Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იბრძვიან კოლუმბიელები უკრაინისთვის


კოლუმბიელი ჯარისკაცი
კოლუმბიელი ჯარისკაცი

ასობით კოლუმბიელი იბრძვის უკრაინის მხარეს. კოლუმბიას, ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, ყველაზე დიდი არმია ჰყავს სამხრეთ ამერიკაში.

კოლუმბიელ ჯარისკაცებს ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიან, ამიტომ ისინი კარგად არიან მომზადებულები სხვადასხვა პირობებში საბრძოლველად.

მებრძოლი სახმობი სიგნალით „ჩეჩო“ 32 წლისაა. მან რამდენიმე კვირა გაატარა კიევის ოლქის ჰოსპიტალში, სადაც კოლუმბიიდან ჩამოსულ ორმოცდაათ სხვა მოხალისესთან ერთად მოხვდა ფრონტზე მიღებული ჭრილობის შემდეგ.

„საბრძოლო მასალა აფეთქდა, ნამსხვრევი მომხვდა სახეში, მარცხენა ყვრიმალთან. კონტუზია მივიღე, - ამბობს Тhe Current Time-თან საუბარში "ჩეჩო", რომელიც არ აზუსტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე მიიღო ჭრილობა.

"ჩეჩო" იმყოფება თავისი სახლიდან, ჩრდილოეთ კოლუმბიაში მდებარე ქალაქ მედელინიდან, 10 ათასი კილომეტრის დაშორებით. ფორმის სახელოზე დამაგრებული ნიშნებიდან გამომდინარე, იგი იბრძვის ბატალიონ „Карпа́тська Січ“-ის შემადგენლობაში. ამ ბატალიონის ჯარისკაცები იზიუმისთვისაც იბრძოდნენ. იქვე, ხარკოვის ოლქში, 2023 წლის აგვისტოს ბრძოლებში მონაწილეობდა კიდევ ერთი კოლუმბიელი, ოსკარ ტრიანა.

"ბედნიერი იყო, ამბობდა, რომ ძალიან მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა. მაგრამ ერთ თვეში ძალიან შეეცვალა სახე. აშკარა იყო, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში იბრძოდა. შეწყვიტა პირის გაპარსვა, აშკარა იყო, რომ სერიოზული დაბომბვები და შეტაკებები ხდებოდა“, - იხსენებს ოსკარის ნათესავი დიეგო ესპიტია.

ოსკარის ოჯახს შეტყობინებები შემოდგომის შემდეგ აღარ მიუღია. სააგენტო Associated Press-მა გაარკვია, რომ ის უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

"ვიღებთ განსხვავებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის დაიღუპა, რომ თითქოს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, რომ თითქოს ტყვედ ჩავარდა. იმედი გვაქვს, რომ ცოცხალია", - ამბობს დიეგო ესპიტია.

კიევი საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელების შესახებ. თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში უკრაინაში დაახლოებით 20 ათასი უცხოელი (ორმოცდაათი ქვეყნის წარმომადგენელი) ჩავიდა.

კოლუმბიელი სამხედროებისთვის სხვა ქვეყანაში ბრძოლა არ არის ახალი გამოცდილება. კოლუმბიის არმია ყველაზე დიდია სამხრეთ ამერიკაში, დაახლოებით 250 ათას ადამიანს ითვლის. კოლუმბიის არმიის მრავალრიცხოვნების მიზეზად სახელდება სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. ჯარისკაცები კარგად არიან გაწვრთნილი და ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა კონფლიქტებში დაქირავებულ ჯარისკაცებად.

„პროფესიონალი სამხედრო, რომელიც ექვსი წელი სწავლობდა, კოლუმბიაში გამოიმუშავებს დაახლოებით 600 დოლარს, რაც უმნიშვნელო თანხაა იმასთან შედარებით, რა საფრთხეც მას ემუქრება ჯუნგლებში 24 საათი ყოფნის დროს. ამავდროულად, უკრაინაში იგივე ჯარისკაცი იღებს სამიდან ოთხ ათასამდე დოლარს თვეში”, - ამბობს ყოფილი სამხედრო ჰექტორ ბერნალი.

ბერნალი ხელმძღვანელობს ტაქტიკური მედიცინის ცენტრს კოლუმბიაში. მისი თქმით, ბოლო რვა თვის განმავლობაში უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა მის საწვრთნელ პროგრამაში მონაწილე 20 კოლუმბიელი. როგორც ბერნალი ამბობს, უმეტესობა ამას ფულისთვის აკეთებს. თუმცა „ჩეჩო“ ირწმუნება, რომ მას მხოლოდ ფინანსური ინტერესი არ ამოძრავებს.

"ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ღვთის თვალში. ჩვენ გვინდა თანასწორობა. ჩვენს უკრაინელ ძმებს უნდა ჰქონდეთ ისეთივე თავისუფლება, როგორიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ", - ამბობს "ჩეჩო".

XS
SM
MD
LG