Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ეშინიათ ქალებს დამოუკიდებლობის?


ავტორი: მაგდა ოსიტაშვილი

ქალთა უფლებებზე დღესდღეობით ბევრი სტატია თუ წიგნი იწერება, ბევრი ორგანიზაცია იქმნება უფლებების დაცვისთვის და უამრავი სამოქალქო აქტივისტი მიმართავს საზოგადოებას სხვადასხვა შთამაგონებელი სიტყვებით. შეიქმნა კანონებიც, სახელმწიფოებმა შექმნეს დაცვის მექანიზმები და შეიმუშავეს პრევენციის ეფექტური გზებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. ამის მიუხედავად, ქალების ჩაგვრის სტატისტიკა არა და არ ეცემა მინიმალურ მნიშვნელამდე. ძალადობის საბაბი უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და ტრადიციებია, რომლებიც მკაცრად უსაზღვრავენ ქალებს სოციუმში ქცევის წესებს. საინტერესოა, რა იწვევს ასეთი წესების დანერგვას, საიდან ჩნდება და საერთოდ, რატომ ექცევიან ადამიანები მათი გავლენის ქვეშ?

ბავშვობაში, როდესაც ნათესავები ერთად ვიკრიბებოდით, ყოველთვის ვიყოფოდით ორ ჯგუფად: გოგონებად და - ბიჭებად. გოგონები როგორც წესი იყვნენ სახლში, იღებავდნენ თვალებს, საუბრობდნენ ბავშვურ სასიყვარულო გატაცებებზე, ბიჭები კი გადიოდნენ ეზოში, უვლიდნენ ველოსიპედებს შემდეგი გასეირნებისთვის და აკეთებდნენ სხვადასხვა სამუშაო ინსტრუმენტებს. ერთ-ერთი ასეთი ნათესაური შეკრებისას, აღშფოთებულმა ბიცოლაჩემმა ეზოდან სახლში ძალით წამიყვანა. მითხრა „გოგონებთან შედი, ბიჭებთან რა გინდა, შენც ბიჭი ხომ არ ხარო?“ ვერაფრით გავიგე რა დავაშავე და მეც იძულებულმა დავიწყე წამწამების ასაპრეხი ფუნჯებისა და ტუჩსაცხების ყურება. გონება კი ისევ ეზოში მქონდა. მაინტერესებდა, თუ როგორ უნდა შემეკეთებინა ველოსიპედი და როგორ მიმემაგრებინა მისთვის დაზიანებული თვალი...

ახლანდელი გადასახედიდან უკეთესად ვხვდები როგორი ზეწოლის ქვეშ ექცევა ბავშვი, როცა ეწინააღმდეგებიან მის ნამდვილ სურვილებსა და მისწრაფებებს, ყველაზე მტკივნეული მაინც სტერეოტიპული ბოჭვაა, რადგან მცირეწლოვნები ვერ ხვდებიან არგუმენტის სამართლიანობას, ვერ ხვდებიან რატომ წარმოადგენს პრობლემას ის ფაქტი, რომ ისინი გოგონები არიან, რატომ არ შეუძლიათ მათაც, დაუღალავად ირბინონ და იყვნენ მშვიდად, რომ მათ „გოგო ხარ და სერიოზულობა შეგფერის“ არავინ ეტყვის. ჯერ კიდევ მერი უოლსტონკრაფტი ფიქრობდა, რომ ეზოში თამაში და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები გოგონებისთვისაც ისეთივე აუცილებელი იყო, როგორიც-ბიჭებისთვის. და რა მოხდა შემდეგ?

კიდევ ერთი საკითხისადმი მიდგომა - „ხალხი რას იტყვის“ ერთი მხრივ, ალბათ, ქალების მოგონილია. სწორედ იმ „ზარმაცი“ ქალების კატეგორიის მოგონილი, რომლებსაც სურთ საკუთარი უძრაობა საზოგადოებრივი სტერეოტიპებით გაამართლონ. მაგალითად, ისხდნენ სახლში და მოუარონ შვილებს, მოამზადონ სადილი, იზრუნონ სახლის სისუფთავეზე. დიასახლისების შრომა უდავოდ დასაფასებელია, მაგრამ აღნიშნული რუტინის პარალელურად ახალი იდეების, ახალი მიზნების, ინოვაციური და უფრო საინტერესო ცხოვრების შექმნის მცდელობების განხორციელება გაცილებით დიდ მორალურ და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, აქ კი იქმნება ილუზია, რომ დღევანდელი ქალები მსგავსი პასუხისმგებლობებისგან გაქცევას ცდილობენ. მათ უბრალოდ, არ სურთ დამოუკიდებლობა. ეშინიათ მისი.

აი, თუნდაც, სკოლაში, სადაც ჩვენი პიროვნული განვითარების საწყისებია, მასწავლებელთა უმეტესობას ქალები შეადგენენ. ნამდვილად, საინტერესო გაკვეთილები გვქონდა. გვიყვებოდნენ ბარბარე ჯორჯაძის, ეფემია მესხის, კატო მიქელაძისა და სხვათა შესახებ, ვისაც ოდესღაც რაიმე წვლილი ჰქონდა შეტანილი სხვადასხვა სფეროს განვითარებაში, გვაანალიზებინებდნენ მათ ქმედებებს, მათ ნაბიჯებს ქალთა უფლებებისთვის, გაკვეთილების შემდეგ კი- გოგონებს გვთხოვდნენ დარჩენას ბიჭების არეული მერხების დასალაგებლად...

ჩემი მცირეწლოვნობის ასაკიდან მამა ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები შემოეთავაზებინა, მეთამაშა ბურთით, ავმძვრალიყავი ხეზე, შევჯიბრებოდი სირბილში, ბაბუა კი ცდილობდა სხვადასხვა უცხო ენები ესწავლებინა, მაგრამ 22 წლის ასაკში, როცა ექიმთან კონსულტაციაზე მარტო წასვლა დავაპირე, ბებომ აღშფოთებულმა მომიგო: „მარტო არ წახვიდე, გათხოვილი ხომ არ ხარო“. პროტესტის შემდეგ კი დააყოლა „შენი პატრონი ჯერ მშობელია, შემდეგ კი -ქმარიო“.

ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდები ქალებს, რომლებიც განიხილავენ და განსჯიან სხვა ქალების პირად ცხოვრებას, რომ ვიღაც განათხოვარია, ვიღაცას „ნაბუშარი“ ჰყავს, რომ მას არავინ მოიყვანს ცოლად, ხაზს უსვამენ და განზრახ ქმნიან ისეთ პრობლემებს, რომლებზეც, როგორც აღმოჩნდა, მამაკაცების უმეტესობას პრეტენზია სრულებით არ აქვს.

აქედან გამომდინარე, მთავარი დაბრკოლება ისევ და ისევ ქალებში მგონია. ალბათ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საკუთარი უფლებებისთვის ეს არ არის საკმარისი, მგონია, უფრო მეტი ქალი უნდა გამოვიდეს თანასწორობის სადარაჯოზე და უფრო მეტმა ქალმა უნდა განიზრახოს, რომ შეცვალოს ცხოვრება. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი მიზნები და მისწრაფებები, იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ უნდათ, როგორც თვითონ მიაჩნიათ სწორად! არ უნდა შექმნან ისეთი კლიშეები, რომლებიც დააკნინებენ ქალთა უფლებებს და არ შთააგონებს მამაკაცების შემდეგ თაობებს, რომ ისინი ქალებზე რაიმე მხრივ მაღლა დგანან. ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთგაგებით და პიროვნული თავისუფლებით მიიღწევა, რომელიც შედეგად განვითარებულ გარემოს გვაძლევს! ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება და არ დაგვავიწყდეს, რომ ქალები და მამაკაცები თანაბარმნიშვნელოვნად ალამაზებენ სამყაროს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG