Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიწრო წრეში - რა აჩვენა Forbes-ის უმდიდრესი ქართველების ასეულმა?

23 მარტს, Forbes Georgia-მ, 15-წლიანი არსებობის ისტორიაში, საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის პირველი სია გამოაქვეყნა.
23 მარტს, Forbes Georgia-მ, 15-წლიანი არსებობის ისტორიაში, საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის პირველი სია გამოაქვეყნა.

მოკლედ

  • Forbes-ის რეიტინგში აღრიცხული 100 ქართველი ბიზნესმენის ქონების ჯამური ღირებულება 60 მილიარდ ლარს აჭარბებს.
  • ამ ასეულს სათავეში უდგას 50 წლის მიხეილ ლომთაძე.
  • ქალების წილი ამ სიაში 12%-ია.
  • საფინანსო საქმიანობა, ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა, დეველოპმენტი/უძრავი ქონება - ეს არის 5 ტოპ-ინდუსტრია საქართველოში.
  • რეიტინგში ყველაზე ხანდაზმული მეწარმე 90 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა - 25 წლის.
  • ამ ასეულიდან, 12 მეწარმეს პოლიტიკასთან ღიად მჭიდრო კავშირები აქვს.

ვინ ფლობს სიმდიდრეს საქართველოში და როგორ ნაწილდება ეკონომიკური ძალაუფლება - Forbes-ის 100 უმდიდრესი მეწარმის რეიტინგი აჩვენებს, სად იყრის თავს სიმდიდრე, ვინ აკონტროლებს ძირითად სექტორებს და რამდენად ახლოსაა ბიზნესი პოლიტიკასთან და პირიქით.

Forbes Georgia-ს მკვლევრებმა ექსელის ფაილი, რომელშიც საქართველოს უმდიდრესი მეწარმეების სია და მათი მონაცემები უნდა შეეყვანათ, ზუსტად 13 თვის წინ, 2025 წლის 21 თებერვალს გახსნეს. კვლევის უდიდესი დრო ინფორმაციის დაზუსტებამ წაიღო. მათ 500 მეწარმის ქონების ღირებულება იკვლიეს, საბოლოოდ კი 100 უმდიდრესის სია გამოაქვეყნეს:

„განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა დეველოპერულ კომპანიებთან კომუნიკაცია. ეს ერთი წელი წაიღო ძირითადად ინფორმაციის მოპოვებამ, სტრუქტურირებამ და კონსოლიდირებამ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მკვლევრებს არ დაუთვლიათ ამ ადამიანების მთლიანი ქონება. მაგალითად, არ შეუფასებიათ მათი სახლების, ნახატების, იახტების, მიწების ღირებულება. Forbes-მა დაითვალა მხოლოდ მათი სამეწარმეო ქონების ღირებულება. რადიო თავისუფლებასთან მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ეს რეიტინგი ეფუძნება მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას - კომპანიების აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშებსა და რეალურ აქტივებს.

ანუ, მკვლევრებმა ფასი იმ ქონების ღირებულებით დაადგინეს, რომლითაც ბიზნესი შეიძლება შეფასდეს ბაზარზე, თუკი მფლობელები ქონების გაყიდვას გადაწყვეტენ.

Forbes-ის რეიტინგში აღრიცხული 100 მეწარმის ქონების ჯამური ღირებულება 60 მილიარდ ლარს აჭარბებს. გამოცემის ცნობით, ეს მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის 60%-ს უახლოვდება და საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

ეს რეიტინგი სხვა ტენდენციებს შორის, ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას აჩვენებს - „სიმდიდრის კონცენტრაციას“:

შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი

„პირველი, რაც ჩემთვის საინტერესოა, არის ის, რომ ამ სიაშიც კი მაღალია უთანასწორობა. აქაც კი პირამიდაა. ამ ასეულში ტოპ 5 ადამიანი ფლობს მთელი ამ არსებული სიმდიდრის 50%-ს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა დიღმელაშვილი.

თამთა მიქელაძის აზრით, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორია, „სიმდიდრის მაღალი კონცენტრაცია ერთეულების ხელში ოლიგოპოლიური (მდგომარეობა, როდესაც ბაზარს აკონტროლებს რამდენიმე დიდი კომპანია) ეკონომიკის ნიშნებს ატარებს“.

ვინ არის საქართველოს 5 უმდიდრესი მეწარმე?

  • ამ ასეულს სათავეში უდგას 50 წლის მიხეილ ლომთაძე. მისი სამეწარმეო ქონების ღირებულება 16 მილიარდამდე ლარს შეადგენს. საქმიანობის სფერო ფინანსები და ინვესტიციებია. ის ყაზახეთის ციფრული და საბანკო სერვისების წამყვანი კომპანიის „კასპის“ CEO და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა.
  • მას 7 მილიარდით მოსდევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში დააგროვა საბანკო და მეტალურგიულ სფეროში. ის 2003 წელს დაბრუნდა საქართველოში.
  • რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს გიორგი ჯოხთაბერიძე. მისი ქონების ღირებულება თითქმის 3 მილიარდია. ის აქციების 75%-ს ფლობს ქართული ტელეკომუნიკაციების ბაზრის ლიდერ „მაგთიკომში“. კომპანია 1996 წელს დაარსდა. „ფორბსის“ რეიტინგით, „მაგთიკომი“ საქართველოს მე-5 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა. გიორგი ჯოხთაბერიძე საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიძე და თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია.
  • მეოთხე ადგილს, 2 მილიარდზე მეტი ლარით იკავებს ირაკლი რუხაძე. მისი აქტივები მოიცავს „მაგთის“ აქტივების 25%-ს, „ქართული ცემენტის“ 41%-ს, თითქმის სრულად „ლიბერთი ბანკს“ და სრულად „რუსთავის ფოლადს“. „ქართული ცემენტი“ მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიაა, „მაგთი“ – მე-5. „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი 2026 წლამდე ფლობდა საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ტელეარხ „იმედს“.
  • ამ სიაში თემურ ჭყონია მეხუთე ადგილზეა. მისი სამეწარმეო ქონების ღირებულება 2 მილიარდამდეა. მას აქვს 87%-იანი წილი „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ და 90%-იანი წილი შპს „თ და კ რესტორნებში“, რომელიც ეკუთვნის „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნების ქსელს. ჭყონიას კომპანია გამაგრილებელ სასმელებს 1993 წლიდან ასხამს და დღეს უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ფლობს „კოკა-კოლას“ ლიცენზიებს. 1999 წელს კი „მაკდონალდსის” პირველი რესტორანი გახსნა.

რომელია ყველაზე რეიტინგული ინდუსტრია?

ინდუსტრიული რეიტინგის ხუთეული მთელი სიმდიდრის 70%-ს ფლობს.

შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო მეტად ძლიერდება უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურის, ქსელების ხარჯზე. ანუ კაპიტალი ძირითადად იქმნება არა სწრაფი ინოვაციით, არამედ გრძელვადიანი, ეტაპობრივი დაგროვებით - "თითქოს ჩაცემენტებული სფეროა".

ამ ტენდენციაზე საუბრისას, თამთა მიქელაძე გვეუბნება, რომ ეს ერთ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს:

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი

„ჩანს, რომ რეალური ეკონომიკა, რომელიც რაღაცას აწარმოებს, ქმნის დასაქმების სივრცეებს, მისი წილი არის სუსტი და ძირითადად, ფინანსური კაპიტალია ეკონომიკის ცენტრალური ძრავა.

ამ რეიტინგის მიხედვით ჩანს, რომ ქვეყანაში ინდუსტრიალიზაცია ძალიან დაბალია, თითქმის არ ჩანს მაღალტექნოლოგიური წარმოება, ძალიან სუსტია ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრია და ინოვაციური სექტორი.

კვლევის თანახმად გამოჩნდა, რომ საქართველო სერვისებზე, იმპორტსა და ფინანსებზე დამოკიდებული ეკონომიკაა და არა წარმოებაზე დამოკიდებული ეკონომიკა, რომელსაც ყველაზე მეტი რესურსი აქვს იმისა, რომ ადამიანებამდე მიაღწიოს, დასაქმდნენ, მიიღონ შემოსავალი. ასეთი ტიპის ეკონომიკა არის სოციალურად მგრძნობიარე ეკონომიკა და მისი სიმდიდრე შესაძლოა უფრო ბევრ ადამიანს მისწვდეს“, - ამბობს თამთა მიქელაძე.

ბიზნესი და პოლიტიკა

Forbes-ის რეიტინგის კიდევ ერთი მკაფიო ტენდენცია ეს არის ბიზნესისა და პოლიტიკის მჭიდრო კავშირები.

ამ ასეულიდან 12 მეწარმეს პოლიტიკასთან მკაფიო კავშირი აქვს.

ჩამონათვალში არიან, მაგალითად:

  • ელგუჯა გოცირიძე, 2020 წლიდან პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ის 2001 წელს დარეგისტრირებული „ჩაჩავას კლინიკის“ 76%-იანი წილის მფლობელია. მისი სამეწარმეო ქონება 346 მილიონს შეადგენს.
  • კიდევ ერთი მოქმედი პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, ანტონ ობოლაშვილი. მისი ქონების ღირებულება 244 მილიონს შეადგენს. 2004 წელს დაარსებული ფარმაცევტული კომპანიის, „გლობალფარმის“ ერთადერთი მფლობელია.
  • მილიონერების სიაშია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, შოთა ბერეკაშვილი. Forbes-ის თანახმად, ის 122 მილიონიანი ქონების პატრონია. დეპუტატი ფლობს 50%-ს შპს „ბკ ქონსთრაქშენში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საცხოვრებელი ბინების, კომერციული ქონებებისა და სასტუმროების მშენებლობა.
  • მოქმედი პარლამენტარია „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძეც. ის ძმასთან, დავით დუგლაძესთან ერთად ფლობს 67%-იან წილს შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობა ღვინისა თუ სპირტიანი სასმელების წარმოება და ვაჭრობაა.


რაც შეეხება ყოფილ და პოლიტიკასთან მჭიდროდ აფილირებულ მეწარმეებს, რომლებიც ყველაზე მდიდარი მეწარმეების ასეულში მოხვდნენ, ესენი არიან:

  • ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • კახაბერ ოქრიაშვილი - მრავალჯერ პარლამენტის წევრი
  • თემურ კოხოძე - ყოფილი პარლამენტარი
  • მამუკა ხაზარაძე - პარლამენტის ყოფილი წევრი, პარტიის ლიდერი
  • ბადრი ჯაფარიძე - ყოფილი პარლამენტის წევრი
  • გოჩა ჩხაიძე - ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტარი
  • არჩილ გეგენავა - ყოფილი პარლამენტის წევრი
  • ივანე ჩხარტიშვილი - ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პარლამენტარი


„ბიზნესში წარმატება ხშირად დამოკიდებულია პოლიტიკურ წვდომაზე ანუ ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ის, ვინც ბიზნესს ფლობს, მას პოლიტიკაზე უფრო მეტი გავლენა აქვს და ზოგჯერ, პირიქით, ვინც პოლიტიკაში ძლიერდება, ის იზრდება ბიზნესის თვალსაზრისითაც”, - გვეუბნება თამთა მიქელაძე.

ქალები მდიდარი მეწარმეების სიაში

ქალების წილი ამ სიაში 12%-ია.

ქალების ბიზნესი ძირითადად კონცენტრირებულია ვაჭრობასა და სუპერმარკეტებში.

შოთა დიღმელაშვილი გვეუბნება, რომ ეს მაჩვენებელი რეგიონულ კონტექსტში, ასევე მის მიღმაც, არ არის გამონაკლისი:

„ასე რომ შეხედოთ, ქალების წილი თითქოს ცოტაა, მაგრამ რეგიონის თვალსაზრისით კარგი მაჩვენებელია და ამერიკულ და აღმოსავლეთ ევროპულ მაჩვენებლებშიც დაახლოებით ეს პარიტეტია. დაახლოებით 12-15%-ამდე“.

  • მაკა ასათიანი — ავტოინდუსტრია, ვაჭრობა
  • ნანა აროშიძე — დეველოპმენტი, უძრავი ქონება
  • დალი ურუშაძე — ფინანსები
  • ნინო ბრეგვაძე — სასურსათო ვაჭრობა
  • ნანა ჯანაშია — სათამაშო ბიზნესი
  • ლაურა ლარიონი — ტრანსპორტი, ლოგისტიკა
  • თალიკო ცირეკიძე — სასურსათო ვაჭრობა
  • ხატია გოგლიძე — განათლება
  • თეა კაკაბაძე — საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაჭრობა
  • ნანი ანდიაშვილი — საცალო ვაჭრობა
  • მაკა სალუქვაძე — სასურსათო ვაჭრობა
  • ირინე ქოსაშვილი — სასურსათო ვაჭრობა


ქალია ამ ასეულის ყველაზე ხანდაზმული წევრიც - 90 წლის ლაურა ლარიონი. ფლობს 38%-ს შპს „პეის ჯორჯიაში”, რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი ძირითადი საქმიანობა ტვირთების გადაზიდვა და ფოთის პორტში მათი მართვაა:

„თავიდან ვფიქრობდით, რომ ის იყო კომპანიის ფორმალური, ნომინალური მფლობელი. თუმცა, არა. ის არის რეალური მფლობელი. ამ კომპანიაში ძირითადად მისი ასაკის ადამიანები იყვნენ მესაკუთრეები. ზოგი გარდაცვლილია, ზოგმა შვილებს გადაუფორმა წილები. ეს კომპანია, სავარაუდოდ, შექმნილია პირველი პრივატიზაციების დროს, 90-იან წლებში“.

ლაურა ლარიონის შესახებ საჯარო წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია მოიძებნება. „გამჭვირვალობა საქართველოს“ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში ის მითითებულია როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ შემომწირველი.

პოსტსაბჭოთა კაპიტალიზმის მემკვიდრეობა - მდიდარი მეწარმეების ასაკი

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბიზნესის ძირითადი ნაწილი ეკუთვნის უმეტესად ე.წ. „ძველ თაობას“.

ამ სიიდან,

  • 69 მეწარმის ასაკი 40–60 წელია.
  • 27 მეწარმე - 60 წელს ზევითაა.
  • მხოლოდ 3 მეწარმეა 40 წლამდე.
  • მათგან 2 არის 25 წლის:
  • დავით ხეჩიკაშვილი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლდინგში“, რომელიც დაარსდა 2017 წელს და მისი მთავარი საქმიანობა არის ავტომობილებისა და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების გაყიდვა და ავტომობილების საგარანტიო მომსახურება. დავით ხეჩიკაშვილი ბიზნესმენისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის შვილია.
  • 2000 წელს დაბადებული დიმიტრი ნიშნიანიძე 34%-იან წილს ფლობს იმავე წელს დაარსებულ სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგში“. ეკუთვნის 100%-იანი წილი უძრავი ქონების სექტორში მოქმედ შპს „მეიდანში“. აქვს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა.


„ძალიან თვალში საცემი იყო ასაკი. უმეტესობა 50+ ასაკშია. იკვეთება პოსტ-საბჭოთა კაპიტალიზმის მემკვიდრეობა, ჩანს, რომ ბევრი ქონება და მონოპოლია 90-იან წლებშია დაგროვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ძველ ბიზნეს ელიტას ეკუთვნის სიმდიდრის დიდი ნაწილი საქართველოში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, არიან მეწარმეები, რომლებიც ამ სიაში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ, Forbes-ის მკვლევარი გვეუბნება, რომ კი, იყვნენ ასეთებიც, ძირითადად დეველოპერული კომპანიების მფლობელები:

„სამშენებლო სექტორის ხალხია გამორჩენილი, რადგან ვერ მოხერხდა ზუსტი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის აგრეგირება, ვერც საჯაროდ არსებულ წყაროებში და ვერც პირადი კომუნიკაციით. ამ სფეროში არის შემთხვევები, როდესაც კომპანია ყოველ ახალ კორპუსს, ახალი შპს.-ს სახელით აშენებს. ცალ-ცალკე შპს-ს აფუძნებენ, რაც ართულებს ზუსტი ინფორმაციის აკუმულირებას. პირადად გადამოწმების მცდელობები კი უშედეგოდ დასრულდა“.

Forbes-ის რეიტინგში, რომელიც 23 მარტს გამოქვეყნდა, მკვლევრების მტკიცებით, მოხვდნენ მხოლოდ ის მეწარმეები, რომელთა ბიზნესაქტივების შეფასება შესაძლებელია პასუხისმგებლობით – საჯარო და გადამოწმებად მონაცემებზე დაყრდნობით.

ძირითადი ფინანსური მონაცემები ეფუძნება 2023 წლის ანგარიშგებებს, რომლებიც წარმოდგენილია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე.

საკუთრების შესახებ ინფორმაცია კი მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, ფინანსური ანგარიშგების პორტალიდან, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდებიდან, კომპანიასთან დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციით და სხვა საჯარო წყაროებიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG