Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ II გარდაიცვალა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 სექტემბერს


„დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა“ - ბუკინგემის სასახლემ მსოფლიოს დედოფლის გარდაცვალება აცნობა

70-წლიანი მმართველობის შემდეგ, 96 წლის ასაკში გუშინ, 8 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა. „დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა“, - ასე აცნობა მსოფლიოს ახალი ამბავი ბუკინგემის სასახლემ.

შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში მყოფი დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გუშინ შუადღისას გახდა ცნობილი. დედოფალი ბოლო დღეები სწორედ იქ იმყოფებოდა. იქვე შეხვდა ახალ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასსაც.

აღსანიშნია, რომ მისი ტახტზე ასვლის დროს ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი იყო. ლიზ ტრასი კი მე-15 პრემიერ-მინისტრი გახდა მისი მეფობის ხანაში.

ელისაბედ II-ის ადგილი ავტომატურად დაიკავა მისმა უფროსმა შვილმა ჩარლზმა, რომელიც გუშინ უკვე მოიხსენიეს „მეფედ“. ბუკინგემის სასახლის მიერ ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეფე და მისი მეუღლე ბალმორალის სასახლეში იმყოფებოდნენ, დღეს კი ლონდონში დაბრუნდებიან.

მეფე ჩარლზი გახდება 14 ქვეყნისგან შემდგარი თანამეგობრობის ახალი მონარქიც, მათ შორის - ახალი ზელანდიის, კანადისა და ავსტრალიის.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

რა ხელი აქვს „როსკომნადზორს“ რუსულენოვან ქართულ მედიაპორტალებთან?

7 სექტემბერს, კავკასიურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ვებსაიტმა, „ჯემნიუსმა“, რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან, „როსკომნადზორისგან”, წერილი მიიღო. უწყებამ მედიაპორტალს, რომელიც ხუთ ენაზე, მათ შორის, რუსულ ენაზე მაუწყებლობს, მოსთხოვა, „ჯემნიუსის“ რუსულენოვანი ვერსიიდან წაშალოს ხუთი თვის წინ გამოქვეყნებული მასალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, ამისათვის 24-საათიანი ვადა დაუწესა და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რედაქცია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ჯემნიუსზე“ წვდომა დაიბლოკება.

წერილში, რომელიც „ჯემნიუსმა” რუსეთის მარეგულირებელი ორგანოსგან 7 სექტემბერს მიიღო, ნათქვამია, რომ გამოცემა ინფორმაციის გავრცელების კანონს არღვევს.

რაც შეეხება მასალას, რომლის წაშლასაც რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო ითხოვს, „ჯემნიუსის“ რედაქციამ ის 2022 წლის 6 აპრილს გამოაქვეყნა. Война в Украине, главные события за 5 и 6 апреля („ომი უკრაინაში, 5-6 აპრილის მთავარი მოვლენები“) - ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელსაც ქრონიკის სახე აქვს, განახლებადი მასალაა და მკითხველს მასში შეუძლია წაიკითხოს უახლესი ინფორმაცია უკრაინის ომისა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე დაათვალიეროს ამ მოვლენების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი - ვის შეეხება გამონაკლისი?

ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი საზღვრების გადაკვეთის უფლებას აღარ მისცემენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზები აქვთ. „არსებითი შეზღუდვის“ რეჟიმს ბალტიის ზღვის ქვეყნები უსაფრთხოების მიზნებით აწესებენ და ამოქმედებას 19 სექტემბრამდე აპირებენ.

„ტურიზმი, კულტურა, სპორტი და ბიზნესი“ - ასეთია მიზნების ჩამონათვალი, რომელსაც აკრძალვა შეეხება და შექმნის მნიშვნელოვან ბარიერს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მათ 12 სექტემბრიდან ისედაც ურთულდებათ ევროკავშირის/შენგენის ზონის ვიზების მიღება. ბალტიის ქვეყნები ევროკომისიისგან კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას მოითხოვენ.

„გადაწყვეტილებებს მიიღებენ [ბალტიის სახელმწიფოების] ეროვნული მთავრობები, ეროვნული პროცედურების შესაბამისად და [ახალი წესები] ძალაში შევა ერთდროულად“, - დაწერა ტვიტერზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რუნკევიჩმა.

ვის შეეხება შეზღუდვები და ვინ იქნებიან გამონაკლისთა რიგებში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რუსულმა მხარემ „ბიჭვინთის“ თაობაზე შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „საელჩომ“ რუსეთისთვის ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნა.

„შეთანხმება რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ“ გამოქვეყნებულია რუსულ და აფხაზურ ენებზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადასაცემი „ობიექტი“ მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (მიწის ნაკვეთებისა და ზღვის ტერიტორიის ნაწილის გარდა). აფხაზური მხარე მას რუსეთს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს.

რუსეთის მხარეს 49 წლის ვადით, ყოველწლიურად 1 რუბლის საფასურად გადაეცემა მიწის ნაკვეთები, მასზე დამაგრებული ობიექტით და ობიექტის მიმდებარე ზღვის აკვატორიის მონაკვეთით.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტი ფემიციდის შესახებ სისტემურ მოკვლევას იწყებს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ფემიციდის შესახებ სისტემური მოკვლევა იწყება.

საბჭო და კომიტეტი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ მიზნით, პარლამენტში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფემიციდის შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის საკითხებს, მათ შორის, არსებულ გამოწვევებსა და ფემიციდის შემთხვევათა პრევენციის სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეისწავლის.

წაიკითხე მეტი.

საქართველო ძველ ევროპულ რუკებზე - 6 რუკა სულხან სალაძის კოლექციიდან

ძველი ევროპული რუკების შეგროვება სულხან სალაძემ 5 წლის წინ დაიყო. 2017 წელს მისმა მეგობარმა ფეისბუკზე ბმული გააზიარა - შარდენის მიერ შესრულებული, თბილისის პირველი ჩანახატი იყიდებოდა. იმ დღეს ეს ბმული გახსნა და აუქციონზე ჩანახატი საკმაოდ იაფად შეიძინა. ასე დაიწყო იურისტმა სულხან სალაძემ ძველი გრავიურებისა და რუკების კოლექციონერობა.

რამდენიმე თვეში მისი სახლის ყველა კედელზე ძველი რუკები ეკიდა. მთავარი კითხვაც მაშინ გაჩნდა - რა იცოდნენ სინამდვილეში ევროპაში საქართველოზე მანამ, სანამ მას, როგორც ქვეყანას, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის იმპერია რუკებიდან გააქრობდა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა სულხანის კოლექციიდან რამდენიმე ძველევროპული რუკა აარჩია, რომლებიც საქართველოზე გვიყვება. წაიკითხე და ნახე მეტი.

6 სექტემბერს გადაღებული ფოტო, სადაც ელისაბედ II ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს ხვდება, ბოლო ოფიციალური ფოტოა, დედოფლის გარდაცვალებამდე.

ომი უკრაინაში, რუსული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის, კრემლის წინ ჩაცხრილული ბორის ნემცოვის ახდენილი წინასწარმეტყველებები და რუსი ხალხისთვის წართმეული იმედი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანასტასია სლოვინსკაია თბილისში ჟურნალისტსა და ბორის ნემცოვის ფონდის დამფუძნებელს ჟანა ნემცოვას ესაუბრა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG