Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ეტაპზეა ციხის მშენებლობა რუსთავში, რომლის წინააღმდეგ მოსახლეობა გამოდის


რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, იმ დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულების მშენებლობაზე მსჯელობამ, რომლის გამოც გასულ წელს არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, პარლამენტში გადაინაცვლა. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ მუნიციპალურ პრობლემებზე სამუშაოდ შექმნილი ინტერუწყებრივი ჯგუფის შეხვედრაზე, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ სთხოვა გადახედოს დაწესებულების მშენებლობის ადგილს. მხეიძის თქმით, რუსთავის ამ დასახლებაში საბჭოთა პერიოდში მრავლად იყვნენ ე.წ. მიმაგრებით ჩასახლებული პატიმრები, გახსნილი იყო სპეციალური კომენდატურა და იმ დროის გავლენა მოსახლეობაში დღემდე იგრძნობა:

პაატა მხეიძე
პაატა მხეიძე

„ამ ლოკაციაზე [ჭყონდიდელის დასახლება] ასეთი ხალხის [პატიმრების] ხანგრძლივმა ცხოვრებამ შექმნა ის სუბკულტურა, რომელსაც ჩვენ დანაშაულებრივს ვეძახით. გაიზარდნენ თაობები და აღარ უნდათ, რომ თავისთან ახლოს ხედავდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ავტომატიან მუშაკს“.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვაგან გადატანა დაგვიანებულია, იუსტიციის სამინისტრომ ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ობიექტი საცხოვრებელი კორპუსებიდან მოშორებით გამოყოფილი ტერიტორიის სიღრმეში აშენდეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, მიხეილ სარჯველაძეს, იმავე თხოვნით მიმართა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, თუმცა ის არ დაეთანხმა დეპუტატ პაატა მხეიძის წინადადებას.

შოთა რეხვიაშვილი
შოთა რეხვიაშვილი

„როცა გავლენებზე, ციხის ნეგატივის გარეთ გამოტანაზე და სუბკულტურაზე ვსაუბრობთ, ის მოდის იმ ღია ტიპის დაწესებულებებიდან, მათ შორის, მე-17 დაწესებულებიდან, საიდანაც არაფერია დაცული და იქიდან გავლენები უფროა, ვიდრე ულტრათანამედროვე დახურული ტიპის დაწესებულება. მის არსებობას ვინმე ძნელად შეამჩნევს, გარდა იმ უხეში ღობისა, რომლის შიგნით შეღწევა სასურველია“.

გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კარგი შესაძლებლობა იქნება. ამას მოჰყვა სამუშაო ჯგუფის წევრის, დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის რეპლიკა, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს არჩევენ არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არამედ კონკურსისა და შესაბამისი უნარების საფუძველზე. ბექა ნაცვლიშვილმა ყველას შეახსენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ციხის მშენებლობას ეწინააღმდეგება და იუსტიციის სამინისტროს 8 ათასი ხელმოწერაც გადასცეს:

„ამ ადამიანებისთვის, ცხადია, არავის გაუცია პასუხი, რომ ეს დაწესებულება, თავისი ორიგინალური ღობით, მოსახლეობისგან იქნება დაშორებული, მაგალითად, 150, 300 თუ რამდენი მეტრითაც“.

სამუშაო ჯგუფის სხდომა
სამუშაო ჯგუფის სხდომა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს უთხრა, რომ სამინისტრო პროექტის კორექტირებაზე იმსჯელებს, თუმცა ციხე აშენდება იქ, სადაც თავდაპირველად დაგეგმეს.

„საუბარია აბსოლუტურად იზოლირებულ დაწესებულებაზე. ის მოსახლეობისთვის რისკებს გამორიცხავს. აქ ითქვა, რომ ციხის მშენებლობა შეჩერებულია. ეს ასე არ არის. სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არ დაწყებულა. მიმდინარეობს პროექტირება. შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებთ იმ წინადადებებს, რომლებიც შეიძლება ესადაგებოდეს მოსახლეობის საჭიროებებს“.

მამუკა ჩიქოვანი
მამუკა ჩიქოვანი

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით უკმაყოფილო დარჩა სამუშაო ჯგუფის წევრი, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი. მან ხელისუფლება რუსთაველების ინტერესთა უგულებელყოფაში დაადანაშაულა, რასაც უმრავლესობის დეპუტატებთან მცირე კამათიც მოჰყვა. რუსთავის ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება, დაახლოებით, 150 ჰექტარზე უნდა აშენდეს. გასული წლის აპრილიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. უახლოესი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 50 მეტრით დაშორებული ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს, ამჟამად შემოღობილია.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG