Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააკავეს აზერბაიჯანელი აქტივისტი საქართველოში?


ავთანდილ მამედოვი საპროტესტო აქციაზე თბილისში
ავთანდილ მამედოვი საპროტესტო აქციაზე თბილისში

საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი აქტივისტი, ბაქოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ავთანდილ მამედოვი ამჟამად მარნეულის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, ის, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება მამედოვს ედავება და თაღლითობად აფასებს, უფლებადამცველის ჩვეულებრივი საქმიანობის ნაწილია. მამედოვი ფიქრობს, რომ ბაქოს გაღიზიანება მან კრიტიკული განწყობითა და აქტიურობით გამოიწვია.

რამ გამოიწვია ბაქოს გაღიზიანება?

მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მარნეულში მცხოვრები ავთანდილ მამედოვი ქართველმა სამართალდამცველებმა 17 ივნისს, საკუთარ სახლთან დააკავეს. აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოში 2017 წლის აპრილის შემდეგ ცხოვრობს.

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელმაც დაკავებული უკვე ორჯერ მოინახულა, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მამედოვი თავის დაკავებას უკავშირებს მონაწილეობას აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაში -„ამან გამოიწვია აზერბაიჯანის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული მამედოვი თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. გამოძიების ინფორმაციით:

  • 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავთანდილ მამედოვის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით;
  • მამედოვს ბრალად ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს;
  • 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ის, რაც აზერბაიჯანის პროკურატურამ თაღლითობად შეაფასა, არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით - უფლებადამცველის საქმიანობის ნაწილია. ავთანდილ მამედოვის ადვოკატი განმარტავს, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოშიც არის დანერგილი და ის კანონის ფარგლებში ჯდება.

„ავთანდილ მამედოვი დაინტერესებულ პირებს სამოქალაქო საქმეებზე უწევდა წარმომადგენლობით დახმარებას. ეს დასაშვებია სამოქალაქო ურთიერთობებში.

ჩვენთანაც, მინდობილობის საფუძველზე, არა ადვოკატსაც შეუძლია გამოვიდეს სასამართლოზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში და წარმოადგინოს მოსარჩელისა თუ მოპასუხის ინტერესები.

აზერბაიჯანში ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გამოგონილი შემთხვევების გარდა, სწორედ რამდენიმე ასეთი შემთხვევაა აღწერილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატისთვის ნათელია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ავთანდილ მამედოვს კრიტიკული განწყობების გამო დაუპირისპირდა:

  • მამედოვი იყო დამკვირვებელი საარჩევნო პროცესებზე;
  • მამედოვი ატარებდა ტრეინინგებს ამომრჩეველთა უფლებებთან დაკავშირებით;
  • მამედოვი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
  • მამედოვი იყო სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა უფლებადაცვით საქმიანობას.

„როგორც თავად ბატონი ავთანდილი აღნიშნავს, გამოგონილი სისხლის სამართლის ბრალდება მიზნად ისახავს მის დაშინებასა და დევნას. სწორედ ამ დევნის გამო გახდა ის იძულებული, რომ საქართველოსთვის შეეფარებინა თავი“, - ამბობს ჩოფიკაშვილი.

აზერბაიჯანში ექსტრადიციის ალბათობა

ავთანდილ მამედოვი წითელი ცირკულარით იძებნება 2018 წლის 11 ივლისიდან, თუმცა, ადვოკატის თქმით, ამას მისთვის ხელი არასოდეს შეუშლია საქართველოში თავისუფლად ცხოვრებაში:

  • ყოველთვის ცნობილი იყო მისი საცხოვრებელი ადგილი;
  • მისი საქმეების განხილვა მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • თვალთვალს გრძნობდა და მისი მიმართვის საფუძველზე გამოძიებაც დაიწყო - დაზარალებულის სტატუსს ითხოვდა.

ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც აფგან მუხთარლის ოჯახის ინტერესებსაც იცავდა, ავთანდილ მამედოვის საქმეშიც ხედავს აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ხელწერას, დაიჭიროს და გზიდან ჩამოიშოროს მისთვის მიუღებელი პირები.

ადვოკატის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისში ჯერჯერობით არ არის ჩამოსული ავთანდილ მამედოვის ექსტრადირების მოთხოვნა. უკვე ჩამოსულია ძებნის თაობაზე გადაწყვეტილება და ამას მოჰყვება საექსტრადიციო პროცედურებიც.

თუმცა ექსტრადიციას ამ ეტაპზე ხელს უშლის ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები:

  • ავთანდილ მამედოვმა საქართველოში თავშესაფარი 2017 წელს მოითხოვა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მას მოთხოვნაზე უარი უთხრა;
  • უარი ადმინისტრაციული წესით არის გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში და განხილვა დროს მოითხოვს.

„განხილვის პირველი სხდომა 21 ივნისისთვის არის დანიშნული. განხილვის პროცედურებს ერთი თვე მაინც დასჭირდება. კანონით დაუშვებელია სტატუსის მაძიებელი პირის ექსტრადიცია“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG