Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშენებლობა ტრანსპორტის კვლევის გარეშე - მერია ორი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აუქმებს


თბილისის მერის ინიციატივით, შესაძლოა დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო ნებართვების მიღება გაუადვილდეთ და აღარ დასჭირდეთ მერიაში წარადგინონ ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასება. ტრანსპორტის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი მშენებლობის გაცემამდე მნიშვნელოვანია მის გარშემო ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის შესწავლა, ნაკადების რაოდენობების დადგენა და იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიცვლება სატრანსპორტო სისტემა, როცა ახალ ნაგებობაში ადამიანები დასახლდებიან. არსებობს ვარაუდი, რომ მერის ინიციატივა მერიის მხრიდან კორუფციის რისკებს გაზრდის. ორი წლის წინ თბილისის მერია დეველოპერებისთვის სატრანსპორტო ზეგავლენის შეფასების მოთხოვნას, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს ქალაქის განაშენიანებაში, ისე წარადგენდა და თვლიდა, რომ ყველა ახალი მშენებლობა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურებთან.

რა შეიცვალა 2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მაისამდე?

13 მაისს ქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თქვა, რომ მერიაში ორი წლის განმავლობაში დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რაც საშუალებას აძლევთ, სატრანსპორტო სისტემებისა და ახალი მშენებლობების კავშირს თავად დააკვირდნენ და შემდგომ გადაწყვეტილებაც თავად მიიღონ. ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების ცვლილების აუცილებლობა, კალაძის თქმით, იმით აიხსნება, რომ მერიაში ხშირად ხარვეზიანი დოკუმენტები შემოდიოდა, რაც დამატებით პრობლემებს ქმნიდა.

„დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში, პირობითად, 500 ოჯახი შესახლდება. ამას წლების განმავლობაში დეველოპერებს არავინ სთხოვდა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ინვესტორის მხრიდან მოთხოვნილი პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ქალაქის მასშტაბით უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ თავად განვსაზღვროთ, თუ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპროტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე“, - განაცხადა კალაძემ და ვიცე- მერ ირაკლი ხმალაძეს მისცა დავალება, გაამარტივოს გარკვეული ნორმები.

„ის წესები და კანონები, რაც არსებობს ურბანული მიმართულებით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა და ბევრ რამესთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, შესაბამისად, დროულად რომ მომხდარიყო დეველოპერების სამშენებლო პროექტების დამტკიცება. ზოგადად, განაშენიანების რეგულირების გეგმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. არის ბევრი ისეთი საკითხი, რომლის განხორციელება შესაძლებელია სხვაგვარად. მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი“, - ამბობს კახა კალაძე.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჯერ, როგორც დოკუმენტი, საჯარო არ არის და სანამ გამოქვეყნდება, გამოითქვა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ქმნიდეს ღია კორუფციის საფრთხეს და იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს.

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციიდან, ფიქრობს, რომ მერია ამ გადაწყვეტილებით ხსნის გზას გარიგებით სამშენებლო ნებართვების მიღებისკენ.

„დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უკვე ღია და დაუფარავ კორუფციასთან დედაქალაქის მერიაში. ანუ, მერია თავად დაწერს დასკვნას ტრანსპორტის ზემოქმედებაზე და თავისივე დასკვნაზე თავად გასცემს სამშენებლო ნებართვას! და, ალბათ, ხვდებით, რომ თავის თავს უარს არ ეტყვის! ეს არის ღიად გამოხატული ინტერესთა კონფლიქტი და მხოლოდ კორუმპირებულ სტრუქტურაში შეიძლება გაჩნდეს მსგავსი იდეა! ადრე მცირეოდენი ბერკეტი მაინც თუ არსებობდა კერძო სექტორიდან მშენებლობების ნებართვებზე გავლენის მოხდენის, ესეც აღარ იქნება!“ - წერს დავით მესხიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავაც მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ზემოქმედების შესწავლა აუცილებელია ქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვინმესთვის ეს დამატებით ბარიერს წარმოადგენდეს. მისი თქმით, ამგვარი მიდგომა, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის ნიშნავდა უფრო კარგ პირობებს და ნაკლებ პრობლემებს ქმნიდა და არასამთავრობო სექტორი ქალაქის მმართველობისგან დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა სატრანსპორტო კომპონენტის გათვალისწინებას ახალი მშენებლობების ნებართვის გაცემისას.

„ახლა, ფაქტობრივად, უფრო პიროვნულ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და იმისთვის, რომ კორუფციის რისკები გამორიცხული იყოს, მაქსიმალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა კრიტერიუმი, რომლითაც იხელმძღვანელებს მერია“, - ამბობს გელა კვაშილავა.

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე თვლის, რომ სიმჭიდროვის გადაჭარბება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აუარესებს და სატრანსპორტო გადატვირთვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ქალაქმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეამციროს. მისი აზრით, კვლევა აუცილებელია, თუმცა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, თუკი მას არა დეველოპერი, ანუ დაინტერესებული მხარე, არამედ ქალაქის მმართველობა, ანუ ფორმალურად ნეიტრალური მხარე, შეუკვეთს.

„მთავარია, კვლევა არ გააუქმონ“, - ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

იმისათვის, რომ კვლევა არ გააუქმონ, მერიას მოუწევს დამატებითი კადრები აიყვანოს ან არსებული ადამიანური რესურსი სხვაგვარად გადაანაწილონ, რადგან ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების მომზადებას სხვადასხვა მასშტაბის შენობისთვის ერთი კვირიდან ერთ თვემდე დრო და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანების ჩართულობა სჭირდება.

ზურაბ ბერაძე, რომლის კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაც ამგვარი დოკუმენტების მომზადებაა, ამბობს, რომ ჯანსაღი პროცესისთვის მნიშვნელოვანია ამგვარი კვლევები კვლავ ტარდებოდეს, თუმცა, თუკი მერია აიღებს თავის თავზე ამ სამუშაოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მის კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგება.

„ალბათ, მაინც ჯობია, რომ მერია გადაწყვეტილების მიმღები იყოს და ადმინისტრაციულ რესურსს ზოგავდეს, ბიზნესს კი თავისუფალი ოპერირების საშუალება ჰქონდეს“, - მიიჩნევს ზურაბ ბერიძე.

თბილისის მერიამ 2018 წლის 22 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში, არქიტექტურის სამსახურის გარდა, ჩართულიყო გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის სამსახურები. ამ გადაწყვეტილების თანახმად, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას უნდა წარედგინა მერიაში შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისა).
  • ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.
  • 4 000 კვ.მ და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას - საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში - საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

ქალაქის მმართველობა კი ვალდებული იყო, უფრო მეტი დოკუმენტაციის მიუხედავად, არ გაეზარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადები.

2020 წლის მაისში თბილისის მერი ამბობს, რომ ის წესები და კანონები, რაც არის ურბანული მიმართულებით, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა და ამ რთულ ვითარებაში საჭიროა სამშენებლო სექტორს მუშაობა გაუმარტივდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG