Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაბრკოლებას წააწყდა უკრაინაში COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა


უკრაინა, რომელმაც თებერვლის ბოლოს საკმაოდ იმედიანად დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამის განხორციელება, მასობრივი ვაქცინაციის სტარტზევე  გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა.

ჯერ იყო და, უკრაინელი ექიმების უმრავლესობამ უარი თქვა გამოცხადებულიყო დაგეგმილი აცრების ჩატარებაზე, რის გამოც ბევრი სამედიცინო დაწესებულება აღმოჩნდა საფრთხის წინაშე, გადაეყარა გამოსაყენებლად გამზადებული Covishield-ის ვაქცინის ამპულები. ასე ეწოდება ინდოეთში წარმოებულ ბრიტანული Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას, რომლის 500 000 დოზა უკრაინაში 23 თებერვალს ჩაიტანეს და პირველ-მეორე კვარტალში კიდევ 2,2-3,7 მილიონი დოზის ჩატანა იგეგმება.

ამის შემდეგ აღნიშნული ვაქცინის მიმართ აზრი ორად გაიყო უკრაინის პოლიტიკურ წრეებში. უკრაინის ექს-პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უცენზურო სიტყვა „ნეხვი“ უწოდა „კოვიშილდის“ ვაქცინას და განაცხადა, რომ ეს გამოუსადეგარი პრეპარატი ქვეყანაში „კორუფციის შედეგად აღმოჩნდა“ შემოტანილი.

იმის საჩვენებლად, რომ Covishield-ი კორონავირუსის წინააღმდეგ უსაფრთხო და საიმედო ვაქცინაა, ამ ვაქცინით აცრა ერთ-ერთმა პირველებმა ჩაიტარეს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეფანოვმა, და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იმუნიზაციის წარმატებისათვის უკრაინას სჭირდება როგორც პოლიტიკური კონსენსუსი, ისე მეტი ვაქცინა.

2 მარტს უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, შეჩერდება ქვეყანაში ჩინური ვაქცინა Sinovac-ის შემოტანა, რაშიც მინისტრმა მისი უწყებისა და პირადად მის წინააღმდეგ მიმართული „ბინძური საინფორმაციო თავდასხმის“ ავტორები დაადანაშაულა.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის დროს
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის დროს

„კოვიშილდი, „სპუტნიკ V“-ი და „ზელენსკის ვაქცინა“

უკრაინაში მიმდინარე მწვავე პანდემიის დროს ასეთ „ბინძურ საინფორმაციო“ კამპანიაში ჩაბმული აღმოჩნდა უკრაინის ისტებლიშმენტის როგორც პრორუსული, ისე პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ვაქცინაციის მიმართ ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილ უკრაინის მოსახლეობაზე.

„ღიად პრორუსული პოლიტიკური ძალები და მათი მედიასაშუალებები ამტკიცებენ, „კოვიშილდი“ არის უვარგისი ვაქცინა და უნდა შევიძინოთ რუსული „სპუტნიკ V“-ის ვაქცინაო, ხოლო პროევროპული ოპოზიცია, უფრო ზუსტად, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს პროევროპულად მიიჩნევს, ცხადია, რუსული ვაქცინის სასარგებლო აგიტაციას არ ეწევა. სამაგიეროდ, ამტკიცებენ, რომ ცუდი ვაქცინა ზელენსკიმ შეიძინა. ამიტომ, როცა საქმე გვაქვს ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან, არგუმენტებს უფრო ნაკლები როლი ეკისრება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება პიარი“, - უთხრა პორტალ „ევროპეისკაია პრავდას“ მიმომხილველმა სერგეი სიდორენკომ რადიო თავისუფლებას.

სააგენტო „როტერსის“ თანახმად, ისევე როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, უკრაინაშიც, ტრადიციულად, დიდი უნდობლობით ეკიდებიან მასობრივ ვაქცინაციას და არსებობს შიში იმ ე.წ. გვერდით შედეგების გამო, რომელსაც უხარისხო ვაქცინა იწვევს. ასეთი უნდობლობა 2019 წელს ქვეყანაში წითელას ეპიდემიის მიზეზად იქცა.

ინდოეთის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ ანალოგი „კოვიშილდის“ ვაქცინა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაარეგისტრირა, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო შედეგიანი და უსაფრთხო ვაქცინა, მაგრამ 25 თებერვალს სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა აცრებმა ოდესის ინფექციურ საავადმყოფოში აჩვენა, რომ ვაქცინირებულ 40 მედმუშაკიდან 22-ს უმალვე აუწია ტემპერატურამ.

„მისი მოქმედების პრინციპი ისეთია, რომ აცრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაციენტს აქვს მცირედი ტემპერატურა. ზოგიერთისათვის ესეც წარმოადგენს გარკვეულ პრობლემას. ექიმები ამბობენ, რომ ეს ნორმალურია და ასეთია ამ ვაქცინის მოქმედების პრინციპი. თუმცა ეს გარემოება ასევე უბიძგებს ადამიანებს იმის სათქმელად, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა“, - ამბობს სერგეი სიდორენკო.

მაგრამ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეები, არამედ, როგორც ზემოთ ითქვა, პირველ კვირაში თავად უკრაინელი ექიმები ამბობდნენ უარს„კოვიშილდით“ აცრაზე, რამაც, ცხადია, კიდევ უფრო გააძლიერა უნდობლობა მოსახლეობაში.

უკრაინის მთავრობის ხელთ არსებული სტატისტიკის თანახმად, უკრაინელთა 47 %-ს არ სურს აცრის ჩატარება.

ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მაგალითი

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 თებერვლისათვის მთელ ქვეყანაში აცრილი იყო მხოლოდ 2 141 ადამიანი. აქედან ბოლო 24 საათში აცრა მხოლოდ 90 ადამიანს ჩაუტარდა. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ვაქცინის პირველი პარტიით როგორც ყველგან, ისე უკრაინაშიც, პირველ რიგში, აცრა უნდა ჩასტარებოდათ სამედიცინო დაწესებულებების მუშაკებს და დონბასში ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაგეგმილ აცრებზე არ გამოცხადდნენ თავად ექიმები, ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში იძულებული გახდნენ გადაეყარათ გამოუყენებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური ვაქცინა.

„ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. თუ ადამიანი არ მოდის, მაშინ ის (ვაქცინის ფლაკონი) გახსნილ მდგომარეობაში შეიძლება იყოს 2-3 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც საჭიროა მისი უტილიზება“, - განაცხადა 28 თებერვალს უკრაინის ვერხოვნა რადის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა, მიხაილო რადუცკიმ.

იმისთვის, რომ დაეძლია ინდოეთიდან შემოტანილი ვაქცინის მიმართ ქვეყანაში გაჩენილი სკეპტიციზმი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა პირადი მაგალითი ეჩვენებინა მოსახლეობისათვის და 2 მარტს Covishield-ის ვაქცინით საჯაროდ აიცრა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტში.

„ეს [აცრა] ჩავიტარე წინა ხაზზე ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად მთავარსარდლის ამპლუაში იმავე Oxford/AstraZeneca (Covishield)-თი, რომელიც ინდოეთიდან იქნა შემოტანილი უკრაინაში და რომლითაც მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანი აიცრა. ვაქცინა შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კვლავ ვიცხოვროთ შეზღუდვების გარეშე“, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტვიტერში.

რამდენად იმოქმედა ზელენსკის მიერ ჩატარებულმა აცრამ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებაზე, ძნელი სათქმელია და ამას, ალბათ, სპეციალური კვლევა სჭირდება, მაგრამ, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უფასო ვაქცინაციისათვის 1 მარტიდან დაწყებული ონლაინრეგისტრაცია უკვე 44 000-მა ადამიანმა გაიარა.

„აშკარაა, რომ უნდობლობის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ აცრები ჩაიტარონ საქვეყნოდ ცნობილმა ადამიანებმა. და ის ფაქტი, რომ აცრა თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩაიტარა, ერთმნიშვნელოვნად კარგი ამბავია. და რამდენადაც ვიცი, არის იდეა, რომ ცნობილმა პოპვარსკვლავებმა და შოუმენებმაც საჯაროდ ჩაიტარონ აცრები, რათა დაიძლიოს ეს საყოველთაო უნდობლობა“, - ამბობს სერგეი სიდორენკო.

41-მილიონიანი ქვეყნის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკრაინის ხელისუფლება უკვე მარტის დასაწყისში გეგმავდა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac-ის პირველი პარტიის შემოტანას, მაგრამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ვადებმა გადაიწიოს. საქმე ის გახლავთ, რომ უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო გამოძიება Sinovac-ის ვაქცინის შესაძენად ერთ-ერთ ადგილობრივ მოიჯარესთან კონტრაქტის გაფორმების ფაქტზე. ზოგიერთი უკრაინელი აქტივისტი აცხადებს, რომ კონტრაქტის პირობით ვაქცინის შესაძენი ფასი ხელოვნურად იყო გაზრდილი.

ჯერჯერობით, „იურიდიული წინააღმდეგობის“ გარდა, ასევე შეფერხდა უკრაინაში Pfizer / BioNTech-ის ვაქცინის პირველი პარტიის, 117 000 დოზის, შემოტანა პროგრამა COVAX-ის ფარგლებში. მაგრამ არც სამართლებრივ-კომერციული ნიუანსები, არც ვაქცინების საიმედოობის თაობაზე უკრაინის პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი დაპირისპირება და არც მოსახლეობაში არსებული სკეფსისი დაუძლეველ წინააღმდეგობად არ მიაჩნია სერგეი სიდორენკოს, რომელიც დარწმუნებულია, რომ, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, აქტიური ვაქცინაციის ფაზის პარალელურად საზოგადოებრივი აზრი უკრაინაშიც სასიკეთოდ შემობრუნდება.

„მანამ, სანამ ჩვენში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში არ შევა და ხალხი არ დაინახავს, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იცრება და ამის გამო არავის არ ეზრდება რქები და არავის უყენებენ [ბილ გეიტსის] ჩიპს, მანამდე ასეთ უნდობლობას კვლავ ექნება ადგილი“.

ვაქცინის მიღება. უკრაინა
ვაქცინის მიღება. უკრაინა

ვაქცინაციის აქტიურ ფაზას მეტი სანდო ვაქცინაც სჭირდება.

ჯერჯერობით კი უკრაინას კვლავ ერთი ვაქცინა აქვს, ბრიტანული Oxford/AstraZeneca-ს ინდური ანალოგის, „კოვიშილდის“, სახით. ერთი ვაქცინის არსებული დოზით, ვაქცინაციის დღევანდელი ტემპებისა და ზემოხსენებული უნდობლობის გათვალისწინებით, 40- მილიონიან უკრაინაში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას არაერთი თვე დასჭირდება.

„ვაქცინაცია სულ ახლახან დაიწყო. ის ცოტა ხნის წინ დაიწყო მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვაქცინაციის გამო ერთ-ორ თვეში არ უნდა ველოდოთ ეფექტს დაავადებულთა რიცხვის შემცირების მხრივ“, - უთხრა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ლიაშკომ, რადიო თავისუფლებას.

კოვიდსიტუაცია კი უკრაინაში კვლავ არასახარბიელოა.

3 მარტის მონაცემებით, განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინის საავადმყოფოებში მოხვდა კორონავირუსით მძიმედ ინფიცირებული 3 486 პაციენტი, რაც სარეკორდო რაოდენობაა მთელი პანდემიის განმავლობაში.

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეფანოვის, თანახმად, წუხელ, მთლიანობაში, გამოვლინდა 7 235 ინფიცირებული, ხოლო 185 პაციენტი გარდაიცვალა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG