Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ხაჯიმბა: "აეროპორტის გახსნას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება"


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

16 აგვისტოს სოხუმში გაიმართა შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტსა და რესპუბლიკის სომხური თემის წარმომადგენლებს შორის. მასზე ხაჯიმბამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას წელიწადნახევარი დასჭირდება, საზღვაო მიმოსვლისას კი - ერთი წელი. იმავე დღეს გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის თათბირი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას მეთაურობით. მასზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის რეგულარული საკრუიზო კავშირის დამყარება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში სოხუმის აეროპორტისა და საზღვაო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ხშირად საუბრობენ, მაგრამ, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკაში ამბობენ, საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრა მხოლოდ ახლა მოხერხდა. ახლახან სოხუმის აეროპორტსა და რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს მიენიჭა საერთაშორისო ოთხნიშნა კოდი - URAS.

როგორც სომხურ თემთან შეხვედრაზე ახსენა ხაჯიმბამ, მისი ოპონენტების თქმით, მთავრობა ავიამიმოსვლის განახლებაზე იმიტომ ზრუნავს, რომ მოახლოებულია არჩევნები. მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესიაო, თქვა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

„გულახდილად გეუბნებით: მივიღე რუსეთის პირველი პირის მხარდაჭერა. მან მხარი დაგვიჭირა ამ საკითხში. ჩვენ მხარი დაგვიჭირა ინვესტორმა, რომელიც ამ საქმეში საკუთარ ფულს აბანდებს. ვფიქრობ, რომ არ მოიპოვება ადამიანი, ვინც კი გულგრილი იქნებოდა ამ პროცესის მიმართ. იმის თქმა, რომ აეროპორტი არ იქნება - ეს პოლიტიკური თამაშია. ეს მავნებელია მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის,“ განაცხადა შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ.

რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლის განახლებას, შეხვედრაზე ხაჯიმბამ თქვა, რომ 16 აგვისტოს რესპუბლიკაში რუსეთის პირველი დელეგაცია ჩავიდა ამ საკითხის განსახილველად. „დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წელს უკვე სრულიად სხვა ვითარება გვექნება საზღვაო მიმოსვლასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო კომპანია „აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლასა“ და შ.პ.ს. „შავი ზღვის კრუიზებს“ შორის 19 თებერვალს სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთის საზღვაო პორტებსა და რუსეთს შორის მიმოსვლის შესახებ.

„აფხაზეთის საზღვაო მიმოსვლის“ გენერალური დირექტორის, დაურ არძინბას თქმით, 3 აგვისტოს ხელი მოეწერა საგზაო რუკას, გაწერილია შემდეგი ნაბიჯები.

არძინბამ თქვა, რომ ოქტომბერში სოხუმის პორტში სატესტო რეჟიმში შევა რუსეთის საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“.

16 აპრილს გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზახარი ჯიოევმა განაცხადა, რომ შედგა შეხვედრები აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან და პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან, რომლებზეც განიხილეს სოხუმის პორტში რუსეთის ლაინერ „კნიაზ ვლადიმირის“ შესვლასთან დაკავშირებული საკითხები. აქამდე ეს ლაინერი დაცურავს მარშრუტზე სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭი. ჯიოევის თანახმად, მრავალ მგზავრს სურს მარშრუტის გაგრძელება სოხუმამდე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მგზავრებისთვის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის პროცედურის გამარტივებაზე. ჯიოევის თქმით, ეს ყველაზე რთული საკითხია, მაგრამ მხარეებმა „შეძლეს მისი გადაწყვეტის გზების გამონახვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG