Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის თამარ ჟვანიას გადადგომა - რას ელის სამოქალაქო სექტორი 


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

გასულ კვირაში თამარ ჟვანია დარწმუნებით ამბობდა, რომ თანამდებობას არ დატოვებდა. დღეს კი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სოციალური ქსელით გაავრცელა. ამ ფონზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე საერთო კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეირჩეს.

„ქალბატონი თამარ ჟვანიას გადადგომა, ვფიქრობ, წაადგება საარჩევნო პროცესების და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ამაღლებას. რადგან ის პროცესები რაც განვითარდა [2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას] ხმების დათვლის პერიოდში, შედეგების შეჯამების დროს და შემდეგ საჩივრებისა და განცხადებების განხილვისას სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციას უკავშირდებოდა”, - აცხადებს ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ვინ იქნება კომისიის ახალი თავმჯდომარე, ასევე ის ორი პროფესიული წევრი, ვინც უნდა დაემატოს საარჩევნო ადმინისტრაციას. ორგანიზაციისთვის სწორედ კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალობაა მთავარი, რათა მეტი სანდოობა ჰქონდეს მოსალოდნელ თვითმმართველობის არჩევნებსაც.

ნინო დოლიძე
ნინო დოლიძე

„გასაუბრება უნდა დაინიშნოს ლაივ-რეჟიმში, რომ საზოგადოებისთვისაც გასაგები იყოს, რატომ ირჩევენ ერთ კონკრეტულ კანდიდატს და არა მეორეს".

როგორ ირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს: კომისიის თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი შეაქვს კანდიდატს, შემდეგ კომისია ირჩევს თავმჯდომარის პოსტზე შესაძლო ვარიანტს და შემდეგ პრეზიდენტი წყვეტს ვინ წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

იმისთვის რომ ახლოდან დააკვირდნენ პროცესებს „სამართლიანი არჩევნები“ კანდიდატების შერჩევაში მიიღებენ მონაწილეობას, პრეზიდენტისგან უკვე მიიღეს შეთავაზება. ნინო დოლიძის თქმით, შერჩევის პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ იქნებიან კომისიის სხვა წევრები.

„კომისიის შემადგენლობა არის 9-11 წევრამდე, ჩვენ და რამდენიმე არასამთავრობომ მივიღეთ შეთავაზება, რომლებიც საარჩევნო პროცესებს ვაკვირდებით. თუ ჩვენ გვექნება საშუალება უმრავლესობით მხარი დავუჭიროთ კანდიდატებს, კარგი იქნება. თუმცა შეიძლება ხმების გადაწონის საშუალება არ გვქონდეს. ჩვენ დავთანხმდით კომისიაში მონაწილეობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ პოზიტიური როლი ვითამაშოთ და მხარი დავუჭიროთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მაღალი სანდოობით სარგებლობენ და პრინციპულები ვიქნებით“, - აცხადებს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ნიკა სიმონიშვილი
ნიკა სიმონიშვილი

იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო ქვეყანაში იყოს უკეთესი და შეიცვალოს ცესკოს მუშაობა, ერთი თავმჯდომარის გადადგომა არ კმარა - ასე ფიქრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. მისი თქმით, აუცილებელია, მთლიანობაში შევხედოთ სურათს. “ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ კომისიაში პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები, გადანიშნულიყვნენ, თუმცა ამას კანონი არ ითვალისწინებს, შესაბამისად არ გადაინიშნებიან ისინი, თუ თავად არ გადადგებიან თანამდებობიდან.“

პარლამენტის 2/3-მა (მათ შორის ოპოზიციამ) უნდა დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატი, თუ 2 მცდელობის შემდეგ ვერ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება, თუ ამაზეც ამ შემთხვევაშიც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს 76 ხმით.

„თუკი 76 ხმით მოხდა არჩევა, ასეთ შემთხვევაში, ცალკე აღებულ "ქართულ ოცნებას" ექნება შესაძლებლობა დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე. ამიტომ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და შემდგომ უფრო შევძლებთ შეფასებას", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

იმისთვის, რომ საარჩევნო რეფორმასთან და მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობა არ გაჩნდეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის 2/3-ის კონსენსუსი საარჩევნო კომისიის ახალ კანდიდატთან დაკავშირებით, ხოლო თამარ ჟვანიას გადადგომა, როგორც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი პირისა, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ლევან ნატროშვილი
ლევან ნატროშვილი

„ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ კომისიის წევრების დანიშვნის რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის, ოპოზიციური ნიშნითაც. ერთობლიობაში ამან, წესით, უკეთესი შედეგი უნდა მოგვცეს და ისეთი კრიზისი აღარ დადგეს, როგორიც წინა წელს გვქონდა, იმედი მაქვს ლეგიტიმაციაც მეტი ექნება თვითმმარვთელობის ორგანოებს", - აცხადებს ნატროშვილი. პრეზიდენტის შეთავაზებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე განიხილავს ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევი კომისიის წევრობის საკითხს.

ვინ დაინიშნება თამარ ჟვანიას ადგილას ჯერ უცნობია, მის მოვალეობას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ცოტა დრო რჩება კომისიის მუშაობის დაწყებამდე და სავარაუდოდ ეს ივლისში მოხდება, რადგან 2 ოქტომბრისთვის ადგილობრივი არჩევნები იქნება და 2 თვით ადრე უკვე დაკომპლექტებული უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნება და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG