Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას (არ) ითვალისწინებს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი


2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე დაყრდნობით იგეგმება, რაც ექსპერტების შეფასებით, მოკრძალებული მაჩვენებელია წინა წლებში ეკონომიკის დუღილთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე.

მომავალი წლისთვის გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვის ნაწილი. ყველაზე დიდი თანხა ჯანდაცვის სამინისტროს ერგო და ყველაზე მეტი ფული სოციალური მიმართულებებით დაიხარჯება.

საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა და თავდაცვის სფეროს ხარჯი, რაც ბევრად ჩამოუვარდება ნატოს სტანდარტებით დადგენილ მინიმუმს (მშპ-ს 2%), ყველაზე სადავო საკითხებს შორისაა.

ჯერჯერობით პროექტის მიღმაა დარჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული ხარჯიც.

ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეებში მეტი თანხის მობილიზება იქნება შესაძლებელი და პარამეტრები შეიცვლება.

გაზრდილი შემოსავლები, ხარჯები

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია როგორც შემოსულობები - 23 მილიარდ 882 მილიონი ლარი; ასევე ხარჯი - 24 მილიარდ 161 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის ხარჯიდან მესამედზე მეტი - 7 მილიარდ 735 მილიონი ლარი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებას მოხმარდება. 2023 წლის გეგმასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 876 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ თანხის დიდი ნაწილი - გაზრდილი პენსიების დაფინანსებას მოხმარდება.

მეტ-ნაკლებად გაიზარდა სხვა სამინისტროების დაფინანსებაც:

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3 მილიარდ 350 მლნ ლარი;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 მილიარდ 340 მილიონი ლარი [გაზრდილია 309 მილიონი ლარით];
  • თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 370 მილიონი ლარი [გაზრდილია 110 მილიონი ლარით]. აქედან - თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ 210 მილიონი ლარი [2023 წლის გეგმაზე 104 მილიონი ლარით მეტი];
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 685 მილიონი ლარი;
  • ეკონომიკის სამინისტრო - 646 მილიონი ლარი [აქედან 304 მილიონი - მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტები];
  • კულტურის სამინისტრო - 460 მილიონი ლარი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 400 მილიონი ლარი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 205 მილიონი ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 187 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო - 114 მილიონი ლარი;

ხარჯებში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო მოხელეებისთვის.

ეს საკითხი ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად იქცა.

„მეტი საჭიროების მქონეებს, დაბალხელფასიანებს მეტი რომ მოვუმატოთ და მაღალხელფასიანებს - ნაკლები, ამ პოლიტიკაზე თუ ხართ თანახმა?!“ – ჰკითხა „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, 12 ოქტომბერს, პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოსთან“ მისი შეხვედრის დროს.

მთავრობა აცხადებს, რომ ხელფასების მომატება საჯარო სამსახურში „კვალიფიციური კადრების შენარჩუნების“ მიზანს ემსახურება, ხოლო ხელფასების ზრდის ვალდებულება, პენსიების ზრდის მსგავსად, კანონით არის განსაზღვრული.

„ვიღაცას ყოველთვის ექნება ვიღაცაზე მეტი ხელფასი, მაგრამ პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ ისე, თუ შესაცვლელია [კანონი], შევცვალოთ, რომ - ყველას ჰქონდეს მათი სამუშაოს შესაბამისი, ადეკვატური ხელფასი“, - ასეთია გიორგი კაკაურიძის პასუხი.

ოპოზიციისთვის 2024 წლის ბიუჯეტი „საარჩევნო ბიუჯეტია“, როცა ხელისუფლება ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, თუმცა ექსპერტები მოელიან, რომ ამ მიმართულებით სიახლეები ჯერ ისევ წინ არის და ბიუჯეტს სხვადასხვა სახის ხარჯი დაემატება.

ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, მაღალი სოციალური ხარჯები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში „მკვეთრად პრობლემატურია სოციალური ფონი“.

„როდესაც მოქალაქეები თვითკმარი ვერ ხდებიან, შეჭირვებული ოჯახები მიბმული რჩებიან ბიუჯეტის თანხებზე და იღებენ დახმარებას“, - ეუბნება ეკონომისტი რადიო თავისუფლებას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 12 ოქტომბერს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღრიცხულია დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე. გიორგი კაკაურიძე მომხრეა, რომ ბაზიდან ამოიღონ ის პირები, რომლებიც ვაკანტურ ადგილებზე არსებულ შეთავაზებებს რამდენჯერმე არ დაეთანხმებიან.

მიმდინარე კვირაში, უმრავლესობამ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, საპარლამენტო კომიტეტებში, ერთმანეთის მიყოლებით დაუჭირა მხარი.

„საკმაოდ ამბიციურად გამოიყურება ბიუჯეტის რიცხვები და რიცხვებში ასახული ის წარმატება, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგნოზი გაგრძელდეს და ჩვენ ვართ მზად, რომ ეს მუშაობა გაიწიოს“, - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ, როცა მის კომიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა.

სად ჩანს ეკონომიკური წარმატება?

კვლევითი ინსტიტუტის „გნომონ ვაიზის“ [Gnomon Wise] მკვლევარი, ეკონომისტი ეგნატე შამუგია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, ბიუჯეტის პროექტში, ეკონომიკის მდგომარეობაზე მისი ზრდის მაჩვენებელი მეტყველებს და ეს ამ შემთხვევაში სახარბიელოდ არ გამოიყურება.

„როდესაც ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი, ვერ ვიტყოდი, რომ ეკონომიკის დუღილის მოლოდინი აქვს მთავრობას. მართალია, ზოგადად, ფინანსთა სამინისტროს კონსერვატორული მიდგომა აქვს ამ საკითხთან და 5%-იან ზრდაზე რომ დაიგეგმა, ნიშნავს, რომ სადღაც 7%-იან ზრდას ელიან [წლის განმავლობაში], მაგრამ განვითარებული ეკონომიკისთვის 7%-იც ძალიან ისეთია... კარგი გამოთქმა არსებობს: ქვას არაფერი რომ უქნა და დიდი ხნით დადო - ხავსი თავისით მოედება“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

ფინანსთა სამინისტროს კონსერვატიული მიდგომის გათვალისწინებით, 2023 წლის ბიუჯეტი ახლახან დამატებით რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაიზარდა.

ზრდას ფინანსთა სამინისტრო 2024 წელსაც მოელის. მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, გზადაგზა, სხვადასხვა დაპირებასაც გასცემდა. მათ შორის „მთის განვითარების ფონდის“ ბიუჯეტის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით. ამჟამად ეს ბიუჯეტი, ჯამში, 20 მილიონი ლარია.

სად არის ანაკლიის პორტის ხარჯი?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტენდერი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ 2024 წლის ბიუჯეტში, სახელმწიფოს მიერ შესასრულებელი ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.

„ნოემბრის შუა პერიოდამდე გვეცოდინება ზუსტად, რა თანხაა საჭირო [წყლის ინფრასტრუქტურაზე, დაღრმავებაზე] და ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ეს თანხა იქნება გათვალისწინებული. წინასწარ თანხას ვერ ვამბობ, მაგრამ ეს თანხა იქნება გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში“, - კაკაურიძე განმარტავს, რომ წყლის ინფრასტრუქტურის აშენება მთლიანად სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო უშუალოდ პორტის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა მომავალი წლისთვის, დიდი ალბათობით, არ იქნება საჭირო.

სომხეთზე ნაკლები

ამ დღეებში, სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობისას, ხშირად ავლებდნენ პარალელებს სომხეთთან, რადგან მეზობელ ქვეყანას საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ამის შესახებ კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილესაც დაუსვეს, პარლამენტში მიმდინარე განხილვების პროცესში და მათ შორის - „ევროოპტიმისტების“ პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრისას. სომხეთის ეკონომიკური ზრდა გიორგი კაკაურიძემ რუსეთთან ურთიერთობებით ახსნა:

„სომხეთი არის რუსეთის საბაჟო კავშირის წევრი... ამ ორგანიზაციის ზუსტი სახელი არ მახსოვს... საბაჟო კავშირი რაც აქვთ, მისი წევრია. ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთში გატანილი პროდუქციის რაოდენობა, რეექსპორტი რეალურად, არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და პლუს ჩამორიცხვები რუსეთიდან - ეს ორი კომპონენტია, ძირითადად, რაც გაიზარდა სომხეთში“, - უპასუხა კაკაურიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეკითხვას.

ეკონომისტი ეგნატე შამუგია, სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ Gnomon Wise-ის კვლევებზე დაყრდნობით, გვეუბნება, რომ რეგიონში საქართველოს იზოლირებულად ვერ განვიხილავთ.

„შენ [საქართველოს] რომ გაქვს 6%-იანი ზრდა და სომხეთს 10%-იანი ზრდა აქვს, ესე იგი - ცუდად გაქვს საქმე. სომხეთს რომ 1%-იანი ჰქონდეს, ხოლო რეგიონში საშუალოდ 2%-იანი ზრდა რომ იყოს, მაშინ იტყვი, რომ შენ რაღაც ისეთი კარგი გააკეთე, რომ ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო. შენ შეიძლება შარშანდელივით 10%-იანი ზრდა გქონდეს, მაგრამ თუკი რეგიონშიც იგივეა, მაშინ ეს იქნება საერთო სურათიდან გამომდინარე და არა შენი ხელშეწყობიდან გამომდინარე“, - ეუბნება შამუგია რადიო თავისუფლებას.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთის - 14.2%-ით. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.6% შეადგინა. ამის გათვალისწინებითაც განახლდა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და შეადგინა 6.5% [თავდაპირველად დაგეგმილი იყო 5%]. სომხეთში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 7%-იან ზრდაზეა გათვლილი.

სომხეთთან პარალელები თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც გაავლეს. ოპონენტები შეახსენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს მაჩვენებლები სომხეთისას ამ მხრივაც 3-ჯერ ჩამოუვარდება და ეს იმ მრავალი გამოწვევის ფონზე, რომელიც საქართველოსა და მის უშუალო სამეზობლოშია, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეუძლებლად მიაჩნია, რომ „წელიწადში შევძლოთ და გვქონდეს შეიარაღება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს საჰაერო და მთლიან დაცვას“, რადგან, მისი თქმით, „დღეს არსებული სიტუაციის [რუსეთ-უკრაინის ომი] გამო შესყიდვები თავდაცვის სფეროში, არის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის საკითხი“.

„ლელოს“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიორგი კაკაურიძემ ასევე თქვა, რომ „თავდაცვის ბიუჯეტი იქნება მზარდი, იმ შესყიდვებიდან და იმ გეგმებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს თავდაცვის სამინისტროს“.

„ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია [რუსეთის მიერ], თავდაცვის ბიუჯეტი აქვს არა მცირე, არამედ მწირი. ეს არ არის საკმარისი არათუ თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, არამედ შესანარჩუნებლად“, - ეუბნება ეკონომისტი რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლებას და განმარტავს, რომ თავდაცვის ხარჯი ირიბ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა საინვესტიციო მიმართულებით.

„ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, სამხედრო მცირე ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას მეტის გაკეთება შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე აპირებს ომს, მაგრამ გვჭირდება თავდაცვა თანამედროვე სტანდარტებით“, - ამბობს გერლიანი.

სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს ნოემბერში წარუდგენს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG