Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წარმოადგენს წამალი რემდესივირი?


სულ რამდენიმე თვის წინ რიგით მოქალაქეს, ალბათ, არაფერი ექნებოდა გაგონილი რემდესივირის სახელით ცნობილი წამლის შესახებ, თუმცა ახლა ეს სიტყვა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეიძლება დადებითი სამკურნალო ეფექტი ჰქონდეს COVID-19-ის მძიმე შემთხვევებზე. ეს ანტივირუსული წამალი “ახალ ამბებში” მიმდინარე კვირას კიდევ უფრო მეტი სიხშირით გამოჩნდა, რადგან აშშ-მა განაცხადა, რომ ის, პრაქტიკულად, ამ წამლის მთელ არსებულ მარაგს შეისყიდის.

რა არის რემდესივირი?

რემდესივირი მიეკუთვნება „ნუკლეოზიდური ანალოგების“ ჯგუფში შემავალ წამლებს, რომლებსაც ფართოდ იყენებენ ავთვისებიანი სიმსივნეების, ვირუსებისა და ვირუსული ინფექციების მკურნალობისას. ეს ანალოგები მოგვაგონებს ნუკლეოზიდების სახელით ცნობილ მოლეკულებს, რომლებიც ორგანიზმში ბუნებრივად ჩნდება და აუცილებელ საშენ მასალას წარმოადგენს რიბონუკლეინის მჟავისა (რნმ) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისთვის (დნმ). ზოგიერთი ვირუსი „ტყუვდება“ ამ ანალოგებით და თავის გენეტიკურ მასალაში ისინი შეაქვს ნამდვილი მოლეკულების ნაცვლად. ეს ვირუსის ბუნებრივ ქიმიას არღვევს და, შესაბამისად, ანადგურებს მისი გამრავლების შესაძლებლობას, რაც მის გავრცელებას აჩერებს.

რამდენად ეფექტიანია რემდესივირი COVID-19-ის მკურნალობაში?

COVID-19-თან მიმართებით რემდესივირის ეფექტიანობის დასადგენად კვლევები კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე გამოიკვეთა იმედის მომცემი ნიშნები, რომ ის დაავადებას შველის, განსაკუთრებით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან. მაგალითად, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ აპრილში გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგი აჩვენებდა, რომ ამ წამალმა COVID-19-ით დაავადებულ პირებს საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი 15-დან 11 დღემდე შეუმცირა. Gilead-ი, აშშ-ის ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც წამალს ამზადებს, აცხადებს, რომ რემდესივირის ხუთდღიანმა კურსმა ისევე ეფექტიანად იმუშავა, როგორც სხვა მეთოდით 10 დღის განმავლობაში ჩატარებულმა მკურნალობამ COVID-19-ით მძიმედ დაავადებულ პაციენტებში. 1 მაისს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ საგანგებო და სასწრაფო ნებართვა გასცა ამ ინტრავენური მედიკამენტის გამოყენებაზე COVID-19-ის მქონე ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულებსა და ბავშვებში. ამასთან, რემდესივირი არის პირველი წამალი, რომლის ევროკავშირში გამოყენების უფლებაც გასცა მედიცინის ევროპულმა ასოციაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ.

რამდენად ადვილია რემდესივირის შოვნა?

პანდემიის დაწყებამდე Gilead-ი რემდესივირს აქტიურად არ აწამოებდა, თუმცა მას შემდეგ მისი გამოშვება უფრო ინტენსიურად დაიწყო და აცხადებს, რომ კიდევ აპირებს მოცულობის გაზრდას. კომპანია მიზნად ისახავდა ივნისის ბოლომდე გამოეშვა 190,000-ზე მეტი სამკურნალო კურსის ოდენობა, დეკემბრისთვის კი 2 მილიონი სამკურნალო კურსის ოდენობა. კომპანია აცხადებს, რომ 2021 წელს რამდენიმე მილიონი სამკურნალო კურსისთვის სამყოფ ოდენობას გამოუშვებს, თუკი ამის საჭიროება იქნება.

ამასთან, მაისში Gilead-მა გამოაცხადა, რომ ხუთ სხვა კომპანიასთან გააფორმა სალიცენზიო შეთანხმებები, რომელთა ფარგლებშიც ის ამ კომპანიებს მიაწვდის ინსტრუქციებს, რათა მათ სწრაფად გაზარდონ რემდესივირის წარმოება მომავალ თვეებში ამ წამლის 127 ქვეყანაში დასარიგებლად.

რატომ სურს აშშ-ს რემდესივირის მთელი არსებული მარაგის შესყიდვა?

ინფიცირების 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევითა და 130,000-მდე გარდაცვლილით, აშშ ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ. როგორც ვითარებასთან გამკლავების ძალისხმევის ნაწილი, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა 30 ივნისს გამოაცხადა, რომ შეისყიდა რემდესივირის 500,000 კურსი, რაც, პრაქტიკულად, ამ წამლის მთელი არსებული ოდენობაა მომავალი სამი თვის ფარგლებში. აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი, ალექს აზარი, მიესალმა ამ ნაბიჯს და მას უწოდა „შესანიშნავი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება COVID-19-ის პირველი ნებადართული მკურნალობა“.

ამ ამბავს ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ სხვა ქვეყნებში, სადაც ასევე ებრძვიან პანდემიას და მალე, შესაძლოა, რემდესივირის მარაგი ამოეწუროთ COVID-19-ის

მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. „ეს პირველი მნიშვნელოვანი და ნებადართული წამალია, მაგრამ სად არის მისი მოპოვების მექანიზმი?“ - ეს კითხვა დასვა ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტორმა ენდრიუ ჰილმა, ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ში.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოეთიკის სპეციალისტის, არტურ კაპლანის, თქმით, აშშ-ის მიერ რემდესივირის შესყიდვამ, შესაძლოა, სხვა ქვეყნებს გაურთულოს თავ-თავიანთი მარაგების შევსება, თუმცა ეს დიდ გავლენას არ იქონიებს დაავადების შეკავების გლობალურ ძალისხმევაზე.

„ჩემი ვარაუდით, [აშშ-ში] საკმარისი მოთხოვნა იქნება - იმის მიუხედავად, რომ რემდესივირი ჯადოსნური წამალი არ არის- და მას აქ ბევრი, ბევრი თვის განმავლობაში მოიხმარენ, ის სხვაგან არსად წავა“, - უთხრა მან გამოცემა DailyMail.com-ს და დასძინა: „ეს ძალიან დიდი დანაკარგია, მაგრამ მხოლოდ დანაკარგი. ეს მეტ ტანჯვას გამოიწვევს. არ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანების სიცოცხლედ დაგვიჯდება“.

აშშ-ის მიერ რემდესივირის მარაგის შესყიდვამ, შესაძლოა, თავისთავად დიდი გავლენა არ იქონიოს პანდემიასთან გლობალურ ბრძოლაზე, მაგრამ ამ ნაბიჯმა გაზარდა შიში, რომ ეს, შესაძლოა, მომავალი მძიმე დღეების ნიშანი იყოს. დებორა გლისონმა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა მელბურნის ლა ტრობის უნივერსიტეტში - ამას უწოდა „ძალზედ შემაშფოთებელი პრეცედენტი“.

“აშშ-ის რომელიმე კომპანიამ ვაქცინა რომ გამოუშვას, სავარაუდოდ, ვიხილავთ მსგავს ქცევას და მარაგის დახვავებას აშშ-ისა და სხვა განვითარებული ქვეყნების მიერ“, - უთხრა მან ავსტრალიურ SBS News-ს.

რა გზა რჩებათ სხვა ქვეყნებს რემდესივირის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში?

გავრცელებული ცნობებით, თუკი რომელიმე ქვეყანა რემდისივირის მწვავე საჭიროების წინაშე აღმოჩნდება, მან, შესაძლოა, მიმართოს „სავალდებულო ლიცენზირების ბრძანების“ სახელით ცნობილ მექანიზმს, რომელსაც ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესები და რომელიც მთავრობებს საშუალებას აძლევს პატენტით დაცული პროდუქტი გამოუშვან პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე.

ეს სავალდებულო ლიცენზირების ბრძანება ქვეყნებს საშუალებას მისცემს რემდესივირის საკუთარი ვერსია, ე.წ. „გენერიკი“ გამოუშვან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმს იშვიათად იყენებენ, რადგან ბევრ მთავრობას ურჩევნია თავი აარიდოს პატენტის დარღვევას. ფარმაცევტული კომპანიები, დიდი ხანია, ჩივიან, რომ ამგვარი ბრძანებები ზიანს მოუტანს მედიკამენტების წარმოებას, რადგან პატენტები მათ საშუალებას აძლევს აუცილებელი კვლევისა და სამუშაოსთვის შეაგროვონ თანხები.

რემდესივირს, ზოგადად, გამოსადეგ, მაგრამ არა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საშუალებად მიიჩნევენ კორონავირუსთან ბრძოლაში და, ამდენად, ჯერ უცნობია, გადაწყვეტენ თუ არა მთავრობები, რომ მის გამო ღირს ვაჭრობის მსოფლიო წესების დარღვევა და პატენტის უგულებელყოფა.

რემდესივირს, სავარაუდოდ, COVID-19-ის სამკურნალოდ კვლავაც გამოიყენებენ, მაგრამ სხვა, ახალ და ძველ მედიკამენტებთან კომბინაციაში. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსზე მოქმედებს დექსამეტაზონი - იაფი, ფართოდ გავრცელებული სტეროიდი. მკვლევრების თქმით, ეს წამალი კორონავირუსით ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობას, დაახლოებით, ერთი მესამედით ამცირებს. COVID-19-ის სამკურნალოდ დექსამეტაზონის გამოყენებაზე ნებართვა გაიცა დიდ ბრიტანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG