Accessibility links

რატომ დააკავეს გავლენიანი სომეხი პარლამენტარი და „დონ პიპო“


ეჩმიაძინში გაჩხრიკეს მანველ გრიგორიანის ვილა, სადაც იპოვეს დიდი რაოდენობით „უკანონოდ შეძენილი“ იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც გრიგორიანი დააკავეს

სომხეთში დააკავეს გადამდგარი, მაგრამ კვლავაც გავლენიანი გენერალი და პარლამენტარი, მანველ გრიგორიანი, ისევე როგორც მასთან დაპირისპირებულად მიჩნეული არტურ ასატრიანი, რომელსაც სომხეთის მედიაში მოიხსენიებენ კრიმინალურ წრეებში გავლენიან პირად, „დონ პიპოდ“.

ორივეს მშობლიურ ქალაქ ეჩმიაძინში სომხეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა შაბათს ჩაატარეს რეიდები ასატრიანის რეზიდენციასა და მის კუთვნილ სხვა ობიექტებში, დააკავეს თავად ასატრიანი და კიდევ ოთხი ადამიანი (ოთხივე რუსეთის მოქალაქე). უშიშროების სამსახურის წერილობითი განცხადებით, ასატრიანი ეჭვმიტანილია იარაღის უკანონო შენახვასა და სამი ადამიანის მძევლად აყვანაში. იმავე დღეს გაჩხრიკეს ეჩმიაძინში მანველ გრიგორიანის ვილაც: იპოვეს დიდი რაოდენობით „უკანონოდ შეძენილი“ იარაღი და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც გრიგორიანი დააკავეს. რახან ის პარლამენტის წევრია, გამოხმაურება კრიტიკული აღმოჩნდა: სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქცია აღნიშნავს, რომ დაირღვა კონსტიტუციით განსაზღვრული წესები, რომლებიც დეპუტატის დაკავებას არეგულირებს.

მანველ გრიგორიანი
მანველ გრიგორიანი

61 წლის გრიგორიანი მთიანი ყარაბაღის ომის ვეტერანია და 2000-2008 წლებში სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ის ხელმძღვანელობს აგრეთვე ყარაბაღის ომის ვეტერანთა კავშირს - ორგანიზაციას, რომლიც განსაკუთრებით დიდი გავლენით სარგებლობდა 1990-იან და 2000-იან წლებში.

მანველ გრიგორიანისა და არტურ ასატრიანის დაკავების ფონზე, ეჩმიაძინში დაიწყო ორივეს მხარდამჭერთა აქციები. დემონსტრანტების ნაწილი მოითხოვს, ბოლო მოეღოს „შიშის ატმოსფეროს“, რომელსაც, მათი აზრით, მანველ გრიგორიანი ავრცელებს ეჩმიაძინსა და მიმდებარე სოფლებში. მათივე მოთხოვნაა, გადადგეს ქალაქის მერი - მანველ გრიგორიანის შვილი, კარენი, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამასთან, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეჩმიაძინელი დემონსტრანტები იყენებენ სლოგანებსა და ტაქტიკას, რომელთაც არცთუ დიდი ხნის წინ მოჰყვა სომხეთის მთავრობის გადადგომა და ხელისუფლების სათავეში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლა.

ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

ეს უკანასკნელი სკეპტიკურად არის განწყობილი. მიუღებელია, კრიმინალური ელემენტები ბილწავდნენ ჩვენი - სიყვარულისა და სოლიდარობის - რევოლუციის სიმბოლოებს და რევოლუციას მაფიის ომებისთვის იყენებდნენო, წერს ფაშინიანი ფეისბუკში.

ის, როგორც ჩანს, მიანიშნებს ცნობებზე, რომ გრიგორიანების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების უკან ასატრიანი და მისი ხალხი დგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG