, რაც სამშვიდობო პროცესისთვის კიდევ უფრო მტკივნეულია. კონფლიქტის დარეგულირების კუთხით ძირითადად ქართული არასამთავრობო სექტორი მუშაობდა - აფხაზებისგან განსხვავებით, სწორედ ქართველებს ჰქონდათ წვდომა დასავლურ ორგანიზაციებსა და დონორებთან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისში მიმდინარე მოვლენებისადმი ორგვარი დამოკიდებულება აქვთ. საზოგადოების მცირე ნაწილი საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაბარგებას პრობლემად არ მიიჩნევს, მაგრამ სხვები, განსაკუთრებით აფხაზეთში, ფიქრობენ, რომ თბილისის შემდეგ ეს კანონი სწორედ მათთან ამუშავდება.

„ეს აფხაზეთის სრულ იზოლაციას ნიშნავს, რადგან იქ თუ რამე კეთდება, დასავლური ფონდების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ამის გარეშე იქნება მხოლოდ რუსული რბილი ძალა, რომელიც მთლიანად ანექსიისკენ არის მიმართული და ამას აფხაზეთში უკვე ყველა ხვდება, - ამბობს უჩა ნანუაშვილი, - ალტერნატივად დარჩება გორჩაკოვის ფონდი, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. გამოდის, მხოლოდ რუსეთს ვუტოვებთ ამ სფეროში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობას“.

დონორებზე არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დამოკიდებული, არამედ სახელმწიფოც. „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ წარმომადგენელს ზურაბ ბენდიანიშვილს მაგალითად მოჰყავს „მშვიდობის ფონდი“, რომელიც სახელმწიფომ დააარსა, მაგრამ მთლიანად დონორები აფინანსებენ. თან ამ სფეროში სახელმწიფო პროგრამების არასამთავრობო სექტორის გარეშე განხორციელება უბრალოდ არ გამოდის.

„უჩვენოდ ვერაფერს აკეთებს სახელმწიფო. მაგალითად, პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ განათლებას და ეკონომიკურ განვითარებას ეხება, მაგრამ თუ მასში სამოქალაქო საზოგადოება არ ჩაერთო და ბენეფიციარები არ მოიყვანა, ეს პროგრამა ჰაერში იქნება გამოკიდებული, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი - ჯანდაცვის პროექტის სერვისებიდანაც ბევრი რამ რეფერალური პროგრამებით არ ფინანსდება და დონორები აფინანსებენ, მაგალითად, დიაგნოსტიკა, ჩამოყვანა, დაბინავება“...

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მიიღო. ამ კანონის მიხედვით, ორიოდე თვეში არაკომერციული ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა უცხოური, გავლენის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG