Accessibility links

site logo site logo

რატომ დარჩა კახეთში 150-მდე ბავშვი ბაღის გარეშე


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ დიდ სოფელში, თითქმის ნახევარი წელია, ბავშვები საბავშვო ბაღის გარეშე არიან დარჩენილი.

გასული წლის შემოდგომაზე სოფელ ჭიაურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ამორტიზებული შენობის დანგრევა დაიწყეს, რადგან ახალი უნდა აეშენებინათ, თუმცა არც ძველი შენობაა ბოლომდე დაშლილი და არც ახლის მშენებლობა დაუწყიათ.

ჭიაურში მერის წარმომადგენელი, თანანა ხვედელიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შენობის დაშლის შედეგად დარჩენილი მეორადი სამშენებლო მასალები მერიის შესაბამის სამსახურს უნდა გადასცემოდა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების გაყიდვა დაიწყეს. ამის შემდეგ მერიამ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა, ხოლო კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

„დემონტაჟი დაიწყო, მაგრამ, როგორც მე ვიცი, მოხდა მასალების გაყიდვა. მერიამ შეაჩერა სამუშაოები და საქმე გადაეცა ფინანსურ პოლიციას. ეს მასალები არ უნდა გაყიდულიყო. უნდა მომხდარიყო დასაწყობება და შემდეგ მერია გადაწყვეტდა გაჭირვებულ მოსახლეობას გადასცემდნენ თუ რას იზამდნენ. მასალები უნებართვოდ გაყიდეს მათ, ვინც სადემონტაჟო სამუშაოებზე მუშაობდა“.

იმის შესახებ, თუ რატომ არ დაიწყო ბაგა-ბაღის მშენებლობა გასულ წელს, სოფელ ჭიაურში ადგილობრივებმა არაფერი იციან. არც იმის შესახებ სმენიათ, რომ მერიასა და კომპანიას შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. ადგილობრივი ციცინო სულაბერიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით დაზარალდნენ ის ბავშვები, რომლებიც წელს სკოლაში პირველ კლასში უნდა მივიდნენ.

„ჩვენ ბავშვებს სახლშიც ვასწავლით, მაგრამ იმდენს ვერა, როგორც ეს ბაღში ხდებოდა. ბავშვისთვის ბაღი აუცილებელია, ამიტომ ის უნდა აშენდეს დროულად და გაიხსნას, როგორც ამას წინასწარ დაგვპირდნენ“.

გასულ წელს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანშიც. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოძიებული იყო შესაბამისი თანხებიც, თუმცა სოფლის მოსახლეობამ ამ დრომდე არ იცის, რატომ არ დაიწყო ბაღის აშენება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუკი ახალი ბაღები არ აშენდებოდა, ძველი არ უნდა დაეშალათ. ჭაბუკიანშიც და სოფელ ჭიაურშიც მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ორივე სოფელში ამორტიზებული ბაღების სადემონტაჟო სამუშაოებს ერთი და იგივე კომპანია აწარმოებდა.

მერიასა და კომპანიას შორის რომ პრობლემებია, ამას ადასტურებს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილიც, თუმცა ის დეტალებზე მედიასთან არ ლაპარაკობს. მერის თქმით, ორივე ბაღის მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარზე მეტი იყო მოძიებული, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის ნოემბერში ბაღების ასაშენებლად ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა შერჩევა-შეფასების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

„ბავშვები გადანაწილდებიან ახლომდებარე ბაღებში. რაც შეეხება პრობლემას, საინვენტარიზაციო კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ მხარე ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას კეთილსინდისიერად, ამიტომ ჩვენ გადავდგით სამართლებრივი ნაბიჯი. საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერი გაიხსნა 2020 წლის ნოემბერში და შერჩევა-შეფასება ამ დრომდე გრძელდება. დანარჩენი თუ რამე გაინტერესებთ, უნდა მიმართოთ მუნიციპალური განვითარების ფონდს“.

რადიო თავისუფლება მუნიციპალური განვითარების ფონდსაც დაუკავშირდა. კომენტარი არ გააკეთეს იმის შესახებ, თუ რატომ არ დაიწყო ამ დრომდე ბაღების მშენებლობა ან როდის იგეგმება. ზეპირსიტყვიერად მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 5 თვის წინ გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. შესაბამისად, ამ დრომდე არავინ იცის, როდის ააშენებენ ახალ ბაღებს 150-მდე ბავშვისთვის.

ჩვენ დავუკავშირდით იმ კომპანიასაც, რომელსაც მერიამ სასამართლოში უჩივლა. შპს ჯი-სი-ბის წარმომადგენელი ჯარჯი ბაშინურიძე ჭიაურის ბაღიდან მეორადი სამშენებლო მასალების გაყიდვას კატეგორიულად უარყოფს. ბაშინურიძის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, მათ ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობა მძიმე ტექნიკის გამოყენებით უნდა დაენგრიათ, თუმცა მერიამ ზეპირსიტყვიერად მოითხოვა, რომ შენობა უნდა დაშლილიყო ცოცხალი მუშახელით, რათა სამშენებლო მასალები არ დაზიანებულიყო. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ცოცხალი მუშახელის დაქირავება ძვირი დაუჯდებოდათ და, ფაქტობრივად, საკუთარი ფინანსები უნდა გაეღოთ, რომ ბაღის შენობა დაშლილიყო.

ვიდრე მერია და სადემონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სამართლებრივად დაობენ, ხოლო ბაღების ასაშენებლად 5 თვის წინ გამოცხადებული ტენდერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ორი სოფლის ბავშვების უმეტესობა სკოლამდელი განათლების გარეშეა დარჩენილი. ბავშვების მშობლები და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ყველას არ აქვს ტრანსპორტირების შესაძლებლობა, რათა ბავშვები უახლოესი მეზობელი სოფლის ბაღში ატარონ, ამიტომ მათ იძულებით სახლში ყოფნა უწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG