Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

9 თებერვალს აზერბაიჯანში ტარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც საკანონმდებლო ორგანო „მილი მეჯლისის“ 125 წევრს აირჩევენ.

ვინაიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის იდეა მმართველ პარტია „ენი აზერბაიჯანს“ („ახალი აზერბაიჯანი“) ეკუთვნის, მოსალოდნელია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტიული მხრდამჭერები და ხელისუფლებასთან დაახლოებული რეგიონალური ლიდერები მიაღწევენ.

„მცირე ინტრიგა“

ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ოპოზიციურ გაერთიანება „ნაციონალურ საბჭოში“ შემავალი ძალები ბოიკოტს უცხადებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან, მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური პირობაც კი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიზნად ისახავს არა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, არამედ ემსახურება ძალაუფლების შემდგომ კონცენტრაციას ერთი ოჯახის ხელში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოულოდნელი აღმოჩნდა ოპოზიციისა და საზოგადოებისათვის, რაც აიოლებს არჩევნების ფალსიფიკაციას“, - განაცხადა ოპოზიციურმა „დემოკრატიული ძალების ნაციონალურმა საბჭომ“, რომელიც ბოიკოტს უცხადებს 9 თებერვლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

აზერბაიჯანის ტრადიციული ოპოზიციური პარტიების („მუსავატი“, „სახალხო ფრონტი“ და „დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო“) მიერ არჩევნების ბოიკოტირების პირობებში, მცირე ინტრიგა მაინც რჩება, „რესპუბლიკური ინიციატივის“ სახით.

„ერთი მხრივ, გარკვეული ინტრიგა არის იმაში, დართავს თუ არა აზერბაიჯანის ხელისუფლება პარლამენტში შესვლის ნებას რომელიმე „ალტერნატიულ“ კანდიდატს შედარებით ლიბერალური და ზომიერი ძალიდან. თუმცა, ცხადია, რომ რომელიმე მათგანის პარლამენტში მოხვედრა ვერ იქნება მნიშვნელოვანი ინდიკატორი ან სიგნალი. ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ალიევს არ სჭირდება სიგნალის გაგზავნა დასავლეთისთვის. ამასთან, თვით ლუკაშენკოც კი ბოლო არჩევნებში იოლად გავიდა ფონს დეკორაციული ოპოზიციის გარეშე“, - ამბობს „ეხო კავკაზას“ მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური „რესპუბლიკური ინიციატივის“ მონაწილეობა 9 თებერვლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში საყურადღებო მოვლენაა. პარტიის ლიდერია ცნობილი პოლიტპატიმარი ილგარ მამედოვი, რომელმაც 4 წელი გაატარა ციხეში მასობრივი აქციის ორგანიზების ბრალდებით და საპატიმროდან მხოლოდ 2018 წელს გათავისუფლდა.

ილგარ მამედოვი
ილგარ მამედოვი

მიუხედავად იმისა, რომ თავად ილგარ მამედოვი არჩევნებში არ მონაწილეობს, პარტიამ შარშან დეკემბერშივე განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა ვადამდელ არჩევნებში.

„რესპუბლიკური ინიციატივა“ არ უკავშირებს ბრჭყვიალა ილუზიებს ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცვლილებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წარმოიშვა აუცილებლობა ჩამოყალიბდეს უფრო პროფესიული პარლამენტი, რომელიც საზოგადოებაში ავტორიტეტით ისარგებლებს“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ნატიგ ჯაფარლიმ.

რეფორმა თუ სახელისუფლებო ვერტიკალის გადატვირთვა?

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში, გეგმით, 2020 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში „მილი მეჯლისმა“ თითქმის ერთსულოვნად მიიღო თვითდაშლის გადაწყვეტილება.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში პირველად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მმართველი პარტია ქვეყნის ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების კურსის მხარდაჭერითა და მთავრობის „გაახალგაზრდავების“ სურვილით ხსნის.

გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თანამდებობიდან გადააყენა რამდენიმე მსხვილი მოხელე. მათ შორის თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიანმა ხელმძღვანელმა, 81 წლის რამიზ მეხტიევმა, და პრეზიდენტის თანაშემწემ, ალი გასანოვმა, რომელიც, სხვათა შორის, მედიის საქმიანობას აკონტროლებდა.

ილჰამ ალიევი, მეჰრიბან ალიევა
ილჰამ ალიევი, მეჰრიბან ალიევა

„ბევრი დეპუტატი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების გამოჩენილ ფიგურებთან. ამიტომ მათი გადადგომის შემდეგ აუცილებელი გახდა პარლამენტის შეცვლაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა ბოლო ხანს დისკრედიტაცია განიცადეს სკანდალური გამონათქვამებით თუ კორუფციული კავშირების გამო, რაც წინააღმდეგობაში მოდის მთავრობისა და საზოგადოების საერთო განწყობასთან“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ილგარ ელიზადე.

სხვა მიმომხილველები და პოლიტიკოსები, როგორც ზემოთ ითქვა, მიიჩნევენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც, ჯამში, ემსახურება იმ ტენდენციას, რომელიც ქვეყანაში ვიცე-პრეზიდენტად ილჰამ ალიევის ცოლის, მეჰრიბან ალიევას, დანიშვნით დაიწყო, და „მმართველი ოჯახის“ გარშემო ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ არის მიმართული.

აზერბაიჯანში, სადაც არჩევნები, კონსტიტუციის მიხედვით, მთლიანად მაჟორიტარული წესით ტარდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 125 მანდატისათვის 1321 კანდიდატი იბრძოლებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთოსა და ევროკავშირის, ისევე როგორც აშშ-ის დამკვირვებლებს აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის განმავლობაში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ თავისუფლად.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG