Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გვაიძულებს დავიცვათ ან უგულებელვყოთ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები


კარანტინის საკონტროლო პუნქტი უკრაინაში
კარანტინის საკონტროლო პუნქტი უკრაინაში

სულ უფრო მეტი მცდელობაა, დადგინდეს ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო ზომების პირობებში.

სასტიკი სასჯელის შიში ასეთი ზომებისადმი მორჩილების მძლავრი მოტივაციაა ავტორიტარულ სახელმწიფოებში.

მაგრამ უკანასკნელი კვლევები ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა უფრო რთულდება იმ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო თავისუფლება და ადამიანის უფლებები არსებული საზოგადოებრივი სტრუქტურის ნაწილს შეადგენს.

სავალდებულო VS ნებაყოფლობითი შეზღუდვები

როდესაც ამა წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განგაშის ზარები დაარისხა COVID-19-ით შექმნილი საერთაშორისო საფრთხის გამო, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა, შეაქო დაავადების წინააღმდეგ მიმართული ჩინეთის ხელისუფლების ძალისხმევა, მიუხედავად პეკინის მიერ შემოღებული, „სერიოზული ეკონომიკური და სოციალური შედეგების მქონე“, დრაკონული საკარანტინო ზომებისა.

მაგრამ კრიტიკოსები დასავლეთში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩინეთის მკაცრი ზომების განხორციელებას ისეთ ქვეყნებში, სადაც მოთხოვნების შესრულება არ არის განპირობებული სასჯელის შიშით.

„ვერც ერთი ქვეყანა, დასავლური იქნება თუ რომელიმე სხვა, ვერ შეძლებს და არც უნდა ესწრაფვოდეს ჩინეთის მოქმედების განმეორებას“, - განაცხადა მარტის შუა რიცხვებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ გლობალური ჯანდაცვის საბჭოს პროგრამების დირექტორმა, ტომას ბოლიკმა.

ბოლიკი აკრიტიკებს „ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების უგულებელყოფას“, რისი დემონსტრირებაც ჩინეთმა მოახდინა „კარანტინითა და ცენზურული საქმიანობით“.

ბოლიკის კრიტიკული შეფასებიდან რამდენიმე დღეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოაცხადა, ხოლო მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებმა ვირუსისგან დასაცავად მთელი რიგი შეზღუდვები შემოიღეს.

კორონავირუსით ძალიან დაზარალებული ირანი და იტალია პირველები იყვნენ, სადაც კორონავირუსისგან დასაცავად სავალდებულო კარანტინი ამოქმედდა.

რომი, იტალია, 1 ივნისი, 2020 წ.
რომი, იტალია, 1 ივნისი, 2020 წ.

მკაცრ კარანტინზე მალე სხვა ქვეყნებიც გადავიდნენ, ხოლო იქ, სადაც მკაცრი იზოლაცია ნაწილობრივ ამოქმედდა, სახის დამცავი ნიღბის ტარებას, სოციალურ დისტანციასა და სანიტარიული ნორმების დაცვას, ვითარების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა, ანუ ნებაყოფლობითი იყო.

პანდემიის დროს აუცილებელი ქცევების შესახებ აშშ-ის ხელისუფლებამ საერთო რეკომენდაცია გამოსცა. ამასთან, მკაცრი იზოლაციისა და პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ გადაწყვეტილება შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ში სწრაფად იქცა პოლიტიკური დებატებისა და პარტიული დაპირისპირების საგნად.

შვედეთში, სადაც სახელმწიფო ორგანოების მიმართ ნდობა მაღალია, ადამიანების უმრავლესობას ნება დართეს, ეკეთებინათ თავიანთი ყოველდღიური საქმე, იქ არ შესჯახებიან კარანტინს, ბიზნესის დახურვას თუ პირბადის ტარების ვალდებულებას.

შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლენა ჰალენგერმა, რადიო თავისუფლებას აპრილის თვეში ისიც კი უთხრა, შვედეთის მოდელი ეფუძნება „ნდობას“, ამიტომ „ხალხმა უნდა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა“ და ნებაყოფლობით შეასრულოს რეკომენდაციებიო.

მალმო, შვედეთი, მაისი, 2020 წ.
მალმო, შვედეთი, მაისი, 2020 წ.

იგი ამტკიცებდა, უფრო ნაკლები შეზღუდვების სტრატეგია თვეების განმავლობაში უზრუნველყოფს მდგრადობას, მაშინ როცა სხვა დემოკრატიულ საზოგადოებებს კვირები დასჭირდებათ მკაცრ იზოლაციასთან შესაგუებლადო.

თუმცა სხვაგავარად ფიქრობს ალექსანდრ ჩუდიკი, დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის მრჩეველი, რომლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნებაყოფლობითი სოციალური დისტანცირება უფრო ნაკლებად ეფექტიანია, მთავრობის მიერ სანქცირებულ პოლიტიკასთან შედარებით.

ჩუდიკის თქმით, შედეგი „საოცრად განსხვავებულია“, როდესაც სახლში ყოფნის ბრძანება სავალდებულოა და არა სარეკომენდაციო, რომელიც ადამიანებს უფლებას აძლევს აირჩიოს თვითიზოლაციის მისთვის მისაღები ხარისხი.

„ქცევითი ეკონომიკა“

ქცევითი ეკონომიკის ექსპერტები - პაულა ჯიულიანო UCLA-დან (ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი) და იმრან რასული (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) - მივიდნენ დასკვნამდე, რომ პოლიტიკოსებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, იცოდნენ, „თუ რა განსაზღვრავს ადამიანების მიერ ისეთი ზომების შედეგიან გამოყენებას“, როგორიცაა სოციალური დისტანცირება ან სანიტარიული პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.

მრავალი ქვეყნიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა დოკუმენტურად დაადგინეს, თუ რა არის „ლოიალურობის მამოძრავებელი ფაქტორი“, რასაც ეკონომისტები უწოდებენ ასევე „სოციალურ კაპიტალს“, და როგორია ნდობა მთავრობისა და ინსტიტუტებისადმი.

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მოთხოვნების შესრულება იმისდა მიხედვით იცვლება, თუ როგორია პოლიტიკური შეხედულებები და რა ინფორმაციის წყაროებით სარგებლობენ ცალკეული პირები.

„თუ სოციალური დისტანცირება გადამწყვეტია COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა განსაზღვრავს ამ პრაქტიკის ადამიანების მიერ ეფექტიან თუ არაეფექტიან გამოყენებას. როგორც საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ძალა, ასევე ინსიტუტებისადმი ნდობის ხარისხი გადამწყვეტ ელემენტს წარმოადგენს ინდივიდის ქცევის დასადგენად“, - წერენ მკვლევრები 18 ივნისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სულ ახლახან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ევროპაში აცხადებდნენ, რომ დაღლილობის კოლექტიური გრძნობა კანონმორჩილ ადამიანებსაც აიძულებს, მოუკლონ სიფრთხილეს და დაუბრუნდნენ პანდემიამდე არსებულ ჩვევებს, როგორიცაა ლოყაზე კოცნით მისალმება და ხელის ჩამორთმევა.

ირანი, თეირანი, 22 ივლისი, 2020 წ.
ირანი, თეირანი, 22 ივლისი, 2020 წ.

ხაზი ესმება იმას, რომ მიუხედავად გამუდმებით ცვალებადი წესების და სახელმძღვანელო პრინციპებისა, ევროპელები, მთლიანობაში, ემორჩილებოდნენ კარანტინს, იცავდნენ სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების მოთხოვნებს,

მაგრამ დადგა „პირბადისგან დაღლილობის“ დრო, ამბობენ ექსპერტები, რაც არ არის იმაზე დამოკიდებული, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მისი ტარება.

„ეს აჩვენებს, რომ ადამიანები დაიტანჯნენ“, - უთხრა 21 ივლისს იზაბელა ანეზი-მაესანომ, საფრანგეთის ჯანმრთელობისა და მედიცინის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგმა, „უოლ სტრიტ ჯორნალს“

„სოციალური კაპიტალი“

ტერმინს „სოციალური კაპიტალი“ ეკონომისტები, საუკუნეზე მეტია, რაც იყენებენ, თუმცა თავად იდეა კიდევ უფრო შორეული წარსულიდან მოდის.

პარიზში მოქმედი ეკონიმიკური განვითარებისა და თანამშრომლობის (OECD) ორგანიზაცია „სოციალურ კაპიტალს“ განსაზღვრავს როგორც „საერთო ნორმების, ფასეულობებისა და იმ შეხედულებების ერთობლიობას, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლობას ცალკეულ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შორის“.

OECD-ს მკვლევართა თანახმად, „სოციალურ კაპიტალზე“ გავლენას ახდენს როგორც პერსონალური ურთიერთობები და სოციალური ქსელები, ასევე სამოქალაქო ჩართულობა.

ქცევითი ეკონომისტები და სოციოლოგები დასძენენ, რომ „სოციალურ კაპიტალზე“ გავლენას ახდენს ასევე „ნდობა“ და „კოოპერატიული ნორმები“.

ეს შეეხება „ნდობას, სოციალურ ნორმებსა და საერთო ფასეულობებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საზოგადოების ფუქციონირებას და უზრუნველყოფს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“.

„ჩვენი საერთო ნორმები, ფასეულობები და აღქმა ნაკლებკონკრეტულია, ვიდრე ჩვენი სოციალური ქსელები“, - ასეთია OECD Insigh-ის ერთ-ერთი ანგარიშის დასკვნა.

„ზოგჯერ სოციოლოგები ნორმებზე ლაპარაკობენ, როგორც საზოგადოების უსიტყვოდ აღიარებულ და უტყუარ წესებზე. ფასეულობა, როგორიცაა ადამიანების უსაფრთხოებისა და დაცულობის პატივისცემა, მნიშვნელოვანი საყრდენია ყველა სოციალური ჯგუფისათვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

„ეს ქსელები და ურთიერთგაგება, ერთად აღებული, ქმნის ნდობას და ადამიანებს ერთად მუშაობის საშუალებას აძლევს“.

კოლექტივის სოციალური ზეწოლა

ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური კვლევების ქსელის, საერთაშორისო განვითარების ცენტრის (IGC), თანახმად, COVID -19-ის გამო შემოღებულმა მკაცრმა იზოლაციამ ზოგიერთ ქვეყანაში იმდაგვარად შეცვალა სოციალური ნორმები, რომ გაადვილდა წესების დაცვა.

„ერთი სოციალური ნორმის მორგება სხვა სოციალურ ნორმაზე დიდწილად დამოკიდებულია ძლიერ ლიდერულ თვისებებსა და დამაჯერებელ ნარატივზე, რომლის გარშემოც საზოგადოებას გაერთიანება ძალუძს“, - აცხადებენ მკვლევრები ოლივერ ჰარმანი და ვიქტორია დელბრიჯი.

ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები მუშაობენ იმისათვის, რომ საკუთარ თავს ჩააგონონ წესების ნებაყოფლობითი დაცვის აუცილებლობა, რაც ამცირებს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ფორმალური იძულების საჭიროებას.

„ეს არა მხოლოდ პოზიტიური სოციალური ნორმის გამომუშავებას უწყობს ხელს, არამედ იმასაც, რომ მოქალაქეებმა თავად შეასრულონ სავალდებულო საქმე. ზოგჯერ ეს სოციალური ზეწოლა უფრო ეფექტიანი ჩანს, ვიდრე ოფიციალური სასჯელი“, - დასძენენ მკვლევრები ოლივერ ჰარმანი და ვიქტორია დელბრიჯი.

პოლიტიკური მიდგომა

ბოლო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ნორმების გავლენა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არსებული შეზღუდვების დაცვაზე საკმაოდ ძლიერია არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ აქტუალურია სხვა ქვეყნებშიც.

„სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური შეხედულებები და სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებით მიღებული ცნობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების რისკის აღქმისა და სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, - ამბობენ პაულა ჯიულიანო და იმრან რასული.

ალექსანდრ ჩუდიკის გამოკვლევის თანახმად, „სოციალური დისტანცირების შესახებ ბრძანების გამცემი სახელმწიფო მოხელის ავტორიტეტის მიმართ დამოკიდებულება“ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, თუ რამდენად დაიცავენ ამ წესებს ადამიანები.

კვლევამ აჩვენა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები ყველა სახელმწიფო მოხელეზე უფრო მეტად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რჩევებს უგდებენ ყურს.

„კორონავირუსის პანდემია, ისევე როგორც სხვა თემები, გადაიქცა პარტიულ პრობლემად აშშ-ში, რის გამოც პოლიტიკური შეხედულებები სოციალური დისტანცირების დაცვაზე ზემოქმედების ანგარიშგასაწევ ფაქტორს წარმოადგენს“, - ასკვნის ჩუდიკი.

მკვლევარი მიიჩნევს, რომ სოციალური დისტანცირებისადმი ორპარტიული მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია საიმისოდ, რომ აშშ-მა შეძლოს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სოციალური დისტანცირების ზომების სრული დაცვის მხრივ“, - ამბობს ჩუდიკი.

„ნდობის“ ფაქტორი

COVID-19-ის პანდემიამდე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა გავლენას ახდენს ადამიანების მზადყოფნაზე, დაიცვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო წესები.

ეს კი, თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენს ვირუსული დაავადების გავრცელებაზე.

გაეროს ერთ-ერთი გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის (UNU-WIDER) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - „ცხოვრება კორონასთან ერთად“ - სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ თანაფარდობაშია „პანდემიის დროს ნდობა ინდივიდუალურ გამოცდილებასთან“.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „ინსტიტუციური ნდობა“ არცთუ უმნიშვნელო გავლენას ახდენს იზოლაციის წესების დაცვაზე, იქნება ეს სოციალური დისტანციის დაცვა თუ პირბადის ტარება.

გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ის პირობებში მუშაობის პირადი გამოცდილებაც ახდენს გავლენას ნდობის შექმნაზე.

„ისინი, ვისაც დაავადებულ ადამიანებთან ან უმუშევრებთან მანამდე უკვე ჰქონდათ კონტაქტი, ჩვეულებისამებრ, ნაკლებ ნდობას ამჟღავნებენ ხალხის, ზოგადად, ინსტიტუტების მიმართ და, პირიქით, ასეთი კონტრასტი არ არსებობს მათთვის, ვინც პირადად განიცადა დაავადების სიმპტომები“, - ამბობენ მკვლევრები.

„ასეთი წარმოდგენები ვითარებიდან გამომდინარე განიცდის ცვალებადობას და განპირობებულია არა პირადი ან ახლობლების ჯანმრთელობის შიშით, არამედ უფრო მეტად შფოთისა და სტრესის მომეტებული დონით“, - ნათქვამია UNU-WIDER-ის დასკვნაში.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „პანდემია უკვე გასცდა უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ჩარჩოებს“, რაც დასრულდება ერთგვარი „ახალი ნორმის“ ფორმირებით იმის კვალობაზე, თუ „როგორ გამოვა საზოგადოება ამ პანდემიიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG