Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ნაბახუსევზე და როგორ შეიძლება განკურნება?


თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუჭის გაღიზიანება, თავბრუსხვევა და ზოგადი ტანჯვა - ნაბახუსევის სახელით ცნობილი ამ სიმპტომების ერთობლიობა კაცობრიობას ანტიკური ეგვიპტის დროიდან აწუხებს.

ნაბახუსევი საახალწლო დღესასწაულებზე მხოლოდ თქვენი თავის ტკივილი არაა. ამ პერიოდში ეს მასშტაბური მოვლენაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც კი აზიანებს.

როგორ ვიგრძნოთ უკეთ თავი, როცა, დიდი ისტორიის მიუხედავად, ამ პრობლემამ მეცნიერებისა და ფარმაცევტული კომპანიების სათანადო ყურადღება ვერ მიიპყრო?

ალკოჰოლური ნაბახუსევის კვლევის ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის აპრილში ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში გაიმართა, ნაბახუსევის სამეცნიერო დეფინიციაზე შეთანხმდნენ:

თრობის მომდევნო დღეს, როდესაც სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია ნულს უახლოვდება, მენტალური და ფიზიკური სიმპტომების კომბინაციას ალკოჰოლური ნაბახუსევი ჰქვია.

მძიმე თრობის მომდევნო დღეს ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლის დაშლას იწყებს. ამ დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებები იმუნური სისტემის ძლიერ საპასუხო რეაქციას იწვევს, რასაც გარკვეული ხანი უსიამოვნო შეგრძნებები მოჰყვება.

ნაბახუსევის სიმძიმეზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: ალკოჰოლის რაოდენობა და ტიპი, ძილის ხარისხი და ხანგრძლივობა, საკვები და ადამიანის ინდივიდუალური თავისებურებები. ნაბახუსევი ზრდის ტრავმის მიღების რისკს, აუარესებს მეხსიერების აღდგენის, ემოციებისა და ხასიათის სუბიექტური შეფასების უნარებს.

ნაბახუსევზე მანქანის მართვა ცუდი იდეაა

ზოგიერთი კვლევით, ნაბახუსევი ასოცირდება მანქანისა და თვითმფრინავის მართვის უნარის დაქვეითებასთან, რადგან ამ დროს შენელებულია და არაზუსტია რეაქციები.

თამბაქოს მოწევა მდგომარეობას ამძიმებს

სიგარეტი, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა და, ამასთან, ნაბახუსევს კიდევ უფრო ამძიმებს. მკვლევარებმა, რომლებიც კოლეჯის სტუდენტების ქცევას აკვირდებოდნენ, დაადგინეს, რომ ის, ვინც სვამს და თან სიგარეტს ეწევა, მომდევნო დღეს გაცილებით მტანჯველ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარდება.

ნაბახუსევი ძვირია და ეკონომიკას მილიარდობით დოლარი უჯდება

ნაბახუსევმა შეიძლება გამოიწვიოს გაფანტულობა და ნაკლები პროდუქტიულობა სამსახურში და ხელი შეუშალოს ადამიანებს სოციალური ვალდებულებების შესრულებაში.

კვლევა აჩვენებს, რომ დასაქმებულთა 24 %-ს გამოუცდია სამუშაო საათებში ალკოჰოლური ნაბახუსევი, რაც არაპროდუქტიულობაში, გაფანტულობაში გამოიხატება.

2006 წლის კვლევის თანახმად, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას 223 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა, საიდანაც 72 %- სამუშაო ადგილზე არაპროდუქტიულობის შედეგია.

გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს

კონკრეტული გენები პირდაპირ პასუხისმგებელია ენზიმებზე, ანუ ფერმენტებზე, რომლებიც ალკოჰოლის ტოქსიკურ ბიოპროდუქტ აცეტალდეჰიდს შლიან.

ზოგიერთი სასმელი უფრო მტანჯველ ნაბახუსევს იწვევს

როგორც წესი, მუქი ფერის ალკოჰოლური სასმელები - ვისკი, კონიაკი, წითელი ღვინო თუ რომი - გაცილებით მტანჯველ ნაბახუსევს იწვევს, ქიმიური კომპონენტის გამო. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბურბონის მომხმარებელმა მომდევნო დღეს უფრო ცუდად იგრძნო თავი, ვიდრე მან, ვინც არაყი დალია.

ნაბახუსევის რისკი ქალებში უფრო მაღალია, სიმძიმე - კაცებში

ქალებსა და კაცებს შორის ნაბახუსევის რისკის სხვაობა ორგანიზმში წყლის ოდენობას უკავშირდება. თუ, საერთოდ, ადამიანის ორგანიზმში, დაახლოებით, 80 პროცენტი წყალია, ეს მაჩვენებელი განსხვავდება სქესთა შორის. როცა ერთი და იმავე წონის ქალი და კაცი სვამს ერთსა და იმავე რაოდენობის სასმელს, ქალის სისხლში ალკოჰოლის უფრო მაღალი შემცველობაა, რადგან მის ორგანიზმში ნაკლები წყალია.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მკაცრი ნაბახუსევი უფრო კაცებს ახასიათებთ. ასაკობრივ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავება არ დაფიქსირდა.

ნაბახუსევის წამალი არ არსებობს

ნაბახუსევის ეფექტიანი მკურნალობის შემუშავება სამეცნიერო წრეებსა თუ ფარმაცევტულ კომპანიებში არაეთიკურადაა მიჩნეული, რადგან ამან შესაძლოა ალკოჰოლის მოხმარების ზრდა წაახალისოს.

ალკოჰოლური ნაბახუსევი გადაჭარბებული სმისთვის ბუნებრივ სასჯელადაც ითვლება და მიიჩნევა, რომ ასეთი ქცევის პრევენციას ემსახურება, თუმცა ეს ვარაუდი სტატისტიკური კვლევებით არ დასტურდება. ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლურ ნაბახუსევს განიცდიან, ხშირად ამბობენ, რომ აღარასდროს დალევენ (ამდენს), რეალურად კი ასე არ ხდება.

ალკოჰოლური ნაბახუსევი კომერციულ ინტერესსაც იწვევს - ინტერნეტში ძალიან ბევრი წამალია ხელმისაწვდომი, თუმცა ამ პროდუქტების ეფექტიანობა არ დასტურდება.

ნაბახუსევის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც თავის ტკივილსა და კუნთების სპაზმებს შველის; შაქრიანმა საკვებმა შესაძლოა კანკალი შეგიმციროთ; ბულიონი ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა, რომელსაც კუჭი ადვილად გადაამუშავებს.

როგორ ავირიდოთ ნაბახუსევი: გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სერვისის (NHS) რჩევები

  • არ დალიოთ ცარიელ კუჭზე: ალკოჰოლის მიღებამდე შეეცადეთ ჭამოთ ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარი საკვები. ეს ორგანიზმს ალკოჰოლის შეწოვის შენელებაში დაეხმარება;
  • იცოდეთ საკუთარი ტემპი: ნაკლები სასმელის მიღება, ცხადია, საუკეთესო გზაა ნაბახუსევის თავიდან ასარიდებლად. არ დალიოთ იმაზე მეტი და იმაზე სწრაფად, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გაუმკლავდება.
  • შუალედებში დალიეთ წყალი ან არაგაზირებული სასმელი: გაზიანი სასმელი ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვას აიძულებს.

გამოცდილი ხალხური მეთოდები

  • მჟავე კიტრის წვენი, რუსეთი

მჟავე კიტრის წვენი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამალია ნაბახუსევისგან თავის დასაღწევად. როგორც ჩანს, ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი პრობიოტიკები ინტოქსიკაციის სიმპტომებს ხსნის.

  • ლეჩე დე ტიგრე, პერუ

ლეჩე დე ტიგრე (ვეფხვის რძე) ციტრუსის ერთგვარი მარინადია, რომელიც პერუს ეროვნულ კერძში, სევიჩეში, გამოიყენება და, როგორც ამბობენ, ყველანაირ ნაბახუსევს კურნავს. სანელებლებისა და ციტრუსის წვენის პიკანტური მიქსი “მიცვალებულსაც წამოაყენებსო” ამბობენ.

  • ჭიანჭველების ჩაი, ავსტრალია

​მკვიდრი ავსტრალიელები, ათასობით წელია, თავის ტკივილისა და გაცივების საწინააღმდეგოდ ჩაისთან ერთად მწვანე ჭიანჭველებს მიირთმევენ.

  • ყავა ბატის კვერცხთან ერთად, ბალი

მაგარი ტკბილი ყავისა და შესქელებული რძის კომბინაციაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა თუ ამ სასმელში მაგიურ ინგრედიენტს - ბატის უმ კვერცხსაც - ჩააგდებთ, ამბობენ, სასმელს სულ სხვა ეფექტი აქვსო.

  • ხაში, საქართველო

საქართველოში ნაბახუსევიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება ხაშია. წვნიანი შეიცავს ამინომჟავა გლიცინს, რომელიც სწრაფად აყუჩებს თავის ტკივილს და აქვეითებს ფორიაქს. თუ ხაშს, ტრადიციულად, ნიორსაც მიაყოლებ, უკეთესი შედეგი გექნება, რადგან ნიორს დამაწყნარებელი მოქმედება აქვს და ძლიერ ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სისტემას.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG