Accessibility links

site logo site logo

რატომ შეაჩერა ბევრმა ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ აცრა


ათზე მეტმა ქვეყანამ - მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა - დროებით შეაჩერა კორონავირუსის წინააღმდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ დანიასა და ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანს აცრის შემდეგ თრომბი განუვითარდა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამაში დამნაშავე სწორედ აცრა იყო.

ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ვაქცინა იწვევს თრომბს. აი, რა ვიცით (და რა არ ვიცით) დღეს.

რა მოხდა?

დანია პირველი ქვეყანა იყო, სადაც გასულ კვირას შეაჩერეს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, რამდენიმე ადამიანს დოზის მიღების შემდეგ თრომბი განუვითარდა, მათ შორის ერთ ადამიანს რამდენიმე თრომბი განუვითარდა და გარდაიცვალა. დანიის ჯანდაცვის მესვეურებმა განაცხადეს, რომ შეჩერება სულ მცირე 2 კვირას გასტანს, ვიდრე შემთხვევებს შეისწავლიან. ამავე დროს, მათ თქვეს, „ვერ დავასკვნით, რომ კავშირია ვაქცინასა და თრომბის წარმოქმნას შორისო“.

მალე ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს ნორვეგიამ, ისლანდიამ, ტაილანდმა და კონგომ. შაბათს ნორვეგიამ განაცხადა, რომ 50 წელზე ახალგაზრდა 4 ადამიანს, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღო, თრომბოციტების უჩვეულოდ მცირე რაოდენობა დაუფიქსირდა. ამან შეიძლება მწვავე სისხლდენა გამოიწვიოს. ამის შემდეგ ირლანდიამ და ნიდერლანდებმაც მიიღეს გადაწყვეტილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დროებით შეჩერების შესახებ.

გერმანიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ გააგრძელებდა ვაქცინის გამოყენებას, თუმცა ორშაბათს - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები მორიგი პრობლემების შესახებ - გადაწყვეტილება შეცვალეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც, თქვა, რომ საფრანგეთიც შეაჩერებდა მის გამოყენებას სულ მცირე სამშაბათამდე. მალე ასეთივე განცხადებები გააკეთეს იტალიამ და ესპანეთმაც.

საპასუხოდ „ასტრაზენეკამ“ განაცხადა, რომ გულდასმით შეისწავლა მონაცემები ევროპაში აცრილი 17 მილიონი ადამიანის შესახებ და აღმოაჩინა, რომ თრომბი 37 ადამიანს განუვითარდა. მათი დასკვნით, არ არსებობს „მტკიცებულება თრომბის ჩამოყალიბების გაზრდილი რისკის“ შესახებ რომელიმე ასაკობრივ ან გენდერულ ჯგუფში რომელიმე ქვეყანაში.

„ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, როგორც წესი, ბუნებრივად ხდება ხოლმე, ზოგადად, მოსახლეობაში, და მსგავსია სხვა ლიცენზირებული COVID-19-ის ვაქცინებისა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვაქცინაა დამნაშავე?

არა. ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა: „არ არსებობს მინიშნება, რომ ეს ვითარება ვაქცინამ შექმნა“. ევროკავშირის მაკონტროლებელმა ორგანომ თქვა, რომ გამოძიება გრძელდება და ყველა მონაცემი „გულმოდგინედ მუშავდება“. სააგენტოს პოზიციაა, რომ ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი მეტია, ვიდრე შესაძლო გვერდითი მოვლენებისგან გამოწვეული ზიანი.

დიდ ბრიტანეთში, სადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ყველაზე მეტი, 11 მილიონი დოზა, გაკეთდა, აცრის შემდეგ თრომბი 11 ადამიანს განუვითარდა. არც ერთის მიზეზად ვაქცინა არ სახელდება.

ზოგიერთი ექიმის აზრით, რადგან ვაქცინაციის კამპანია, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას შეეხო, სავარაუდოა, რომ იმუნიზებულ ადამიანებს უკვე ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები. ექსპერტების თქმით, ეს ართულებს მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას.

მაშ, რატომ შეაჩერეს ვაქცინაცია?

ყოველ ჯერზე, როდესაც მასობრივი იმუნიზაციის პროცესი იწყება, მეცნიერები ელიან, რომ გავრცელდება ცნობები სერიოზული პრობლემებისა და სიკვდილის შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ მილიონობით ადამიანი იცრება და ამ რაოდენობის მოსახლეობაში ჯანმრთელობის პრობლემები თავისით, ბუნებრივადაც ჩნდება. ამ პრობლემების აბსოლუტური უმეტესობა არაა კავშირში ვაქცინასთან, თუმცა, რადგან კორონავირუსის ვაქცინები ახალია და არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები, მეცნიერებმა უნდა გამოიძიონ მოულოდნელი გვერდითი მოვლენების ყველა შესაძლებლობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის 300 მილიონი დოზა გაკეთდა. „არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ერთ მათგანს მაინც გამოეწვიოს სიკვდილი“.

რა ხდება სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით

ევროპის წამლის სააგენტო ამჟამად შეისწავლის „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შესაძლო კავშირს თრომბოციტების შემცირებულ დონესთან ზოგ პაციენტში.

კიდევ რა შეკითხვებია „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით

ვაქცინა გამოყენებისთვის ნებადართულია 50-ზე მეტ ქვეყანაში და ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტიანია. თუმცა ჩნდებოდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სრული იყო კომპანიის მიერ გავრცელებული მონაცემები. ევროპის ზოგიერთმა ლიდერმა, მათ შორის ემანუელ მაკრონმა, წამოჭრა შეკითხვა, თუ რამდენად ეფექტიანი იყო ეს აცრა ასაკოვან ადამიანებში და შეშფოთების მიზეზად მონაცემთა ნაკლებობა დაასახელა.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ 30 ათასი ამერიკელის კვლევა უჩვეულოდ გრძელი ვადით - 6 კვირით - შეაჩერა, რათა უკეთ შეესწავლათ ბრიტანეთიდან გავრცელებული ცნობები შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.

ამის მიუხედავად, ბრიტანელი ექსპერტი, პოლ ჰანტერი, ამბობს: „ყველა მონაცემი, რომელიც კი „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით გვინახავს, ადასტურებს, რომ ის უსაფრთხოა და ადამიანებს COVID-ით სიკვდილისგან იცავს. უფრო აღქმის პრობლემად მეჩვენება ის, რომ, როგორც კი ვაქცინასთან დაკავშირებით შეკითხვა ჩნდება, მაშინვე „ასტრაზენეკას“ სახელი გვესმის“.

რას ურჩევენ ექსპერტები ხალხს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები აცხადებენ, რომ იმუნიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და რომ ვაქცინასთან დაკავშირებული შესაძლო რისკი გაცილებით მცირეა, ვიდრე ზიანი, რომელიც კორონავირუსმა შეიძლება მოიტანოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG