Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყვეტილი ფრენა - რატომ შემოკლდა საჰაერო ბურთის საბედისწერო მარშრუტი?


რევაზ უთურგაურის საჰაერო ბურთს კიდევ 160 კილომეტრი უნდა ეფრინა, აზერბაიჯანის საზღვრამდე; მაგრამ კატასტროფა ქვემო ქართლის სოფელში დაშვებისას განიცადა და სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რა მიზეზით გადაწყვიტა ეკიპაჟმა საფრენი მარშრუტის შემოკლება? - რადიო თავისუფლება მთავარ შეკითხვებზე პასუხებს ეძებს. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

ბორტზე ორი ძალიან გამოცდილი პილოტი იყო - ქართველი და პოლონელი. კშიშტოფ ზაპარტი, ცნობილი პოლონელი მფრინავი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა შარშან, როდესაც აშშ-ში მისი საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ „აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება“, მაგრამ უწყების ინსტრუქტორები საჰაერო ხომალდს უშუალოდ გაფრენის წინ არ ამოწმებენ. სახელმწიფო უწყებებთან მხოლოდ ფრენის ძირითადი გეგმა თანხმდება.

დაიღუპნენ საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი, მფრინავ-ინსტრუქტორი რევაზ უთურგაური, პოლონელი მფრინავი კშიშტოფ ზაპარტი და ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი - მიშო ბიძინაშვილი.

შეწყვეტილი ფრენა

სითბური საჰაერო ბურთი, 7 თებერვალს, ფოთის სტადიონიდან 08:30 საათზე აფრინდა. დრო, თავის ფეისბუკპოსტში, რევაზ უთურგაურმა დააფიქსირა.

ვიცით ასევე, რომ ეკიპაჟი 400 კილომეტრის გაფრენას გეგმავდა: ფოთიდან [სამეგრელო] ვაშლოვანის ეროვნულ პარკამდე [კახეთი] - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს. იმ დღეს აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა.

ფოთიდან ქვემო ქართლის სოფელ ასურეთამდე (სადაც ტრაგედია მოხდა) დაახლოებით 250 კილომეტრია. მარშრუტის დასრულებამდე - ვაშლოვანის ნაკრძალამდე კიდევ დაახლოებით 160 კილომეტრი რჩებოდა.

პოლონელმა პილოტმა კშიშტოფ ზაპარტმა ბოლო ფოტო 7 თებერვალს, 11:17 წუთზე გამოაქვეყნა და დაწერა - „მთები ლამაზია!“.

ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ პოსტში კი წერს, რომ უკვე 2.5 საათია, რაც ცაში არიან.

  • საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია 7 თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე გავრცელდა.
  • ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საჰაერო ბურთი დაფრენას ცდილობს, თითქმის ახერხებს კიდეც და შემდეგ - სავარაუდოდ, ქარის ზემოქმედებით, ელექტროგადამცემ ხაზებს ეჯახება და ცეცხლი ეკიდება.

რადიო თავისუფლებისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომლის ოფიციალურ სტრუქტურებში გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, ეკიპაჟმა დროზე ადრე დაფრენის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი შეტყობინებაც გაგზავნა.

  • კონკრეტულად რა ინფორმაცია მიაწოდა საჰაერო ბურთის ეკიპაჟმა საქაერონავიგაციას?
  • რა სახის კომუნიკაცია შედგა აფრენამდე, ფრენისას და საბედისწერო დაფრენამდე?
  • იყო თუ არა და რომელ საათზე შევიდა შეტყობინება მარშრუტის დამოკლებისა და კახეთის ნაცვლად ქვემო ქართლში დაფრენის შესახებ?
  • ხომ არ იყო ინფორმაცია რაიმე სახის ხიფათის შესახებ?

საქაერონავიგაციაში რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხეს - ჯერ გამოძიება უნდა დასრულდესო.

ტრაგედიის მიზეზებს იძიებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა).

საჰაერო კოდექსის თანახმად, საჰაერო ხომალდის [მათ შორის - აეროსტატის] ფრენა სრულდება ფრენის გეგმის საფუძველზე, ხოლო ფრენის გეგმა წარედგინება „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს“ - ე.ი. საქაერონავიგაციას. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ეკიპაჟმა ეს მოთხოვნა შეასრულა.

კანონმდებლობის თანახმად და ICAO-ს [სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია] შესაბამისად, საქაერონავიგაციას არ ევალება G კლასის საჰაერო ზონაში [3000 მეტრამდე ზღვის დონიდან] მფრინავი ხომალდების, მათ შორის - საჰაერო ბურთების გადაადგილების მეთვალყურეობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეკიპაჟი მოითხოვს - გარკვეული ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

ფრენისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გასცემს; მათ შორის - უსაფრთხოებისა თუ პილოტების კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

7 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში სააგენტო აღნიშნავს, რომ:

  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეამოწმებული ჰქონდა აეროსტატი.
  • სითბურ აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები.
  • დიდ ბრიტანეთში 2022 წელს წარმოებული აეროსტატი - Cameron Balloons Z-315 - იმავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).

შემოწმება უშუალოდ აფრენამდე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საჰაერო ბურთებს უშუალოდ ფრენის წინ თავად ეკიპაჟი ამოწმებს; ხოლო სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი საჰაერო ხომალდებს გარკვეული პერიოდულობით ამოწმებს და ასევე გასცემს ფრენის ვარგისობის სერტიფიკატს.

არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც პილოტები შეიძლება იძულებული გახდნენ, ფრენა შეწყვიტონ.

მიზანი კი ყოველთვის ერთია - კატასტროფის თავიდან არიდება.

საქართველოში დაღუპული პოლონელი პილოტი კშიშტოფ ზეპარტი პოლონეთის ტელევიზიაში სტუმრობისას ჰყვებოდა, რომ 2021 წელს, აშშ-ის ტურნირში მონაწილეობისას, ფრენა 950 კმ-ზე შეწყვიტეს - "წყალბადმა გაჟონა" და შესაძლოა ხომალდი აფეთქებულიყო.

ამავე გადაცემაში მან გაიხსენა, რომ - ზოგჯერ იტყუება აპარატურაც - მაგალითად, აჩვენებს, რომ კალათის ქვევით წყალია და როცა ღრუბლებს ჩამოცდები და შეხედავ - შესაძლოა სულაც ტუნდრა იყო.

ვინ არის საქართველოში დაღუპული პოლონელი პილოტი?

„დიდი დანაკარგია პოლონეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“, „შეყვარებული იყო თავის საქმეზე“, „ფრენის მიმართ მისი ლტოლვა ყოველთვის შთამბეჭდავი იყო“, „როგორ უყვარდა ცა“, - წერენ პოლონელები სოციალურ ქსელში, კშიშტოფ ზეპარტის დაღუპვის შემდეგ.

52 წლის ზაპარტი გამოცდილი და ტიტულოვანი პილოტი იყო, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წევრი - მნიშვნელოვანი მიღწევებით შორ დისტანციაზე ფრენაში.

პოლონეთის მასშტაბით რეკორდი მან 2015 წელს დაამყარა - 1514 კმ-იან დისტანციაზე.

2017 წელს, ამერიკელ მეწყვილესთან ერთად, America's Challenge-ის ტურნირზე, 20 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა, როცა 69-საათიანი ფრენის დროს - 3526 კილომეტრი დაფარა. პირველ ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. სამჯერ მოხვდა Gordon Bennett-ის პრესტიჟული სიის ყველაზე შედეგიანი პილოტების ხუთეულში.

შარშან, Gordon Bennett-ის ტურნირზე, კშიშტოფ ზაპარტი და მისი პოლონელი მეწყვილე, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

როგორც მედია წერდა - საჰაერო ბუშტს ცეცხლი წაეკიდა - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძთან შეჯახების გამო. დაშავებულები დალასის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. „მივიღეთ მრავლობითი ტრავმები, მოტეხილობები, დამწვრობა, დაჟეჟილობა“, - წერდნენ 2023 წლის ნოემბერში კშიშტოფ ზაპარტი და მისი მეწყვილე - პიტერ ხალასი, რომელსაც საავადმყოფოში დარჩენა უფრო დიდხანს მოუწია.

„აღარ გვექნება მეტი რეკორდი ამერიკაში... ლურჯი ცა, კშიშტოფ. მისია შესრულებულია!“, - წერია Gordon Bennett-ის პოლონური გუნდის ფეისბუკგვერდზე.

ბოლო საბედისწერო ფრენა, საქართველოში, მომავალი მსოფლიო რეკორდისთვის მზადების ნაწილი იყო.

რევაზ უთურგაურის ოცნება

საქართველოს აერონავტიკის ფედერაციის პრეზიდენტი, Sky Travel Group-ის დამფუძნებელი, 70 წლის რევაზ უთურგაური, საქართველოს ხუთგზის რეკორდსმენი და საერთაშორისო საავიაციო სპორტის ფედერაციაში [FAI] საქართველოს დელეგატი იყო.

ფრენას ოცნებას უწოდებდა და ამბობდა, რომ ფრენის ოცნებები საქართველოშიც ბევრს აუსრულა.

რევაზ უთურგაურის ორგანიზებით საქართველოში არაერთი საერთაშორისო ტურნირიც ჩატარდა. Sky Travel-ის საჰაერო ბურთები კი, მუხრანისა და ალაზნის ველებზე დაფრინავენ.

საქართველოს პარაპლანინგის ფედერაციის ხელმძღვანელი ირაკლი კაპანაძე კარგად იცნობდა რევაზ უთურგაურს და წარსულში მასთან ერთად მუშაობდა კიდეც.

„რაც მე ნანახი მაქვს, ბატონი რეზო კარგი მფრინავი იყო. სერტიფიკატი, თავის დროზე, აღებული ჰქონდა რუსეთში, როცა იქ საჰაერო ბურთების კარგი სკოლა იყო... ძალიან მონდომებული ადამიანი იყო - დადიოდა პოლონეთში, ჩეხეთში, ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებას - კარგი პილოტი იყო და ამბიციური ადამიანიც“, - ირაკლი კაპანაძე ამბობს, რომ 7 თებერვალს ჩაფიქრებული ფრენის შედეგად ნამდვილად დამყარდებოდა ეროვნული რეკორდი. თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ - რაღაცებს უკეთესი გათვლა და მომზადება სჭირდებოდა.

რისკი და სიამოვნება

საჰაერო ბურთის მოძრაობას მთლიანად ქარის სიჩქარე და მიმართულება განსაზღვრავს. შესაძლებელია მხოლოდ სიმაღლის რეგულირება - ქვემოდან შენთებული ცეცხლის გაძლიერებით ან შესუსტებით. ცეცხლი ჰაერს ათბობს, ამსუბუქებს და ბურთს გაწევის ძალა ემატება.

სიმაღლის შეცვლისას, ყოველ დონეზე, მიმართულებას კვლავ ქარი წყვეტს. თუ მიმართულება არასასურველია, ბურთმა ისევ სიმაღლე უნდა შეიცვალოს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საჰაერო ბურთებით ფრენაში ყველაზე რთული - მიწაზე დაშვებაა.

დასაჯდომად გამოდგება მხოლოდ გაშლილი სივრცე - შენობების, ხეებისა და ბოძების გარეშე. დაშვებისას ქარი არ უნდა იყოს ძლიერი და საჭიროა საკმარისი ადგილი როგორც კალათისთვის, ასევე უშუალოდ ბურთისთვის, რომელიც თავისუფალი ვარდნის დროს იფუშება.

ამ დროს მგზავრები, რაც შეიძლება მაგრად უნდა ჩაეჭიდნონ ბაგირებსა თუ კალათის სახელურებს. დიდია ალბათობა, რომ დაშვებისას კალათი გადაყირავდეს.

საჰაერო ბურთი, სულ მცირე, 4-5 ტონას იწონის, სიგრძე-სიგანე რამდენიმე ათეული მეტრია, ხოლო მოცულობა - რამდენიმე ათასი კუბური მეტრი.

საჰაერო ბურთით ფრენა დაუვიწყარი თავგადასავალია, მაგრამ არცთუ იშვიათად დასრულებულა უბედური შემთხვევით. გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი, რაც ზოგჯერ ძალიან გამოცდილი პილოტების შესაძლებლობებსაც სცდება.

  • 2016 წლის ივლისში, აშშ-ის ტეხასის შტატში 16 ადამიანი დაიღუპა - საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა.
  • 2013 წლის თებერვალში - 19 ადამიანი დაიღუპა - საწვავის გაჟონვის გამო კალათს ცეცხლი გაუჩნდა.
  • 2012 წლის იანვარში, ახალ ზელანდიაში - 11 ადამიანი დაიღუპა - ცეცხლი გაუჩნდა ელექტროგადამცემ ხაზებთან შეჯახების შედეგად.

ხშირია შემთხვევები, როცა საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძებს ეჯახება. არის კლდესთან, ხეებსა თუ შენობებთან შეჯახების ფაქტებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG