Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაძვირდა კიტრი, სხვა ბაღჩეული, ბოსტნეული, სურსათი


ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, თევზი, ხორცი - აპრილში ფასები გაიზარდა არა მხოლოდ წინა თვესთან შედარებით, არამედ მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის აპრილთან შედარებითაც. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არალოგიკურია შემცირებული მოთხოვნის პირობებში - დახურულია რესტორნები, ბარები, გაჩერებულია ტურიზმი.

მაშინ რამ გააძვირა სოფლის მეურნეობის პროდუქცია? რა ლოგიკა და მექანიზმი მუშაობს კორონავირუსის ფონზე? არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო გაზრდა?

უამრავი ფერმერი ურეკავს, სწერს და დახმარებას სთხოვს. ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა. მაგალითად გუშინ, სალათის ფოთლების მწარმოებელი მარნეულელი ფერმერი - ნაირა დააკვალიანა. ის მერძევე ფერმერთან დააკავშირა, რომელიც გასაფუჭებლად განწირულ სალათის ფოთლებს ყოველდღე თავისი სატვირთო ავტომობილით ნავთლუღის ბაზრამდე ჩაიტანს.

დღეს კი, რუსუდან გიგაშვილი კომბოსტოს მარნეულელი მწარმოებლებისთვის ეძებდა გზებს - ხუმრობა ხომ არ არის ტონობით კომბოსტოს გაფუჭება და გადაყრა.

„ლოგისტიკა არ არის სათანადოდ მოგვარებული და შედარებით წვრილი ფერმერების დიდი ნაწილი დაბნეულია... ერთია მთავრობა რას ამბობს, მეორეა - რას ამბობენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, მესამეა - ფერმერი რას ამბობს და მეოთხეა შედეგი - რას ვხედავთ ჩვენ, როდესაც გავდივართ ბაზარზე, შევდივართ სუპერმარკეტში და ვხედავთ - რაღაც ძვირია და რაღაც დეფიციტშია... საბოლოო ჯამში, სად არის სიმართლე და რა არის სიმართლე, გაუგებარია... ფაქტია, რომ როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ჩანს - რომ დაულაგებელია ლოგისტიკური საკითხები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსუდან გიგაშვილი.

მისი თქმით:

  • ფასების ზრდაზე ისიც მოქმედებს, რომ პროდუქციაც არის, მოთხოვნაც არის და ხშირად მიწოდება ვერ ხერხდება - „პირადად მე 3,5 ლარად ვიყიდე კიტრი ორი დღის წინ“;​
  • საკარანტინო ზონებში მცხოვრებ მარნეულელ და ბოლნისელ ფერმერებს განსაკუთრებით უჭირთ, რადგან - ვერ ახერხებენ საადრეო პროდუქციის თავად გამოტანას;
  • ფერმერი პირველ რიგში სოფლის რწმუნებულს მიადგება ხოლმე - რა გავაკეთოო? ის კი მერე იწყებს გარკვევას მაღალ ინსტანციებში;
  • ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახერხებს (განსაკუთრებით წვრილი ფერმერების) ოპერატიულ დახმარებას - ელემენტარული საკითხების გარკვევაც ზედა ინსტანციებში ხდება;
  • ხდება ისეც, რომ ფერმერებს სარეალიზაციო გზას სთავაზობენ, მაგრამ ისინი მაინც უკეთესი პირობებისა და ფასის ძებნას განაგრძობენ;
  • ფასების ზრდაზე, ვფიქრობ, ის ფაქტორიც მუშაობს, რომ შემცირებულია თურქეთიდან იაფი პროდუქციის იმპორტი და ადგილობრივი პროდუქციით ვაჭრობის პროცესში შუამავლები ფასებს უფრო თამამად ზრდიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აპრილის მონაცემებით, ყოველთვიური და წლიური ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ზრდამ. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა: გასულ თვესთან შედარებით - 3%-ით; ხოლო შარშანდელ აპრილთან შედარებით - 16%-ით.

ყოველწლიური მაჩვენებლებით, ფასები მომატებულია, მაგალითად, შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი - 45.4%,
  • ბოსტნეული და ბაღჩეული -14.1%,
  • რძე, ყველი და კვერცხი - 23.2%,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%,
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 15%,
  • თევზეული -14.9%,
  • ზეთი და ცხიმი - 11%,
  • პური და პურპროდუქტები - 8.4%.

„კარგია თუ ცუდი ფასების ზრდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე?“ - რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავადაც სვამს შეკითხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე და თავადვე პასუხობს - „რატომ არის ცუდი?! ეს ნიშნავს, რომ ფერმერებს შრომა უფასდებათ და პროდუქციას შესაბამისად ყიდიან“.

მაგალითად, კიტრის გაძვირების ფაქტს კალანდაძე შემდეგნაირად ხსნის:

„თავიდან მარნეულსა და ბოლნისში შესული იყვნენ კომპანიები „ჯიბე“ და „მაგნიტი“... საკარანტინე ზონაში შესვლას თავისი წესები აქვს და ვინც შემდგომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნები, ყველა კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე შევიდა... ამიტომ სწრაფად გამოიზიდა კიტრი და თუ მანამდე (ადგილზე) 1 ლარი ღირდა, ახლა, დეფიციტი შეიქმნა და კიტრი უკვე 2 ლარი და 40 თეთრი ღირს... მაგრამ ამას წამოეწევა ახლა ლაგოდეხის კიტრი და გაიაფდება ეს პროდუქტი“.

თენგიზ კალანდაძის თქმით:

  • ამჟამად მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოტანას ახდენს 200-მდე სხვადასხვა მანქანა;
  • აქ იგულისხმება რამდენიმე „ორგანიზებული დისტრიბუცია“, მათ შორის - კომპანიები „მაგნიტი“, „ჯიბე“ და ასევე მარკეტები - „აგროჰაბი“ და „გუდვილი“;
  • ასევე პროდუქცია გამოაქვთ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მათ შორის - სამარშრუტო მანქანებით;
  • აგრარული ბაზრების ეტაპობრივი გახსნის გამო, გაიზარდა დისტრიბუციის პროცესში ჩართული კომპანიებისა და ინდმეწარმეების რიცხვი;
  • დისტრიბუტორები მიდიან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც ფერმერების მიერ მოყვანილი პროდუქცია იყრის თავს - „კარდაკარ რომ არ იარონ“.

„აი, ახლა, ვიდრე თქვენ დამიკავშირდებოდით, კომბოსტოს რეალიზაციის საკიხიც გადავწყვიტეთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მზად არის დასახმარებლად, - გვეუბნება თენგიზ კალანდაძე, - ჩვენ მითითება მივეცით გლეხებს, რომ ყოველდღიურად დაკრიფონ 10-15 ტონამდე კომბოსტო (სულ არის იქ 100 ტონა) და ეს რაოდენობა გეგმაზომიერად გამოვა იმ რეგიონიდან“.

კორონავირუსის საფრთხის გამო, როდესაც, მაგალითად, შეჩერებულია ტურიზმი და დახურულია რესტორნები თუ სასტუმროები, ცხადია, რომ შემცირდა მოთხოვნა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც.

საბაზრო ეკონომიკის კანონებით, შემცირებული მოთხოვნის დროს, ფასები უფრო უნდა მცირდებოდეს, ვიდრე - გაიზარდოს. თუმცა, როგორც PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ხიშტოვანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც:

  • ფერმერს თავად, ბაზარზე გასვლის, წვდომის პრობლემა აქვს;
  • ბაზარზე ფერმერების პროდუქცია რამდენიმე საშუამავლო რგოლის გავლით ხვდება;
  • დიდ მოთამაშეებს „უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ ბაზარზე, ვიდრე სოფლად მცხოვრებ მცირე ფერმერებს“;
  • შესაძლოა, ხარჯები გაეზარდათ შუამავალ რგოლებს და, შესაბამისად, ისინიც დებენ ფასში ამ დანახარჯს;
  • რა თქმა უნდა, ამ კრიზისულ პერიოდშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად მაღალი მოგების მიღებას ცდილობენ;
  • ზოგადად, ყველას აქვს უფლება ისეთი ფასი დაადოს თავის პროდუქციას, როგორიც უღირს, მით უმეტეს, რომ ყველას გაუძვირდა ცხოვრება.

„იმ მეწარმეების კალათაშიც ხომ გაძვირდა ყველაფერი, რომლებიც ფერმერებისგან ყიდულობდნენ პროდუქციას და მიჰქონდათ ბაზრებში?! რა თქმა უნდა, ისინიც ცდილობენ მერე, რომ გაზარდონ თავიანთი შემოსავალი... მაგალითად, თუ მე და ჩემს ოჯახს პური, ყველი, თევზი და სხვა პროდუქტების ყიდვა გვიძვირდება, ცხადია, პომიდვრისა და კიტრის გაყიდვის დროს, მეც მეტი ფინანსური მოგების მიღებას შევეცდები“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

მისი პროგნოზით, საკარანტინო რეჟიმების გაუქმებისა და ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები, წესით, უნდა შემცირდეს. თუმცა ეს არ შეიძლება ითქვას იმპორტირებულ თუ ადგილზე წარმოებულ სხვა სახის პროდუქციაზე - „კვლავაც ფასების გაძვირებით მოხდება ლარის გაუფასურების რისკის გადაზღვევა“.

ის ასოციაციები კი, რომლებიც უშუალოდ ფერმერებს აერთიანებენ, მომავალს ამ ეტაპზე ძალიან მუქ ფერებში ხედავენ. თუკი სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს არ დაეხმარება, შესაძლოა პროდუქცია არათუ მხოლოდ გაძვირდეს, არამედ საერთოდ გაქრეს კიდეც.

მთავრობისგან ისმის დაპირებები, რომ გეგმა მალე იქნება წარმოდგენილი. მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი დეტალები არავინ იცის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG