Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატების წარმოდგენები ქალთა უფლებებზე


“ქალთა მოძრაობის” ინიციატივით 4 ოქტომბერს ქალები და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატებს უნდა შეხვედროდნენ და მათგან მოესმინათ, ერთი მხრივ, რას ფიქრობენ პოლიტიკოსები სხვადასხვა გენდერულ საკითხებზე და, მეორე მხრივ, რა გამოსავალს ხედავენ ქალთა უფლებების დაცვისას არსებული ბარიერებისა და სირთულეების დასაძლევად.

შეხვედრაზე მოწვეული 5 ყველაზე რეიტინგული კანდიდატიდან (სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი) ქალებთან სასაუბროდ მხოლოდ ორი აღმოჩნდა მზად.

მცირე დარბაზში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი ეტევა, ქალები სვამდნენ კითხვებს პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების, დასაქმებისა და დასაქმების ადგილებში დისკრიმინაციის, სექსუალური განათლების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მიგრანტების ლეგალურად დასაქმების, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სხვა მათთვის მტკივნეული საკითხების შესახებ, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი კი ცდილობდნენ ეპასუხათ, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს მათთვის მეგობრული პოლიტიკის წარმოებას.

შეხვედრის დასაწყისში დავით ბაქრაძემ თქვა, რომ შესაძლოა გენდერული საკითხები ის სფერო არ არის, რაშიც ყველაზე კარგად ერკვევა, მაგრამ მისი აქ ყოფნა უკვე დასტურია იმისა, რომ მზად არის უფრო აქტიური იყოს ქალთა უფლებების დაცვისას:

“შეიძლება რაღაც არ ვიცოდე, არ მესმოდეს, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს ეს თემები და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, რომ გამოვხატავ თქვენს მიმართ პატივისცემასაც და ჩემს დამოკიდებულებასაც და ვაღიარებ ქალთა საკითხების მნიშვნელობას.

მე ორი შვილის - ორი გოგოს - მამა ვარ და, როგორც ადამიანს, მინდა, რომ ჩემი შვილები როდესაც გაიზრდებიან, მათ არ ჰქონდეთ პრობლემები იმის გამო, რომ ისინი ქალები იქნებიან. შეიძლება ეს ეგოისტურად ჟღერდეს, მაგრამ მე, როგორც ყველა მამას, მხოლოდ კარგი მინდა ჩემი შვილებისთვის. მინდა ისეთ საზოგადოებაში იცხოვრონ, სადაც არ დაიჩაგრებიან, სადაც მათზე წინ სხვა არ დადგება მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი იქნება და მზად ვარ ამისთვის, როგორც პოლიტიკოსმა, ბევრი რამ გავაკეთო. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და მათი რესურსების გამოყენება დაახლოებით იმას ჰგავს, ადამიანმა ორი ხელის მაგივრად ერთი რომ გამოიყენოს, ან ორი ფეხის მაგივრად ერთით იაროს“.

ქალების უფლებებზე ლაპარაკი პირადი მაგალითით დაიწყო დავით უსუფაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ასეთი შეხვედრები და იქ პოლიტიკოსების აქტიურობა ნათელ წარმოდგენას ქმნის მათ ღირებულებებსა და სანდოობაზე და პოლიტიკურ სივრცეზეც. იმის დასტურად, რომ თვითონ ქალების გაძლიერებას ხელს უწყობს და მომხრეა ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის გაძლიერებისა, თავისი ოჯახი მოიყვანა:

“ქალთა უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კულტურული გარემო, განათლება და შემდეგ უკვე საკუთარი ცხოვრების წესი. ამ ყველაფერს ბევრი რამ განაპირობებს. მე მაქვს სერტიფიკატი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ ქალთა უფლებების აღიარებისას: კახეთში, ქიზიყში, დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა ხელი თინა ხიდაშელს ვთხოვე და, უკვე 20 წელია, მასთან ერთად ბედნიერ ოჯახურ და საქმიან ცხოვრებას ვეწევი. ტესტი იმის შესახებ, გადავლახე თუ არა კულტურული გარემოს და სტერეოტიპების გავლენა, ჩაბარებული მაქვს”.

ის, რომ თუნდაც ქალებთან დიალოგისთვის მზადმყოფ პოლიტიკოსებს ზოგადი საუბარი უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე კონკრეტული გენდერული საკითხების გადაჭრის გზების მოძებნა, ამ შეხვედრამ აჩვენა, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ქალებს შეუძლიათ პოლიტიკოსებს პირადად ელაპარაკონ თავიანთი პრობლემების შესახებ, უკვე დადებითია.

ბაია პატარაია, შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი, ამბობს, რომ: “პოლიტიკოსებმა, ფაქტობრივად, გარისკეს და ისეთ თემებზე სასაუბროდ მოვიდნენ, სადაც ღრმა ცოდნა არ აქვთ და შეცდომებიც ხშირად მოსდით, მაგრამ ამაზე ფიქრი დაიწყეს, თავისი აზრი გაგვიზიარეს. ამის გარეშე დიალოგიც ვერ შედგება და ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს თემა გახდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქალები არიან ამომრჩეველთა უმეტესობა”.

ორსაათიან შეხვედრაზე არაერთხელ თქვეს, რომ ქალებს არაპროპორციულად მაღალი ტვირთი აქვთ, იმისდა მიუხედავად, თუ სად არიან და რას საქმიანობენ. არაპროპორციულად მაღალ ტვირთს ატარებენ მიგრანტი ქალები, შშმ ბავშვების მშობლები, სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლნი, ლგბტ აქტივისტები, ლესბოსელები თუ ტრანსსექსუალები და მათთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეეძლოთ მათი მოსმენა და სწორად რეაგირება.

ერთ-ერთი მიზანი, რისთვისაც „ქალთა მოძრაობა“ პოლიტიკაში ქალების წილის ზრდას ითხოვდა, სწორედ ის არის, რომ ქალებს უკეთ შეუძლიათ ქალებისთვის საჭირო პოლიტიკის წარმოება, თუმცა აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი ერთგვარად ამ იდეის მარგინალიზაციასაც უწყობს ხელს.

ბაია პატარაია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG