Accessibility links

რატომ უყვართ შეთქმულების თეორიები


ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, როდესაც საქართველოს ცაზე ხალხი მფრინავ თეფშებს ხედავდა. ამას მოჰყვა მასონები, რუსეთის აგენტები და სხვა უამრავი რამ, რაც პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემის წარმოქმნაში იყო „დამნაშავე“.ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ არარსებული მტრის ხატისა და შეთქმულების თეორიების უკან სტრესით გამოწვეული ფსიქოლოგიური პრობლემები იმალება.

ყველას ეგონა, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა

ფსიქოთერაპევტი გიგა მამინაშვილი ამბობს, რომ ეს მოვლენა უკავშირდება საბჭოთა კავშირის რღვევას, რამაც საზოგადოებაში ფუნდამენტური ძვრები გამოიწვია. მოსახლეობას მოუხდა შეჩვეული ერთი სისტემიდან რადიკალურად განსხვავებულზე გადაწყობა, რასაც ბევრი პრობლემა მოჰყვა. შესაბამისად, საჭირო გახდა „მტერი“, რომელიც ყველაფერში იქნებოდა დამნაშავე.

„ეროვნული მოძრაობის დროს ასეთი იყო რუსეთის აგენტები, თუმცა ამაში, რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალიც ერია. მერე იყო დევნის განცდა, რამაც სააკაშვილის პერიოდშიც იჩინა თავი. ყველას ეგონა, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა. ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და არანაირი შეხება არა აქვს პოლიტიკასთან, რატომ უნდა ფიქრობდეს, რომ მის ტელეფონს უსმენენ?! იგივე თემა გახლდათ ჩიპიანი პასპორტები და იეღოველები, ამჯერად კი არის ლგბტ თემი და „ამერიკა წამლავს ჩვენს კულტურას“, - ამბობს გიგა მამინაშვილი.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკობენ, სრულიად სჯერათ თავიანთი სიმართლის და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.

ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ საიდუმლო შეთქმულებებით გატაცება კიდევ უფრო ადრე, დემოკრატიული პროცესების განვითარებასთან ერთად დაიწყო, როდესაც ეკლესიის როლი საზოგადოებაში შედარებით შესუსტდა.

გაგა ნიჟარაძე
გაგა ნიჟარაძე

„ადრე იყო რწმენა, რომ ღმერთი ყველაფერს მართავს. მერე ეს რწმენა შეირყა. ძალიან ძნელი გასააზრებელია ადამიანისთვის, რომ ის მარტო არის გადაგდებული სამყაროში, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და თან მასზეც არ არის... ამიტომ ამას ჩაენაცვლა რწმენა იმისა, რომ სადღაც არის ჯგუფი, როგორც წესი, ავი ადამიანებისგან შემდგარი. ეს მორწმუნეებსაც ახასიათებთ. მატერიალური მდგომარეობა კარგი არ არის და ისინიც ფიქრობენ, ღმერთი ჰო კეთილია, ესე იგი მას ვიღაც ბნელი ძალები უშლიან ხელს. ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია ასე ფიქრი“, - ამბობს გაგა ნიჟარაძე.

ფსიქოლოგის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განსაკუთრებით აღსანიშნავია არჩევნებისადმი უნდობლობა, რადგან საზოგადოება ფიქრობს, რომ მისი მონაწილეობით მაინც არაფერი შეიცვლება და არჩევნებს მაინც გააყალბებენ. ასევე ეკონომიკური კრიზისის დროს მკვეთრად იზრდება პარანორმალური მოვლენების რიცხვიც, როგორიცაა უცხოპლანეტელების ვიზიტები, მკურნალები, ნათელმხილველები - ეს ყველაფერი ხალხისთვის ან ღმერთის ჩანაცვლებაა, ან, პირიქით, - ბოროტი ძალის.

„მასონები, იეზუიტები... ჯგუფები, რომლებიც არავის უნახავს და თუნდაც არსებობდნენ, მათი როლი მაინც ძალზე გადაჭარბებითაა შეფასებული“,- ამბობს გაგა ნიჟარაძე.

შეთქმულების თეორიის მონათესავე მოვლენაა ე.წ. „დაცვის ბიჭების მონაყოლი“, როდესაც პირი დარწმუნებით ჰყვება ახლობლისგან გაგონილ „საიდუმლოს“.

„ამას ინფორმაციული დომინანტობა ჰქვია. როდესაც მე რაღაც ვიცი და სხვებმა არ იციან ან, სულაც, ვიგონებ, „მინისტრის მძღოლმა მითხრა“.ვთქვათ, სამწუხარო ამბავი მოხდა, კლასში თამრიკოს ბებია გარდაეცვალა, ამის შესახებ კი პირველმა გურამმა გაიგო.გურამი ყველასთან რეკავს, ატყობინებს და მას ეს უხარია“, - ამბობს ნიჟარაძე.

ფსიქოლოგის თქმით, შეთქმულების თეორია არცთუ იშვიათად იწვევს მასობრივ პანიკას. ამის მაგალითი იყო მე-10 საუკუნის ევროპა, როდესაც ევროპელები 1000-იანი წლების დამდეგს მეორედ მოსვლას ვარაუდობდნენ, და 2012 წელი, როდესაც მაიას კალენდარზე დაყრდნობით, საზოგადოება აპოკალიფსს ელოდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG