Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გვემართება ზამთარში გრიპი და შველის თუ არა ვაქცინა?


ზამთრის დადგომასთან ერთად გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, შარშან 20 000 ვაქცინა იყო გამოწერილი, წელს სახელმწიფომ 100 000 ვაქცინა შეიძინა, რადგან შარშანდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოებამ ნელ-ნელა დაიწყო ვაქცინაცია, მაშინ როცა წინა წლებში რისკჯგუფში მყოფი ადამიანებიც კი ნაკლებად იცრებოდნენ.

რა უნდა იცოდეთ, სანამ სტატიის კითხვას გააგრძელებთ

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი.

არსებობს გრიპის ვირუსის ოთხი ტიპი: A, B, C, D; A B და C გრიპით აინფიცირებს ადამიანს.

საქართველოში შემოდის სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინა.

  • სამკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის ვირუსის 1 ვარიანტს;
  • ოთხკომპონენტიანი შეიცავს A ტიპის ვირუსის 2 ვარიანტს და B ტიპის რუსის 2 ვარიანტს.

რატომ არის საჭირო ვაქცინის გაკეთება

გრიპს შეიძლება გართულებები მოჰყვეს. სეზონზე ათიათასობით ადამიანი ავადდება და არსებობს გრიპისგან დაღუპვის შემთხვევებიც. იმისთვის რომ რისკჯგუფებს არ გაურთულდეთ გრიპი, საჭიროა ვაქცინაცია, - უპასუხა რადიო თავისუფლებას პაატა იმნაძემ

ვინ განეკუთვნება რისკჯგუფს

ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, სუნთქვის სისტემის დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები. მაღალი რისკის ქვეშ არიან დახურულ ტიპის ობიექტები: ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა თავშესაფრები. რისკის ქვეშ არიან ექიმებიც, რადგან ხშირად უწევთ პაციენტებთან ურთიერთობა.

რამდენად იცავს ვაქცინა გრიპისგან

გრიპის ვაქცინა იმით განსხვავდება სხვა ვაქცინებისგან, რომ მისი დამცველობითი ეფექტი არ არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 60 %-მდეა, მაგრამ იგი იცავს მძიმე გართულებებისგან. ყოველწლიურად ვაქცინა მზადდება იმ მოსალოდნელი შტამების საწინააღმდეგოდ, რომლის ცირკულაციაც არის მოსალოდნელი. იმიტომაცაა სამკომპონენტიანი და ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომ გათვალისწინებული იყოს გრიპის ის ვარიანტები, რომელიც შეიძლება შეხვდეს ადამიანს.

რატომ გვემართება ზამთარში გრიპი

ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება. ცივ გარემოში ვირუსი ძლებს, დაახლოებით, 7 საათს, მაშინ როდესაც სითბოში თითქმის მომენტალურად კვდება. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობს დახურულ გარემოში ყოფნა.

როდის დაიწყება ვაქცინაცია

კერძო კლინიკებში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია და ამ დროისთვის სამკომპონენტიანი ვაქცინები კეთდება.

ოქტომბრის ბოლოს კი ოთხკომპონენტიანი ვაქცინაც შემოვა და სახელმწიფო პროგრამით 100 000-მდე ადამიანისთვის, მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია იქნება უფასო (ორსულები, დიალიზზე მყოფი ადამიანები, მოხუცებულთა თავშესაფარში მყოფი ხანდაზმულები, დიაბეტიანი უფროსები და ბავშვები, ასევე სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები).

ფასიანია თუ უფასო?

სხვადასხვა კერძო კლინიკაში ვაქცინაცია 30-50 ლარამდე ჯდება,

სახელმწიფო პროგრამა კი უფასოა და კონკრეტულ ჯგუფებზეა გათვლილი.

ვაქცინაციის გვერდითი მოვლენა

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვაქცინას ყველაზე ნაკლებად ახასიათებს გვერდითი მოვლენა, ნემსის გაკეთება კი შეიძლება ვინმესთვის ისედაც უსიამოვნო იყოს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG