იმან ასღარი, რომელიც თითქმის 8 წელია საქართველოში ცხოვრობს, დარწმუნებულია, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში, მას სიკვდილით დასჯიან.
ახალგაზრდა კაცი 2026 წლის დასაწყისში, თბილისში, ირანის ისლამური საელჩოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილე იყო.
ის, საქართველოში მცხოვრებ ირანის სხვა მოქალაქეებთან და მათ თანამოაზრეებთან ერთად, აპროტესტებდა ირანში, დემონსტრაციების სასტიკი ძალადობით ჩახშობას, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში, ირანის საელჩოსთან გამართული აქციების მონაწილეები, სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ირანის არაერთ ქალაქსა და პროვინციაში, ქუჩაში ითხოვდნენ პოლიტიკურ ცვლილებებსა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რას ამბობს იმანის ოჯახის წევრი
რადიო თავისუფლება იმანის ოჯახის წევრს დაუკავშირდა. ის ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს და ამბობს, რომ იძულებული გახდა, საქართველო იმანის დაკავების შემდეგ, მალევე დაეტოვებინა.
მისი თქმით, იმანი 2026 წლის 6 მაისს დააკავეს. ის არ ჰყვება მისი დაკავების გარემოებებს, თუმცა ამბობს რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ბინადრობის საკითხზე წარმოებული საქმე უარით დასრულდა. ოჯახის წევრი ჰყვება, რომ მან გადაწყვიტა საქართველო კანონის დაცვით დაეტოვებინა და უსაფრთხო მესამე ქვეყანაში გამგზავრებულიყო, თუმცა ამისთვის პასპორტის განახლება დასჭირდა.
„იმანი არაერთხელ მივიდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, რომ პასპორტი განეახლებინა ან ახალი მიეღო. თუმცა, მას განუცხადეს, რომ ის თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო იდენტიფიცირებული იყო და ამის გამო საკონსულო მომსახურებაზე უარი უთხრეს, პასპორტი არ განუახლეს.
საელჩომ, საერთაშორისო პასპორტის გაცემაზე უარის თქმით, შეგნებულად შეუზღუდა მას მოქალაქეობით სარგებლობის შესაძლებლობა. სწორედ ეს დოკუმენტი ადასტურებს მის ვინაობას და აძლევს მას ქვეყნის კანონიერად დატოვების და სხვა ქვეყანაში წასვლის უფლებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იმანის ოჯახის წევრი და აზუსტებს, რომ სწორედ ამის გამო ვერ შეძლო იმანმა საქართველოს დატოვება.
რას ამბობს ადვოკატი?
იმანის ინტერესების დამცველის, ტუნარ ლეზგიევის თქმით, სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 ივლისს იყო დანიშნული, თუმცა, ის მომავალი კვირისთვის გადაიდო. ზუსტი თარიღი ჯერ არ იცის.
მისი ინფორმაციით, პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარდება და შესაბამისად, ვერც იმან ასღარი და ვერც მისი ადვოკატი, სხდომას ვერ დასწრებიან.
„ბოლოს ერთი კვირის წინ ველაპარაკე იმანს. შეშინებულია, რომ მას საქართველოდან ირანში გააძევებენ, სადაც მას სიკვდილით დასჯიან“, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
მისივე თქმით, იმან ასღარის საქმის შესწავლის მოთხოვნით მან სახალხო დამცველის ოფისსაც მიმართა:
„დაახლოებით ორი კვირის წინ მივმართე, დამპირდნენ, რომ შეისწავლიან საკითხს და მოხდება შესაბამისი რეაგირება, თუმცა, მათგან ჯერჯერობით განახლებული ინფორმაცია არ მიმიღია“.
სახალხო დამცველის ოფისის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ისინი სწავლობენ იმან ასღარის საქმეს: „ნამდვილად გვაქვს მის შესახებ ინფორმაცია, საკითხს ვსწავლობთ, ველოდებით ინფორმაციას“.
ტუნარ ლეზგიევი ამბობს, რომ მას არ უნახავს დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე უთხრა უარი პასპორტის განახლებაზე იმან ასღარს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ:
„მე ოფიციალური დოკუმენტი, თუ რა პასუხი მიიღო ირანის საელჩოსგან იმანმა, არ მინახავს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, რაკი ის საქართველოში პოლიტიკურად აქტიური იყო, ამის გამო არ განუახლეს პასპორტი“.
რადიო თავისუფლებამ იმან ასღარის საქმეზე კითხვებით მიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. მათ მოგვთხოვეს, რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა.
მიმართა თუ არა იმან ისღარმა ირანის საელჩოს პასპორტის განახლების მოთხოვნით და რის საფუძველზე უთხრეს მას უარი - ამ კითხვებზე პასუხი, ჯერჯერობით, არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში, ის ამავე სტატიაში აისახება.
იმან ასღარის ადვოკატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო იმან ასღარის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას მიიღებს, მას მიეცემა გონივრული ვადა, დატოვოს ქვეყანა. თუკი ის ქვეყნის დატოვებაზე უარს იტყვის, მას გააძევებენ:
„ამ სიტუაციაში, იმანი სხვა ქვეყანაში წასვლას, ცხადია, ვერ შეძლებს, რადგან მას არ აქვს მოქმედი პასპორტი. შესაბამისად, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქვეყნიდან გაძევების შემთხვევაში, მას შეუძლია წავიდეს, ეს არის ირანი. იქ წასასვლელად მას განახლებული პასპორტი არ დასჭირდება, ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია სამგზავრო ბარათი“.
ადვოკატი ინფორმაციით, იმან ასღარი თვითდასაქმებული იყო და უცხოელ სტუდენტებს სხვადასხვა დოკუმენტაციისა და საბუთების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.
ირანელი აქტივისტების შიშები
ირანელები, რომლების საქართველოში, 2026 წლის დასაწყისში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანს მაინც გააძევებს ხელისუფლება საქართველოდან, მათ ირანში, აეროპორტშივე დააკავებენ.
ამას ამბობს რადიო თავისუფლებასთან ირანის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, მუშაობს, აქვს ბინადრობის უფლებაც. ამბობს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ურჩევნია მისი ვინაობა ანონიმურად დარჩეს.
„მათ პროტესტში მონაწილე ირანელების ფოტოები აქვთ და ჩასვლისთანავე შეუძლიათ ჩვენი დაკავება. ჩემს პასპორტსაც ამოეწურა ვადა, მაგრამ ირანის საელჩოში მისვლა და განახლება არც მიცდია. ირანში პროტესტის დროს ჩემი ბიძაშვილიც მოკლეს. საქართველოშიც და ირანშიც კარგად იციან ჩემი პოზიციის შესახებ... პროტესტის მონაწილეებისათვის ირანში დაბრუნება სიკვდილის ტოლფასია“.
ირანის კიდევ ერთი მოქალაქე, ირანელი აქტივისტი და ირანში, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი, რომელიც ამჯერად საქართველოდან აგრძელებს პროტესტსა და აქვეყნებს სტატიებს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმან ასღარის ირანში დეპორტაციას მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
მოჰამმადი თებერვლის დასაწყისში თავადაც იყო დაკავებული ირანის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. ის პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.
„იმანი ირანის საელჩოსთან გამართული აქციების აქტიური მონაწილეა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმთან მას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება. მას დააკავებენ, გაუშვებენ ციხეში და არც ისაა გამორიცხული, რომ სასამართლომ მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღოს. ის ღიად გამოხატავს ამ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს, ისევე როგორც ჩვენ, დანარჩენები, რომლებიც ამ წლის დასაწყისში, ყოველდღიურად ვმართავდით საპროტესტო აქციებს ირანში მიმდინარე მოვლენების გამო, რასაც ირანის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი შეეწირა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მოჰამმად რეზა კამრანინეჟადი.
მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
2026 წლის თებერვალში, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებული „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოში 20 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. მან თქვა, რომ 2026 წლის განმავლობაში იგეგმება არალეგალი მიგრანტების 20%-ის გაძევება.
ფორუმი