Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ტრამპის „მშვიდობის საბჭოზე“ ამ დროისთვის?


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ციურიხის აეროპორტში ჩაფრინდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად, 21 იანვარი, 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ციურიხის აეროპორტში ჩაფრინდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად, 21 იანვარი, 2026

მოკლედ

  • დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე „მშვიდობის საბჭოს“ ქარტიის შესახებაც ისაუბრებს.
  • აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერები მის მიერ შექმნილი მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელ წევრებად მიიწვია.
  • საფრანგეთი უარს ამბობს საბჭოში მონაწილეობაზე, ხოლო უკრაინა და ბრიტანეთი შეშფოთებას გამოხატავენ პუტინის მიწვევის გამო.

ბოლო დღეებში სულ უფრო მეტი სახელმწიფოს ლიდერი იღებს მიწვევას აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც, როგორც საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტით ირკვევა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ღაზის საკითხით და პალესტინის ტერიტორიით. უკვე 50-მდე მოწვევაა გაგზავნილი და 30-ზე მიღებულია თანხმობა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თანახმად, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 21 იანვარს დაგეგმილი გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპი ახალ საბჭოზეც ილაპარაკებს, იქამდე კი სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, რომ ნახა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ კონფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ სადამფუძნებლო ქარტია.

რას გააკეთებს "მშვიდობის საბჭო"?

სადამფუძნებლო დოკუმენტის პრეამბულის თანახმად, „მშვიდობის საბჭო“ არის „საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც სურს სტაბილურობის, სანდო და კანონისმიერი მმართველობის აღდგენისა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა იმ რეგიონებში, სადაც კონფლიქტებია ან რომლებსაც კონფლიქტები ემუქრება“.

ორგანიზაცია „მშვიდობისმყოფელის ფუნქციას განახორციელებს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად“.

ვინ უხელმძღვანელებს „მშვიდობის საბჭოს“?

საბჭოს თავმჯდომარე იქნება დონალდ ტრამპი, თუმცა ორგანიზაციაში ის ასევე წარმოადგენს აშშ-ს.
„თავმჯდომარეს ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება შექმნას, შეცვალოს ან დაითხოვოს დაქვემდებარებული ერთეულები, როგორც ეს აუცილებელი ან საჭირო იქნება „მშვიდობის საბჭოს“ მიერ მისიის შესასრულებლად“.

თავმჯდომარე შეარჩევს აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, რომ ისინი იყვნენ „გლობალური მასშტაბის ლიდერები“ და „იმსახურონ ორწლიანი ვადით, რა ვადაშიც გავრცელდება თავმჯდომარის მიერ მათი გათავისუფლების უფლებამოსილება“.

ქარტიის თანახმად, თავმჯდომარის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი „ნებით გადადგომის ან ქმედუუნარობის გამო“.

აშშ-ის მაღალჩინოსანმა „ფრანს პრესს“ დაუდასტურა, რომ ტრამპს შეეძლება თავმჯდომარეობის შენარჩუნება თეთრი სახლის დატოვების შემდეგაც, „ვიდრე თავად არ გადადგება“, თუმცა აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტს შეეძლება აშშ-ის წარმომადგენლად სხვა პირის დანიშვნა.

ვინ შეიძლება იყოს საბჭოს წევრი?

წევრი სახელმწიფოები უნდა მოიწვიოს აშშ-ის პრეზიდენტმა და ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაური.

ცალკეული წევრის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ სამი წელია. თუმცა, „წევრობის სამწლიანი შეზღუდვა არ შეეხებათ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც ქარტიის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეიტანენ „მშვიდობის საბჭოს“ ფონდში.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თანახმად, საკუთრივ წევრობა „არ გულისხმობს თანხის შეწირვის ვალდებულებას იმის მიღმა, რის გაღებასაც პარტნიორი ქვეყანა თავად გადაწყვეტს“.

ვინ იქნება აღმასრულებელი საბჭოს წევრი?

აღმასრულებელ საბჭოს უხელმძღვანელებს დონალდ ტრამპი და მას ეყოლება შვიდი წევრი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის საგანგებო მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი ტონი ბლერი, ამერიკელი მილიარდერი ფინანსისტი მარკ როუანი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯეი ბენგა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის მოადგილე რობერტ გაბრიელი.

რომელი ქვეყნები მიიწვიეს „მშვიდობის საბჭოში“?

უკვე ათობით ქვეყნის - როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირეების, აგრეთვე მეტოქე სახელმწიფოების ლიდერებმა განაცხადეს საბჭოში დამფუძნებელ წევრად მიწვევის შესახებ.

მიწვეულთა შორისაა ჩინეთიც, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პეკინი კვლავაც დაიცავს გაეროზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

მიწვეულთა შორის არიან როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ზოგიერთმა ქვეყანამ მყისვე განაცხადა საბჭოს დამფუძნებელ წევრობაზე თანხმობა. მათ შორის არიან: ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი.

მიწვევის მიღების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს. მიწვეულთა შორისაა კოსოვო, რომლის პრეზიდენტი დათანხმდა დამფუძნებელ წევრობას. თანხმობა განაცხადა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კანადამაც, რომელმაც გამორიცხა მუდმივი წევრობისთვის საჭირო მილიარდი აშშ დოლარის გადახდა.

ვინ არ ჩაერთვება საბჭოს მუშაობაში?

საფრანგეთი არ აპირებს მიწვევაზე დათანხმებას. პარიზის უარს მოჰყვა ტრამპის მყისიერი მუქარა ფრანგულ ღვინოზე მაღალი ტარიფების დაწესებაზე.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ძალიან ძნელი“ იქნება რუსეთის გვერდით საბჭოს წევრობა და რომ დიპლომატები „მუშაობენ ამ საკითხზე“.

ლონდონმაც გამოხატა შეშფოთება საბჭოში პუტინის მიწვევაზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა: „უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში პუტინი არის აგრესორი და მან არაერთხელ აჩვენა, რომ სერიოზულად არ უდგება მშვიდობის დამყარებას“.

ქარტიის თანახმად, „მშვიდობის საბჭო“ ამოქმედდება სამი სახელმწიფოს მიერ თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG