Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ აქვთ ქართველ ახალგაზრდებს პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების სურვილი?


ავტორი: გოგა ქათალანძე

ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მთავარ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ პლურალისტური პოლიტიკის არსებობა, რომელიც, ნიშანდობლივ, პოლიტიკური პარტიების რეკრუტირების პროცესში უნდა გამოიხატოს. ახალგაზრდების დაინტერესება პარტიებში გაწევრიანებით ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და გრძელვადიანი პოლიტიკის დანერგვას. თუმცა, საქართველოს მოცემულობაში ახალგაზრდებით პარტიების დაკომპლექტება იშვიათი მოვლენაა და არსებობს ამის რიგი მიზეზები.

პირველ რიგში, პოლიტიკური პლატფორმების და პარტიათა საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის სიმწირე, რაც ახალგაზრდებში იწვევს პოლიტიკურ პასიურობას. შედეგად, ისინი ნაკლებად რაციონალურ არჩევანს აკეთებენ ან უბრალოდ სამოქალაქო მოვალეობას იხდიან, თუნდაც არჩევნებში მონაწილეობით, რადგან პოლიტიკა მათთვის უკვე დიდი ხანია „ბინძურ“ საქმიანობასთანაა ასოცირებული. CRRC 2015 წლის კვლევის თანახმად, ახალგაზრდები ცნობენ ცალკეულ ლიდერებს, თუმცა საკითხთა ფართო სპექტრი მათი ცნობიერების მიღმა რჩება. უიმედობა, სხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პოლიტიკა, ერთფეროვნება - ის ფაქტორებია, რომლებიც ახალგაზრდებს პოლიტიკურად აპათიურს ხდის და პარტიაში გაწევრიანების სურვილს უხშობს. ხანშიშესულ ამომრჩეველზე აქცენტის გაკეთება, რაც საქართველოში საკმაოდ ტენდენციურია, კიდევ უფრო აშორებს ახალგაზრდა ამომრჩეველს პოლიტიკურ პლატფორმას.

მეორე მიზეზი, ქართული პოლიტიკური პარტიების არასრულყოფილი სტრუქტურაა. ისინი მოკლებულნი არიან, მაგალითად, იდეოლოგიაზე დაფუძნებულ კონკურენციას და, ხშირ შემთხვევაში, მათი მრწამსი არის მერყევი და იცვლება, რაც ბუნდოვან გარემოებას ქმნის და ახალგაზრდა, რომელსაც სურს პოლიტიკური აქტიურობა, უბრალოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ხვდება. ასევე, პარტიათა დიდი ნაწილის იდეოლოგია არ არის ახალგაზრდებისთვის საინტერესო, რადგან თვითონ პარტიის წევრები გაუცნობიერებლად აყალიბებენ მას. თუმცა, სწორ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტია უამრავ ახალგაზრდას მიიზიდავდა და მათი ერთგულება არჩეული რაკურსის მიმართ საინტერესო, პროდუქტიულ ბრბოლას ჩაუყრიდა საფუძველს პარტიათა შორის, რაც ქვეყნის განვითარების საწინდარიც იქნებოდა.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მკაფიო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პარტია ახალ თაობებს მოამზადებს დიდი პოლიტიკისთვის, ამისათვის მათ ახალგაზრდების რეკრუტირების და მათი მომზადების ფუნქცია უნდა შეითვისონ, რაც ქართულ პარტიებს ნაკლებად ახასიათებთ.

მესამე მიზეზი, ახალგაზრდებში ღრმად გამჯდარი უნდობლობაა ელიტების მიმართ. პოლიტიკური ლიდერები აქტიურად მიმართავენ მანიპულაციურ პოლიტიკას და საკუთარ ახალგაზრდულ ფრთებს იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად და მათი საშუალებით აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებენ, რადგან ხვდებიან, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი დემონსტრაციებისა და აჯანყებებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ინსტრუმენტია. მაგრამ გამარჯვების შემდეგ, რატომღაც ახალგაზრდები რეზერვში აღმოჩნდებიან ხოლმე, მათი მოთხოვნები კი უგულებელყოფილი იქნება და პოლიტიკურ თამაშს უკვე თვითონ ლიდერები გააგრძელებენ, ნეპოტიზმის საფუძველზე სახელისუფლებო შტოების დაკომპლექტებით. ეს ფენომენი კი, ახალგაზრდა მოქალაქეს კიდევ უფრო უბიძგებს ‘აუთსაიდერად’ ყოფნისკენ და მას არ უჩნდება სურვილი პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების, რადგან ახალგაზრდებსაც სურთ პოლიტიკის წარმოება და მუდმივი ზეგავლენის ქვეშ ყოფნა არავის უნდა.

მეოთხე მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ის ფატორი, რომ საქართველოში არსებული პარტიების დიდ ნაწილს აქვს ახალგაზრდებით ჩანაცვლების შიში. პარტიები კონკრეტული სახეების გარშემო შეიქმნა და წლების განმავლობაში ასე ვითარდებოდა, შესაბამისად მათთვის მიუღებელია რაიმე ცვლილების განხორციელება. მათ ეშინიათ, რომ ახალგაზრდები იმდენად მოიკიდებენ ფეხს პარტიის შიგნით, რომ მათ ძლიერი ამბიციები გაუჩნდებათ და ყოფილ წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც, რასაკვირველია, ახალგაზრდობას არ წარმოადგენს და დიდი ხანია ამა თუ იმ პარტიაში მოღვაწეობს. შესაბამისად, პარტიები ნაკლებად უწყობენ ხელს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ კუთხით. თუმცა, ჩემი აზრით, როდესაც პარტია უცვლელია, წარუმატებელია რიგ არჩევნებზე და არანაირ პროგრესს არ განიცდის, ახალი სახეების რეკრუტირება, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების მათ განვითარებას და პოპულარობას შეუწყობს ხელს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ვფიქრობ, არის ის, რომ, თუნდაც უკვე დაინტერესებულ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ გახდეს პარტიის წევრი, რადგან არ არსებობს პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმი პარტიასა და საზოგადოებას შორის. ესეც ქართული პოლიტიკური პარტიების დიდი ნაკლოვანებაა და მათ აუცილებლად უნდა შექმნან დამაკავშირებელი ხიდი პარტიასა და მოქალაქეს შორის სწორი და მრავალფეროვანი რეკრუტირებისთვის. შედეგად, ისინი პარტიას გამოუცდელი, ნეპოტიზმის საფუძველზე არჩეული ხალხისგან კი არა, ახალი იდეებით სავსვე, პროგრესული ინდივიდებისგან გააერთიანებენ.

ამ ეტაპზე საქართველო გადის ტრანსფორმაციის პროცესს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის უამრავი გამოწვევების წინაშე დადგა. რიგი რეფორმები განხორციელდა სხვადასხვა სფეროში და საჭიროა ამ პროცესებში ახალგაზრდების მზარდი ჩართულობა, მათი პოლიტიკური განათლების ხელშეწყობა, მომავლისთვის მომზადება და გამოცდილების შეძენა.ხსენებული საქართველოს განვითარებას კიდევ უფრო დააჩქარებს, ხელს შეუწყობს დემოკრატიის გაძლიერებას და ევროპულ სოციუმთან დაახლოებას, რაც ახალგაზრდების ინტერესს წარმოადგენს. ამისათვის, დიდ როლს პოლიტიკურ პარტიებში მათი ყოფნა შეასრულებს და როგორც კვლევები აჩვენებს, ეს სხვადასხვა ფორუმების, ლექციების, დისკუსიების, პოლიტიკოსებთან შეხვედრების გამართვით იქნება შესაძლებელი.

თუ პოლიტიკური პარტიები ახალგაზრდების რეკრუტირებით დაინტერესდებიან, მაშინ საქართველო პოლიტიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა გახდება, პროგრესული იდეებით სავსე, რაც უამრავი ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და სწრაფი ტემპებით ქვეყნისთვის სასიკეთო მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG