Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას გაასაჩივრებს.

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც რაულ ხაჯიმბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება:

„გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება, ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“.

10 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკასაციო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნები ბათილად აღიარა, რითაც დააკმაყოფილა საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას საკასაციო საჩივარი, რომელიც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების უკანონოდ და ბათილად გამოცხადების მოთხოვნის სარჩელს.

მოსამართლე ტემურ ტარბას სიტყვებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების შესახებ ბათილად გამოცხადდა და დაინიშნა განმეორებითი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადებში. სასამართლომ დაავალდებულა საარჩევნო კომისია, დანიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. გადაწყვეტილება ძალაშია 10 იანვრიდან.

სოხუმში 9 იანვრიდან მიმდინარეობს ოპოზიციის საპროტესტო აქცია „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG