Accessibility links

რა ადგილი უჭირავთ ეთნიკურ უმცირესობებს საპრეზიდენტო კანდიდატების გულებში?


საარჩევნო სიები გარდაბანში. 28 იანვარი, 2016 წ.

არჩევნების მოსაგებად კანდიდატებს ყველას ხმები სჭირდებათ - ჩემიც, თქვენიც, ყველასი. მთავარია ხმა გქონდეს (ხმა რა, ხმის უფლება). მთავარია არჩევნებზე ხმა მათ სასიკეთოდ გასცე და კანდიდატები რას აღარ დაგვპირდებიან - უფასო შაბიამნის პარტიით დაწყებული, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართვით დამთავრებული. ალაგ-ალაგ შეიძლება გამოერიოს ორი თევზით მთელი ქვეყნის დაპურების დაპირებაც.

ეს დაპირებები ძირითადად საარჩევნო პროგრამებში იყრის ხოლმე თავს, ცხადია, თუ აქვს კანდიდატს ეს პროგრამა. თუ არადა, ზეპირმეტყველებას რა უშლის ხელს. მოსახლეობასთან გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე დაპირებების მარგალიტებს მოკრებს კაცი - მაგალითად, აი, უცებ „უფასო ფული“ გამახსენდა.

სწორედ ასე ახსენდებათ ხოლმე წინასაარჩევნოდ ეთნიკური უმცირესობები და მათი საჭიროებებიც. კანდიდატები ქალაქს ტოვებენ და რეგიონებში გადაინაცვლებენ - იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ. საჭიროა მათი გულის, უფრო ზუსტად, ხმების მოგებაც.

რამდენიმე ფაქტი

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 3,459,031 ამომრჩეველია.
  • ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა რიცხვი 290,618-ს შეადგენს,
  • ანუ საერთო ამომრჩეველთა თითქმის 9 %-ს.
  • ეთნიკური უმცირესობები (ამომრჩევლები) კომპაქტურად ცხოვრობენ 12 ოლქში: საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია ცალკე არ გამოყოფს და არ ითვლის ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში მონაწილეობის სტატისტიკას.
  • ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ გამოთვლებით, არჩევნებში, საშუალოდ, ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა 60 % იღებს მონაწილეობას.

თუმცა, როგორც ჩანს, - უფრო ზუსტად კი, როგორც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მაგალითად, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმების მოსაკრებად დიდად არ იწუხებენ თავს საპრეზიდენტო კანდიდატები.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ეთნიკური ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რას სთავაზობენ მათ პრეზიდენტობის კანდიდატები არჩევის შემთხვევაში. მათივე თქმით, სამწუხაროდ, რეგიონებში არ იმართება შედეგზე ორიენტირებული სამუშაო შეხვედრები და პოლიტიკური პროცესების მართვა ისევ „კლანების დონეზე მიმდინარეობს“.

როგორ აპირებენ ეთნიკური უმცირესობების გულის მოგებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატები? მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, რას ჰპირდებიან ისინი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს? რადიო თავისუფლებამ არჩევნებში მონაწილე რამდენიმე კანდიდატის საარჩევნო პროგრამა მოიძია, სადაც ისინი სწორედ ეთნიკურ უმცირესობებსა და მათ საჭიროებებზე ლაპარაკობენ. ცხადია, მოკლედ. ცხადია, ზოგადად.

დავით უსუფაშვილი

უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერენ „შენების მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“ და „თავისუფალი დემოკრატები“: „ჩემთვის, როგორც მოქალაქისა და პოლიტიკოსისთვის, მთავარი ღირებულებები არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უფლებები. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება ადამიანთა იმ ჯგუფებს, ვისაც დამატებითი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის. ეროვნულ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს სწორედ ასეთი, თითქმის გარდაუვალი, დაბრკოლებები ექმნებათ და სწორედ ამიტომაა მათზე მეტი ზრუნვა აუცილებელი.

რაც შეეხება მათ ჩართულობას სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, შესაძლოა, ყველაზე საშური კომპონენტი. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია, მაგრამ ახსნადია. თუმცა მიუღებელია, აუხსნელია და სავალალოა სახელმწიფოებრიობის (კანონის, პოლიტიკის, სახელმწიფო ენის, საერთო სიხარულის, საერთო ჭირის) გავრცელების მდგომარეობა უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში. პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანის დონეზე იქნება დასმული ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ინდივიდუალური და რეგიონული თანამონაწილეობის 10-წლიანი პროგრამის შემუშავება და რეალიზება. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობების წარმომადგენელთა ჩაბმა მათი მისწრაფების, უნარისა და კომპეტენციის ჰარმონიული განვითარების საფუძველზე; ცხადია, არა მათი კულტურულ-ეთნიკურ-რელიგიური თავისებურებების ნიველირების მიზნით, არამედ მათში საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქის იდენტობის გაღვივებისთვის“.

გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი: „საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა. ხშირად ვამაყობთ ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თანასწორია სამართლის დონეზე, თუმცა პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ჩაგვრას, უთანასწორობას, დისკრიმინაციას, რისი მაგალითებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომატებულია.

ამ პრობლემების მოგვარებისთვის და რეალური თანასწორობის მისაღწევად, აუცილებელია ინტენსიური მუშაობა. ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა უნდა იყოს. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა თავი ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ უნდა იგრძნოს. ამისთვის კი აუცილებელია მათი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.

უსათუოდ უნდა გაძლიერდეს ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რათა გამარტივდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროგრამა ,,ოთხს პლუს ერთი“, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ამ პროგრამით ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს მიეცა საშუალება უმაღლესი განათლება მიეღო“.

შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი: „ყველა რელიგიური, ეროვნული და სექსუალური უმცირესობა თანასწორია კანონის წინაშე და მათი უფლებები ისევე იქნება დაცული, როგორც უმრავლესობის“.

სალომე ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი: „საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს ელემენტარული ქართული და საქართველოს ისტორია. ქვეყანამ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ინტეგრაცია და სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა უზრუნველყოს“, - ეს მან სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG