Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამანადგურებელი მარცხის შემდეგ - რა ელის ვუჩიჩს?

სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის და უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრა ბელგრადთან ახლოს, სერბეთი. 31 ოქტომბერი, 2026 წ. ფოტო ვუჩიჩის X-ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოდან. REUTERS-ი.
სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის და უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრა ბელგრადთან ახლოს, სერბეთი. 31 ოქტომბერი, 2026 წ. ფოტო ვუჩიჩის X-ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოდან. REUTERS-ი.

სერბეთის ყოფილი ლიდერი ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ აცხადებს, რომ „დაბრუნდება“. თუმცა ალექსანდარ ვუჩიჩი შესაძლოა მანამდე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. „ეს იქნება ძალიან რთული სასამართლო საქმე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება“, - უთხრა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფლებას.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 72-წამიან ვიდეოში ორი, ახლახან ხელისუფლებას ჩამოშორებული პოლიტიკური ლიდერი გვერდიგვერდ დგას. სერბეთის ალექსანდარ ვუჩიჩი და უნგრეთის ვიქტორ ორბანი არჩევნებში მარცხის გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და თან აჩვენებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.

„ჩვენ დავბრუნდებით!“ - ღიმილით ამბობს ვუჩიჩი ვიდეოს დასასრულს. კამერას უღიმის ორბანიც.

თუმცა სანამ ვუჩიჩი დაბრუნებაზე ფიქრობს, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი და პოლიტიკის ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ ბრძოლა დაბრუნებისთვის პოლიტიკური ასპარეზიდან შესაძლოა მას სასამართლო დარბაზის გავლით მოუწიოს.

"ვიცი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შეუძლებელია“

25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ვუჩიჩი 2014 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდა ხელისუფლების მიღმა. 12 წლის წინ ის ჯერ სერბეთის პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ კი - პრეზიდენტი. ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებდა, ვიდრე მიმდინარე წლის აპრილში არჩევნებში დამარცხდებოდა.

ვუჩიჩმა ვიდეო X-ის საკუთარ გვერდზე 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მომდევნო დღის ვიდეოში მან საკუთარ მომავალზე კვლავ ისაუბრა.

„ამბობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ვგეგმავ. ვიცი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შეუძლებელია“, - თქვა მან, შემდეგ კი, როგორც ჩანს, გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ კანდიდატების მისამართით დაამატა: „მათ დამარცხებას ვგეგმავ და ჩვენ მათ დავამარცხებთ“.

ორბანის მსგავსად, ვუჩიჩიც თავის პოლიტიკურ ძალაში — "სერბეთის პროგრესულ პარტიაში" (SNS) — მთავარ ფიგურად რჩება. არჩევნების შემდეგ მან განაცხადა, რომ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდისთვის პარტიის ხელმძღვანელობას განაახლებს.

„ვუჩიჩის ქცევა საინტერესოა. ახლა ის სიმამაცეს აჩვენებს, ცდილობს, თავისი ხალხი გაამხნეოს და არ დაუშვას, რომ მის მიერ შექმნილი სტრუქტურა ბანქოს ხუხულასავით ჩამოიშალოს“, - უთხრა ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორმა დუშან სპასოევიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს.

„ბევრი რამ მომდევნო დღეებსა თუ კვირებზე იქნება დამოკიდებული - იმაზე, თუ რა მოხდება ძველი ხელისუფლებიდან ახალზე გადასვლის პერიოდში“.

„სტუდენტურმა სიამ“ სერბეთის 250-ადგილიან პარლამენტში 140 მანდატი მოიპოვა, თუმცა მკაფიო ხელმძღვანელი სტრუქტურის არარსებობის გამო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, სიის პირველმა ნომერმა, კარდიოლოგმა ილია სრდანოვიჩმა, არჩევნების შემდეგ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვუჩიჩი „უკვე პოლიტიკური ისტორიის ნაწილია“.

ბრძოლა კორუფციასთან

„სტუდენტური სიის“ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა კორუფციასთან ბრძოლასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა საპროტესტო მოძრაობის საფუძველზე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ სასიკვდილო ნგრევას მოჰყვა. სტუდენტები აცხადებდნენ, რომ ტრაგედია უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია, რომელთა უკანაც, მათი მტკიცებით, ხელისუფლების კორუფცია იდგა.

გასულ წელს კორუფციის შესახებ ბრალდებებს მოჰყვა ბელგრადში 500 მილიონი დოლარის ღირებულების სასტუმროს მშენებლობის პროექტის ჩაშლაც. პროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, უკავშირდებოდა, თუმცა თავად კუშნერისთვის კანონდარღვევა არავის დაუბრალებია.

არჩევნების შემდეგ გახშირდა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაჯანსაღების მოთხოვნები. 1 ნოემბერს პოლიციის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამას არჩევნების შედეგებთან კავშირი არ ჰქონდა.

27 ოქტომბერს ხორვატიის საზოგადოებრივ მაუწყებელ HRT-სთან ინტერვიუში „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა იოვო ბაკიჩმა ვუჩიჩის „დანაშაულებრივ საქმიანობაზე“ ისაუბრა და მოითხოვა, რომ „საფუძვლიანად გამოიძიონ ყოფილი პრეზიდენტის ყველა კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან“.

სპასოევიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მისი აზრით, სამართლებრივი დევნა „პირველ რიგში“ ვუჩიჩის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეეხება. თუმცა, მისივე შეფასებით, არსებობს „საკმარისი მტკიცებულება“ იმის დასადასტურებლად, რომ ვუჩიჩი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე სამუშაოების დაჩქარებას მოითხოვდა, რაც შეიძლება მისი სასამართლოს წინაშე წარდგომის საფუძველი გახდეს. ჩინური ინვესტიციით განხორციელებული ეს პროექტი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო.

„ვფიქრობ, ვიხილავთ პროცესს, რომლის დროსაც ვუჩიჩი… ისარგებლებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა გარანტიით და სერბეთის სამართლებრივი სისტემის ყველა შესაძლო ხარვეზით. თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად საკმარისი ძალა აღმოჩნდება“, - თქვა მან.

ბელგრადში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაცია „პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელის, დრაგან პოპოვიჩის თქმით, ძნელი წარმოსადგენია, რომ პროკურატურამ სერბეთის „ავტოკრატიული პირამიდის“ სათავეში მდგომი ვუჩიჩის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს.

„მეორე საკითხია, რაზე შეძლებენ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებას და რა ბრალდებებს წაუყენებენ. ეს, ალბათ, იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე მოქალაქეები ელიან“, - უთხრა პოპოვიჩმა რადიო თავისუფლებას.

„ეს იქნება ძალიან რთული სასამართლო საქმე, რომელიც დიდხანს გაგრძელდება… მართლმსაჯულებას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება“, - დაამატა მან.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG