Accessibility links

რას ცვლის ანაკლიაში ვიცე-პრემიერის პირველი ვიზიტი


ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ადგილზე გასაცნობად ცქიტიშვილი ანაკლიაში პირველად ჩავიდა.

ანაკლიაში პირველი გემის შემოსვლის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს - ამის შესახებ 7 მაისს განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, რომელმაც მომავალი პორტის ტერიტორიაზე უმასპინძლა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს.

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ადგილზე გასაცნობად ცქიტიშვილი ანაკლიაში პირველად ჩავიდა. როგორც მინისტრმა, ისე კონსორციუმის ხელმძღვანელმა თქვეს, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, მთავარია გაირკვეს, არიან თუ არა ბანკები მზად პროექტისთვის სესხის გასაცემად და არის თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ინვესტიციების მოსაზიდად.

„ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ როგორც ხედავთ, დღეს სამუშოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილიც არის, რომ ამ ტერიტორიაზე აქტიური სამუშოები მიმდინარეობდეს. რაც შეეხება ვადებს, შეგახსენებთ რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ინვესტორი, რომლის მოვალეობაცაა ფინანსების მოზიდვა. შესაბამისად, ძირითადი კითხვები ამ მიმართულებით არის კონსორციუმისკენ“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პორტში ინვესტიციების ჩადების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პორტში ინვესტიციების ჩადების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან.

ვიცე-პრემიერმა ყველას მოუწოდა, ანაკლიის პორტის პროექტი გაათავისუფლონ ზედმეტი აჟიოტაჟისგან, რათა მთავრობასაც, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსაც“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც ჰქონდეთ სამუშაო რეჟიმში, ზედმეტი ისტერიკის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა და გაკეთდეს „ყველაფერი, რაც საჭიროა ამ პროექტის წარმატებისთვის.“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი პროექტის დასრულების კონკრეტული ვადების დათქმას ამ ეტაპზე მართებულად არ მიიჩნევს.

„ჩვენ გვქონდა ნათქვამი რომ 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისისთვის პირველი გემი შემოვიდოდა. ამ გადმოსახედიდან შეიძლება გრაფიკი 2-3 თვით დაგვიანდეს. მაგრამ ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ჩვენ პირველი გემი მივიღოთ,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პორტში ინვესტიციების ჩადების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. ახვლედიანის თქმით, ისინი მობილიზებული არიან 400 მილიონის ინვესტიცია ჩადონ ამ პროექტში და უახლოეს დღეებში იგეგმება ამ საკითხზე მორიგი შეხვედრა.

„ეს შეხვედრები არის 13 მაისის კვირაში დანიშნული. ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრა წინა კვირას მთავრობასთან და ერთ-ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებში ჩვენ, მთავრობამაც და ბანკებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ შეთანხმება შედგეს”, - თქვა ლევან ახვლედიანმა. ის გულისხმობდა შეხვედრას, რომელიც 2 მაისს, თბილისში შედგა მაია ცქიტიშვილს და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა 7 მაისს იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის ჩართულობით გასულ კვირაში გამართული შეხვედრა და ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე ვიცე-პრემიერის ჩასვლა დადებით გავლენას მოახდენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG