Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მოსწონთ ქართველ ნაციონალისტებს მიგრაციის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტი


ათობით მოქალაქემ გაეროს მიგრაციის პაქტი გააპროტესტა.
ათობით მოქალაქემ გაეროს მიგრაციის პაქტი გააპროტესტა.

24 დეკემბერს საქართველოს ათობით მოქალაქემ გაეროს მიგრაციის პაქტი გააპროტესტა. ამ დოკუმენტს საქართველომ ხელი დეკემბერში მოაწერა, რითაც გაიზიარა საერთაშორისო მიდგომები მიგრაციის რეგულირებისა და უსაფრთხოების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილი მოქალაქეები ამ დოკუმენტის ხელმოწერაში საქართველოსთვის საფრთხეს ხედავენ და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საერთაშორისო სტანდარტების გაზიარების შემდეგ საქართველოს მილიონობით მიგრანტი მოაწყდება ღარიბი ქვეყნებიდან.

„რბილად რომ ვთქვათ, ეს გამოიწვევს დიდ დაპირისპირებას საქართველოში და შესაძლოა სისხლისღვრაში გადავიდეს, ამიტომ ჩვენთვის პრინციპულია საქართველო გაემიჯნოს ამ პაქტს“, - განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

ორგანიზატორები: ჯონდი ბაღათურია - “ქართული დასი”, გურამ ფალავანდიშვილი - „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი და “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა დღეს სამინისტროს წარმომადგენელსაც შეხვდნენ.

რას გულისხმობს გაეროს მიგრაციის პაქტი?

დოკუმენტი პირველი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც მიგრაციის პროცესის გლობალურ მოწესრიგებას ისახავს მიზნად. გაეროს ამოცანაა საერთაშორისო ძალისხმევით მიგრაცია უფრო მეტად უსაფრთხო და მოწესრიგებული გახადოს.

გლობალური კომპაქტის სამი მთავარი მიმართულებაა:

  • მიგრანტთა უფლებების უკეთ დაცვა (საკონსულო დაცვის მექანიზმები და თანამშრომლობის გაზრდა მათთან);
  • საზღვრების ინტეგრირებული და კოორდინირებული მართვა (ნაკადების კონტროლქვეშ მოქცევის მიზნით);
  • წარმოშობის ქვეყნებში მიგრანტთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ამ პრინციპებზე გაეროს ყველა წევრი ქვეყანა წელს ივლისში შეთანხმდა, თუმცა შეთანხმებას ხელი 196 ქვეყნიდან მხოლოდ 164-მა მოაწერა. ევროპის ქვეყნებიდან ფორმალური შეერთებისგან თავი შეიკავა ავსტრიამ, იტალიამ, უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა, აშშ-მა კი ჯერ კიდევ გასულ დეკემბერს თქვა, რომ არ შეუერთდებოდა ხელშეკრულებას. აშშ-მა ეს იმით ახსნა, რომ არ სურს მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო გაიდლაინებისა და სტანდარტების შესაძლო შემოღება, რათა ისინი წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ქვეყნის ინტერესებთან.

დეკემბერში პაქტის ხელმოწერა ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიებმა და მათმა მომხრეებმა გააპროტესტეს. ათასობით დემონსტრანტი ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე გავიდა. მათი შეფასებით გაეროს ეს დოკუმენტი მიგრაციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მიგრაციის კომპაქტი ხაზს უსვამს, რომ “აუცილებელია საკითხების გადაწყვეტისას ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების პატივისცემა, ასევე იქ არსებული რეალობის, შესაძლებლობებისა და განვითარების დონის გათვალისწინება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს, რომ დოკუმენტი არ წარმოქმნის ახალ სამართლებრივ ვალდებულებებს, არამედ ქმნის ნიადაგს თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის.

„ეს დოკუმენტი კი არ წარმოშობს ახალ ვალდებულებებსა და რეალობას, არამედ არსებული რეალობა უნდა მოაქციოს სამართლებრივ ჩარჩოში, იმისთვის რომ ქვეყნებმა უკეთ ითანამშრომლონ მიგრაციის სფეროში“, ამბობ საგარეო უწყების წარმომადგენელი.

რატომ შეუერთდა საქართველო გლობალურ კომპაქტს?

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ იყოს გლობალური კომპაქტის ხელმომწერთა შორის. პირველ რიგში, საქართველო თავად არის მიგრანტების წყარო სხვა ქვეყნებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ლეგალურად დასაქმდნენ და ისარგებლონ ევროპის ქვეყნებში არსებული შესაძლებლობებით.

საქართველოს მიგრაციის 2017 წლის პროფილის მიხედვით, ემიგრანტთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთსა და საბერძნეთშია, რომელთაც მოჰყვება თურქეთი, იტალია, გერმანია და აშშ. ემიგრანტთა ნახევარზე მეტი (55 %) ქალია. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს თითქმის 89 ათასი ემიგრანტი ჰყავდა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG