Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კრემლის სიგნალი გაგზავნილია“ - რა ელით პუტინის „მტრებს“ და „ვაგნერს“?


ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი - ფოტოილუსტრაცია
ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი - ფოტოილუსტრაცია

როგორიც უნდა იყოს 23 აგვისტოს რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი, რასაც, გავრცელებული ცნობით, მოსკოვის წინააღმდეგ ივნისის ამბოხის ორგანიზატორი, ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ სხვა ლიდერები ემსხვერპლნენ, რუსეთში ბევრს გაუჩნდება ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა ორგანიზებულია კრემლში.

პუტინმა ამით სიგნალი გაუგზავნა პოტენციურ მეამბოხეებს.

ბევრი ექსპერტი ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდა კრემლთან დაახლოებული მილიარდერის, ევგენი პრიგოჟინის კეფაზე მიბჯენილ თოფის ლულაზე, რაც დაქირავებულ ბოევიკთა დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ზაფხულში წამოწყებული ამბოხით ყველაზე დიდი პრობლემა შეუქმნა ვლადიმირ პუტინის 24-წლიან მმართველობას.

ორი თვის წინ, 24 ივნისს, როდესაც პროგოჟინის დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო ძალამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით მოსკოვზე ლაშქრობა წამოიწყო, ვლადიმირ პუტინმა ამ ქმედებას უწოდა „ღალატი“ და ეს ნაბიჯი შეადარა პირველი მსოფლიო ომისდროინდელ საბედისწერო მოვლენებს, რამაც რუსეთის იმპერია კოლაფსამდე მიიყვანა.


რას არ აპატიებს პუტინი არასდროს?

პუტინს წარსულშიც აქვს ნათქვამი, რომ ის ერთადერთ რამეს, ღალატს, არ აპატიებს არავის და მან ეს გაიმეორა „ვაგნერელების“ ამბოხის დროსაც, როდესაც „გარდაუვალი სასჯელის“ შესახებ გააფრთხილა ისინი, „ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას“.

ამდენად, როდესაც არშემდგარი ამბოხიდან სულ რაღაც ორ თვეში, 23 აგვისტოს, მოსკოვთან ახლოს აფეთქდა ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელშიც, წინასწარი ცნობით, 10 ადამიანი, მათ შორის, თავად „ვაგნერის“ დამფუძნებელიც დაიღუპა, - ექსპერტების გაკვირვება მხოლოდ იმან გამოიწვია, თუ რა სწრაფად დადგა ეს „გარდაუვალი სასჯელი“.

„ეს საკმაოდ მარტივია. მან (პროგოჟინმა) მოიმოქმედა ის, რაც ტაბუირებულია. ამიტომ ის ადრე თუ გვიან უნდა მოეშორებინათ. მაგრამ ამჯერად ეს საკმაოდ სწრაფად მოხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარია სნეგოვაიამ, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა.

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის - „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი.


საავიაციო კატასტროფის ერთი დღის შემდეგაც კი არ დაუდასტურებია რუსეთს ოფიციალურად 62 წლის ევგენი პროგოჟინის დაღუპვა.
მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია არც ვლადიმირ პუტინს. უცნობია ასევე, აღმოაჩინეს თუ არა თვითმფრინავის დაცემის ადგილზე მაშველებმა ე.წ. შავი ყუთი, ტექნიკური გაუმართაობის ნიშნები, თუ თვითმფრინავს მოხვედრილი ბომბის ან რაკეტის კვალი.

ეს არ არის უბედური შემთხვევა, არამედ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იშორებს პუტინი გზიდან მისთვის არასასურველ პირებს.
მარკ კაცი

სარაკეტო დარტყმას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ პროგოჟინის ერთგული ძალების მიერ, ამბოხების დროს, რაკეტით ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში, სავარაუდოდ, 10-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა.

მაგრამ, როგორც კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, თვითმფრინავ Embraer Legacy-ს დაღუპვის მიზეზი არასოდეს გახდება ცნობილი, რადგან პუტინის რუსეთში, ხელისუფლება ყოველთვის გაურბოდა კრემლთან დაკავშირებული მოვლენების დეტალურ გამოძიებას ან მალავდა ასეთი გამოძიების შედეგებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, რუსებს არ გაუჭირდებათ საგნებს თავისი სახელი დაარქვან.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ეს არ არის უბედური შემთხვევა, არამედ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იშორებს პუტინი გზიდან მისთვის არასასურველ პირებს“, - ამბობს მარკ კაცი, ვირჯინიის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი.

სხვათა შორის, „ვაგნერის“ ამბოხიდან სულ რამდენიმე თვეში ევგენი პროგოჟინის მკვლელობა, კაცმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს ივარაუდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი, დიდი ალბათობით, უარყოფს ყველანაირ მონაწილეობას პრიგოჟინის და მისი თანმხლები პირების სავარაუდო დაღუპვაში, საშინელი ავიაკატასტროფა მკაფიო სიგნალს გაუგზავნის იმ პირებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ მართავს ვლადიმირ პუტინი ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში.

„სიგნალი, რომლის გაგზავნასაც პუტინი ცდილობს, ასეთია: არც კი იფიქროთ ამბოხების მოწყობაზე. პრიგოჟინმაც, საბოლოო ჯამში, ვერაფერს მიაღწია. ასე რომ, შენც მის ბედს გაიზიარებ, თუკი მსგავსი რამის გაკეთებას შეეცდები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარკ კაცმა.

არადა, მას შემდეგ, რაც ივნისის ამბოხების შემდეგ ევგენი პრიგოჟინი თავისუფლად გადაადგილდებოდა რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე და, მეტიც, პუტინის მასპინძლობით გამართული რუსეთ-აფრიკის სამიტის კულუარებშიც კი გამოჩნდა, - ბევრმა ჩათვალა, რომ უთანხმოება მათ შორის ამოიწურა.

ზოგიერთმა რუსეთის ელიტაში პუტინის სისუსტედაც კი ჩათვალა პრიგოჟინისადმი გამოჩენილი მოჩვენებითი გულმოწყალება, ახსოვდათ რა საშინელი ბედი ხვდათ წილად პუტინის სხვა კრიტიკოსებს: ისინი ან ტყვიით მოკლეს, ან ეგზოტიკური შხამებით.

მაგრამ სხვები ფიქრობდნენ, რომ პუტინი ელოდებოდა შურისძიებისთვის ხელსაყრელ დროს, როდესაც ივნისის ამბოხი გაქრებოდა გაზეთების პირველი გვერდებიდან. მეორე მხრივ კი, ორ დაპირისპირებულ მოხელეს შორის მოჩვენებითი შერიგებას კრემლი გამოიყენებს იმისთვის, რომ უარყოს ავიაკატასტროფაში თავისი მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ „ვაგნერის“ ამბოხების პირველ საათებში პრიგოჟინის მომხრე დაქირავებულთა კოლონებმა თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს მოსკოვამდე 200 კილომეტრში მიახლოება, რამაც ბევრ კითხვა წარმოშვა იმის თაობაზე, თუ რამდენად არიან ლოიალურნი და რამდენად უჭერენ მხარს პუტინს არმია და უსაფრთხოების ძალები, სადაც სერიოზული უკმაყოფილება უნდა არსებობდეს უკრაინაში მიმდინარე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებით.

„საქმე ეხება კონტროლის აღდგენას ძალიან დემონსტრაციულად“

23 აგვისტოს მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა Bloomberg News-ი წერდა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სისტემის „ქორები“ იმავე მოთხოვნებს აყენებენ, რასაც პრიგოჟინი და ახალი სამხედრო ხელმძღვანელობის დანიშვნას და საომარი მოქმედებების გააქტიურებას მოითხოვენ.

თუ თქვენ გაბედავთ ბოსის გამოწვევას, სწორედ იგივე დაგემართებათ. ეს ძალიან ჰგავს სიტუაციას ფილმ "ნათლიაში". აი, როგორ მუშაობს (პუტინის) სისტემა.
მარია სნეგოვაია

თავდაპირველად პუტინმა ნება დართო ომის მომხრე რუს ბლოგერებსა და ნაციონალისტებს, ეკრიტიკებინათ მისი გენერალიტეტი, მაშინაც კი, როცა ხელისუფლება განაგრძობდა ციხეებში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების ჩამწყვდევას.
მაგრამ პრიგოჟინის ამბოხმა ცხადი გახადა, რომ მათ მეტისმეტად ღრმად შეტოპვის უფლება მისცა.

„რაღაც მომენტში ნაციონალისტები მისთვის სასარგებლონი აღმოჩნდნენ, ახლა კი ისინი აღარ არიან ასეთი უწყინარნი, და ამიტომ მან (პუტინმა) მათ რაღაც უნდა მოუხერხოს“, - ამბობს კაცი.

გასულ თვეში რუსეთის სასამართლომ დააპატიმრა იგორ გირკინი (სტრელკოვი), თავგადაკლული ნაციონალისტი და ომის მომხრე კომენტატორი, რომელმაც თავის ტელეგრამის არხში პუტინს „უსარგებლო მშიშარა“ უწოდა. შესაბამისად, ეს დაპატიმრება ბევრმა აღიქვა, როგორც გირკინის მსგავსთათვის გაგზავნილი გაფრთხილება.

დადასტურების შემთხვევაში, პრიგოჟინის დაღუპვაც, ან თუ არსად გამოჩნდა, მისი გაუჩინარებაც - იმავე ხასიათის სიგნალი იქნება.

„საქმე ეხება კონტროლის აღდგენას ძალიან დემონსტრაციულად - თუ თქვენ გაბედავთ ბოსის გამოწვევას, სწორედ იგივე დაგემართებათ. ეს ძალიან ჰგავს სიტუაციას ფილმ "ნათლიაში". აი, როგორ მუშაობს (პუტინის) სისტემა“, - ამბობს სნეგოვაია.

ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ პრიგოჟინის სიკვდილი პუტინს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ლამის მონოპოლიური დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიკვიდაცია, ხოლო მისი, საერთაშორისო „ცხელ წერტილებში“ მოღვაწეობისათვის გამოსადეგი რაღაც ნაწილი დაუქვემდებაროს კრემლის მკაცრ კონტროლს, რათა მან ვერასოდეს შექმნას საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ „ვაგნერის“ შექმნით და რუს დაქირავებულთა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებში გაგზავნით, პრიგოჟინმა თავის ხელში დიდ ძალაუფლებას მოუყარა თავი.

„ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ პუტინმა გადაიაზროს, თუ როგორ შეიძლება "ვაგნერის" მიერ შექმნილი ოპერატიული ინფრასტრუქტურის გამოყენება იმგვარად, რომ ამ ჯგუფმა განაგრძოს რუსეთის მიზნების განხორციელებაც და თანაც მისდამი (პუტინისადმი) უფრო ლოიალური დარჩეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კატრინ დოკსმა, ანალიტიკურ ცენტრ CSIS-ის ექსპერტმა, რომელიც ტრანსნაციონალური, მათ შორის დაქირავებული სამხედრო დაჯგუფებებისგან მომდინარე საფრთხეებს იკვლევს.

მაგრამ უცნობია, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ხელმძღვანელობის შეცვლაზე რიგითი „ვაგნერელები“, - ამბობს დოკსი და ხაზს უსვამს, რომ პრიგოჟინისადმი მათი „ლოიალობა ძალიან ძლიერი“ იყო.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.

XS
SM
MD
LG