Accessibility links

რა დაუმალეს?!


ლაშა ბუღაძე

თუკი იმ ელდის მასშტაბით ვიმსჯელებთ, რომელიც ბ-ნ ივანიშვილს ეცა მისსავე დაბრუნებამდელ ისტორიულ პერიოდში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე მთავარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მართლაც უმალავდნენ სხვისთვის თვალსაჩინო, მაგრამ მისთვის უცნობ უამრავ პრობლემას.

პარალელური რელობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00
Direct link

მის ელდასთან შედარებით ბევრად უფრო მცირე, თუმცა, ასე თუ ისე მაინც ელდის მსგავსი ეცა ყოფილთა შორის მთავარ პრემიერ-მინისტრთან საგარანტიო ღიმილით მოსაუბრე ჟურნალისტსაც, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად არ იცოდა, თუკი ამდენი რამე არ სცოდნია ყოფილ და ამჟამინდელ მთავარმართებელს, და მით უმეტეს, არ სცოდნია, რა სიმსხვილის გამყალბებელი ყოფილა ყოფილი მინისტრი და აწ უკვე ყოფილი ბატონი ქუმსიშვილი, რომელმაც რაც შეძლო, ყველაფერი დაუმალა ქვეყნის ყოფილ და არყოფილ მმართველს.

მართალია, ჟურნალისტი საგარანტიო ღიმილით უცქერდა სინამდვილის გაგებისგან ელდანაცემ და მის რესპოდენტთა შორის ყველაზე მთავარს, მაგრამ გულში კი, შინაგანად, სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: ხედავ შენ, თურმე, რამდენის ართქმას ბედავდა ეს ვიღაც ყოფილი ბ-ნი ქუმსიშვილიო?!

რადგან სწორედ ყოფილ ბ-ნ ბატონ ქუმსიშვილს დაუმალავს ყოფილი და მარადიული (მისივე განჭვრეტით, 2030-წლამდელი) ბატონი ივანიშვილისთვის ის მავნებლურად გასაიდუმლოებული ფაქტი, რომ ქვეყანაში სიღარიბე ყოფილა! და, რაც მთავარია, ეს სცოდნია კიდევ ერთ ყოფილ მორიგე პრემიერ-მინისტრსა და ახლა სულ მთლად ყოფილ ბ-ნ კვირიკაშვილს, რომელიც თურმე კრუხივით აჯდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამის შესახებ არაფერს ეუბნებოდა საჯარო პოლიტიკიდან საუკეთესოდ გამქრალ 2030-წლამდელ ყოფილ ბატონს!

ამ ორმა იცოდა, ხალხი რა დღეშია და არაფერს ამბობდა, ყოფილი და 2030-წლამდელი ბატონი კი მშვიდად იყო, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სიღარიბე დაძლეულია, რომ ქვეყანაში ოპტიმიზმი და სტაბილურობის განცდაა, რომ საქართველო, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იტყოდა, იძიოტ ვპერიოტ, ბლიად, კ შტაბკვარწირე ნატო, რომ მრავალჭირნახული ქართველი ერი დიდი სიხარულით ელის მთაწმინდაზე, თაბორის მთაზე და ქართლის დედის თასქვეშ გახსნილ გოლფ-კლუბებს, სადაც სულ რაღაც ოთხ წუთში ავალთ ქალაქის ერთ ლარად შეძენილი ცენტრალური პარკინგის ზედნაშენიდან, რომ მრავალჭირნახულ ქართველ ერს ერთი სული აქვს იხილოს საუკუნოვანი სასწაული, სასწაული, რომლისთვისაც ჩვენს წინაპრებს დაუღვრიათ სისხლი - ხსენებული მიწისქვეშა პარკინგები ა. ს. პუშკინის ძალიან საინტერესო (მისი ტერმინია) სკვერში, რომელიც არც კი გასცდება ოდინდელი ცეკავშირის პერიმეტრს...

რომ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინკვიზიციო ტაბუ მთავარ ხელისუფალთან ჟურნალისტის შელაპარაკების შესახებ (ეგზეკუცია-განდევნის ნახევარსაუკუნოვანი წყევლა-მუქარით), სავარაუდოდ, საგარანტიო ღიმილით მაცქერალი ინტერვიუერიც კი ჰკითხავდა საჯარო პოლიტიკიდან ღირსეულად გამქრალ და ახლა კი თვალთა ახელისგან ელდანაცემ მმართველს, კიდევ რამე ხომ არ დაემალათ მისთვის აწ და მარადის შერისხულ ყოფილ ექს ბ-ნ კვირიკაშვილსა და ექს ბ-ნ ქუმსიშვილს? მაგალითად, ის რომ რუსეთი ჯერაც უმთავრესი პრობლემაა საქართველოსთვის და თუკი მას რაიმე ვალდებულება აკავშირებს იმ დამღლელი ქვეყნის უკვდავ-მოკვდავ ხელისუფალთან (იმედია, ეს მაინც არ დაუმალავს მისთვის ყოფილ ბ-ნ ქუმსიშვილს), ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსაც აქვს რუსეთთან რაიმენაირი "ვალდებულება", რადგან ბ-ნ ივანიშვილსა და საქართველოს სხვადასხვა ბედისწერა აქვთ და ეს არც მას უნდა დაავიწყდეს და არც მრავალ სხვას. ზემოთ ჩამოთვლილთა თუ ჩამოუთვლელთაგან განსხვავებით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება და სრულიად შეუძლებელია მისი ბედის მიბმა საკუთარ, ფარულ თუ გაცხადებულ ვალდებულებებსა და ინტერესებზე.

ამ ქვეყანას თავისი გზა აქვს და იმ ცნობილი ხეებივით ვერ გადარგავ ცოცხალი ნიადაგიდან მკვდარ ნიადაგზე.

მართალია, ყოფილ-მოქმედი მმართველი საყვედურით საუბრობს დაუფასებლობისა და თავისივე "კერძო ფულის" ზნეობრივ-ფილანტრიპიული ხარჯვის შესახებ, მაგრამ ის კი ავიწყდება, რა ვეღარ დაუმალა ყოფილმა ბ-ნმა ქუმსიშვილმა, სანამ ყოფილთა ტარტაროსში აღმოჩნდებოდა...

როცა მორალისტური სიმაღლიდან ქადაგებ ჰუმანურად გახარჯულ მილიონებზე და აქვე ისიც შეგიტყვია, რომ საქართველოში სიღარიბეა, სულ მცირე, უხამსად, ვულგარულად, ცინიკურად და ამორალურად ჩანს ვითომდა სიმპათიური "ახირებისათვის" გაღებული "კერძო" მილიონებით კეკლუცობა და თუკი ამბობ, რომ გაქვს ამბიცია, ქვეყანას და ხალხს დაეხმარო, შესაბამისად კი, ისტორიას ჰქონდეს შენი ნდობა, ყველაფერი უნდა გაიღო, სულ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთვევაში ნდობაზე ნუღარც იოცნებებ, ისტორიის კეთილგანწყობაზე - მით უფრო, რადგან სწორედ ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, რომ თავის დამზოგავი და ძალაუფლების ხარჯზე თავისთვის მომზოგავი არა ისტორიაში, არამედ ისტორიის სანაგვეზე ხვდება.

გახსოვთ სახარებისეული მეტაფორა მდიდრის, ნემსის ყუნწისა და აქლემის შესახებ? ქვეყანაზეც იგივე ითქმის. იგივე პრინციპია.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG