Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ზუგდიდის მერობის მსურველებზე


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ეტაპზე გადადის. ჯერჯერობით მერობის კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა ძალამ.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იქნება ზუგდიდის მერის მოადგილე გიორგი შენგელია, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატების ოფიცილურად დარეგისტრირებისთვის პარტიებს და ბლოკებს კიდევ ორი კვირა აქვთ.

რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში უთხრეს, რომ ამომრჩევლებს გიორგი შენგელიას ოფიციალურად ამ კვირაში წარუდგენენ და საარჩევნო პროგრამაზეც ამის შემდეგ ისაუბრებს.

პროფესიით ეკონომისტი გიორგი შენგელია წლების განმავლობაში საბანკო სისტემაში მუშაობდა, მათ შორის „თიბისი ბანკის“ ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერად. 2018 წლის 7 ნოემბრიდან იკავებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას.

გიორგი შენგელიას არჩევნებში კენჭისყრის გამოცდილება არ აქვს განსხვავებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსისგან. ყოფილი პირველი ლედი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო და კენჭს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა. პირველ ტურში ვერც მან და ვერც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღეს ხმების 50%-ზე მეტი. სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს.“

გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სანდრა რულოვსს ზუგდიდის ამომრჩეველს ოფიციალურად 7 აპრილს წარუდგენენ. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა და რეგისტრაცია იუსტიციის სახლში გაიარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობა სურს 4 დამოუკიდებელ კანდიდატსაც. მათ წარსადგენად საინიციატივო ჯგუფები საოლქო კომისიაში უკვე დარეგისტრირდნენ და კანდიდატების რეგისტრაციისთვის 9 აპრილამდე უნდა წარადგინონ სულ მცირე 1206 ამომრჩევლის ხელმოწერა.

ზუგდიდის მერობის მსურველებს შორის არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, მოძრაობის „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, თეოლოგი დავით თორდია და ისტორიკოსი გოგიტა ბიგვავა.

ზვიად სიჭინავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საარჩევნო პროგრამაზე დეტალურად ისაუბრებს კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ. სიჭინავა ზუგდიდის მერად კენჭს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა. ამბობს, რომ გამარჯვებაში არც ახლაა დარწმუნებული, თუმცა ზუგდიდელებს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

ზუგდიდის მერობის კიდევ ერთმა მსურველმა, თეოლოგმა დავით თორდიამ გვითხრა, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, "ახალი სიტყვის" პრეზიდენტია და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს ხალხის მსოფლმხედველობა შეცვალოს, საზოგადოება გამოაღვიძოს და საინფორმაციო ვაკუუმიდან გამოიყვანოს.

„ხალხი არის გამოსაღვიძებელი. ინფორმაციას არ იძლევიან საინფორმაციო საშუალებები. საზოგადოება დაყოფილია პოლიტიკურ პარტიებად. უნდა გავაგებინოთ, რომ არის მესამე ძალა, რომელსაც ძალუძს სერიოზულად ეროვნული საქმის წამოწევა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით თორდიამ.

ზუგდიდის მერობის მსურველი, მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია გვეუბნება. რომ უკვე შეიმუშავა ზუგდიდის განვითარების კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება,“ პარლამენტში შესვლის შემდეგ კი, „მოქალაქეთა კავშირში“ გადავიდა. 2017 წელს ჯგუშია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი იყო და თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა თბილისის გლდანის რაიონის მაჟორიტარად.

„ჯგუშია სთავაზობს ზუგდიდს პროგრამას, რომელსაც ერქმევა ზუსტ დაგეგმარებას პლუს მომჭირნეობა. მთავარია მოხდეს დაგეგმარება ზუსტად და სწორად, გერმანული სისტემების დახვეწილობით, სიზუსტით და შემდგომ მოხდეს დაგეგმარებულის მომჭირნეობითი მიდგომების საფუძველზე განხორციელება“ - აცხადებს თენგიზ ჯგუშია. მისივე თქმით, ზუგდიდის მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს მჭიდრო ურთიერთობას ხალხთან, აუქციონზე მერიის ავტომანქანების გაყიდვას და თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვას.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხალხთან ერთად გეგმავს პრობლემების მოგვარებას ისტორიკოსი გოგიტა ბიგვავა. ის ზუგდიდის მერად კენჭს 2017 წლის თვთმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი იყო. არჩევნებში მარცხის შემდეგ პარტია მალევე დატოვა.

„მერის ძირითადი მოვალეობა უნდა იყოს მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი. ანუ კაბინეტში არ უნდა იყოს გამოკეტილი. კარგ მენეჯერთან ერთად უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრების მქონე პიროვნება“ - ამბობს გოგიტა ბიგვავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც 2018 წლის სექტემბერში პოსტი დატოვა „ქართული ოცნებიდან“ 2017 წელს არჩეულმა ლაშა გოგიამ. 2018 წლის ნოემბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გოგია დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. ზუგდიდის ყოფილი მერი ბრალდებას უარყოფს.

მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG