Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვების ნაწილი იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 თებერვალს


რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება 1 თებერვლიდან?

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იხსნება სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ამგვარად, 1 თებერვალს შეზღუდვები ქვეყანაში ნაწილობრივ მსუბუქდება.

გარდა ამისა, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგიონებში. ტრანსპორტი არ ამუშავდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. გაჩერებული იქნება საქალაქთაშორისო მიმოსვლაც.

სამაგიეროდ გაიხსნება ცა. იწყება რეგულარული ფრენები. საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსვლისას არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარმოადგენენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

1 თებერვლიდან ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, 12-ის ნაცვლად 8 დღე გაატაროს თვითიზოლაციაში ან კორონავირუსზე PCR ტესტის ჩატარების შემთხვევაში, განმეორებით ჩაიტაროს იგი 72 საათში და დატოვოს თვითიზოლაცია.

გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან მოსწავლეები.

ძალაში დარჩება კომენდანტის საათი და არ გაიხსნება რესტორნები. ამ საკითხს უკვე ერთი კვირაა ქვეყანაში მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აპროტესტებენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში Pfizer-ის წარმოებული COVID-19 ვაქცინის 29 250 ერთეული შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის 29 250 ერთეული თებერვლის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე შემოვა. მისი თქმით, ეს იქნება Pfizer-ის წარმოებული ვაქცინა.

„ეს განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო გახლავთ პირველი პრიორიტეტი. შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი უკვე ცნობილი ვაქცინების მობილიზება მოხდება, "ფაიზერის" ვაქცინას დაემატება "ასტრაზენეკაც", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

„ფაიზერით“ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ კლინიკებში იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერის, გიორგი გახარიას ფეისბუკპოსტი. ის საქართველოს მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსს მადლობას უხდიდა.

პარლამენტში 8 ნარკოტიკული საშუალების დოზების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იწყება

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს. მისი მიზანია, ხელახლა განისაზღვროს 8 დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

დოზები დადგინდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.

პროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.

ეპისკოპოსი იაკობი "კარტოგრაფების საქმეზე" საუბრისას: ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, გასარიყები არიან

30 იანვარს, საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ახლა უკვე ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააკრიტიკა „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებული ივერი მელაშვილი. მელაშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა გათავისუფლების შემდეგ მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო. ეპისკოპოსმა იაკობმა ბრალდებულების კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა.

„ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რა ბრძანა, რომ რაზე დავობთო, ის ხო იმათიაო. აბა, წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც... ტრაგედია ის კი არ არის, მაგი, რომ მასე აძლევს?..

მანამდე გმირად მიიჩნევდი რის გამო, ციხეში რომ არის დაჭერილი, ციხეში ვის არ იჭერენ?.. საერთოდ, საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა. აბა, შეიძლება?!. ასეთ საქმეებს ვის ანდობთ? - ერთი, რომელიც წინასწარგანზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია. ვინა ხარ, ვინ გეკითხება? წადი, რა, დაეტიე სადაც ხარ“, - თქვა ეპისკოპოსმა.

წაიკითხე მეტი.

დაკავებების ფონზე ჩაიარა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში გამართულმა აქციამ

რუსეთში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციები. ისინი წინასწარი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციები არ იყო სანქცირებული, რის გამოც ხელისუფლებამ მალევე დაიწყო მონაწილეთა დაკავება.

ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს აქციის მონაწილეები პეტერბურგში. მოსკოვში კი ნავალნის მომხრეებმა შეცვალეს შეკრების ადგილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადაკეტა რამდენიმე ცენტრალური კვარტალი და ჩაკეტა მეტროს 7 სადგური, რათა ხელი შეეშალა მომიტინგეთათვის, რომ მიეღწიათ ლუბიანკის მოედანზე, სადაც თავდაპირველად იგეგმებოდა საპროტესტო აქცია.

ამის შემდეგ ხალხი შეიკრიბა მეტრო სუხარევსკაიასთან, სადაც პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.

წაიკითხე მეტი.

სისტემა უნდა არჩევდეს დასაბუთებულ აზრს და პროვოკაციას - ინტერვიუ ივერი მელაშვილთან

რადიო თავისუფლება ივერი მელაშვილს შინ დაბრუნების მეორე დილას, საკუთარ სახლში ელაპარაკა - ქალაქის გარეუბანში მდებარე პატარა ბინაში, რომელიც, რომ არა აქტივისტების შეგროვებული თანხა, თავისუფლების სანაცვლოდ უნდა ჩაედო გირაოდ.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლომ 28 იანვარს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე - მისი თავისუფლება ჯერჯერობით დროებითი და პირობითია, სანამ სასამართლო არ დაადგენს მის ბრალეულობას ან უდანაშაულობას.

წაიკითხე სრული ინტერვიუ, რომელიც „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულ ივერი მელაშვილთან რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ნასტასია არაბულმა ჩაწერა.

სალომე ჯაშის ახალ დოკუმენტურ ფილმს, „მოთვინიერებას“, რომლის მსოფლიო პრემიერა „სანდენსის” დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე 31 იანვარს გაიმართება, თავად „სანდენსმა“ უწოდა „პოეტური ოდა ადამიანებისა და ბუნების მეტოქეობაზე“. სალომესთვის ეს ფილმი უფრო პოეტური დრამაა - ეს არის ფილმი ერთი მდიდარი კაცის ვნებაზე, მთელ ქვეყანაში მოაგროვოს, იყიდოს, ამოთხაროს და თავის ბაღში გადარგოს უზარმაზარი ასწლოვანი ხეები.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG