Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იცით საქართველოში არსებული მეტეორიტების შესახებ? 


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 მეტეორიტი ინახება, ერთ-ერთი მათგანი მზის სისტემაზე ძველია, ყველაზე დიდი კი, თავის დროზე, უნივერსიტეტის პირველი რექტორისთვის, პეტრე მელიქიშვილისთვის უჩუქებიათ.

„ვინ აჩუქა, არ ვიცით, მაგრამ მეტეორიტს ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული აქვს და, რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს“, - ამბობს სანდრო მარუაშვილი, უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ექსპონატი მსოფლიოში ცნობილი ტუნგუსკის მეტეორიტის ნამსხვრევია, რომელიც 1908 წელს კრასნოიარსკის მხარეში ჩამოვარდა. ამ გიგანტური კოსმოსური სხეულის დედამიწასთან შეჯახება იმდენად მძლავრი აღმოჩნდა, რომ ჩამოვარდნის ადგილიდან 2000 კვადრატული მეტრის რადიუსში ხეები ერთიანად წაიქცა.

ყველაზე დიდი მეტეორიტი, რომელიც უნივერსიტეტში ინახება, რამდენიმე კილოგრამს იწონის. მისი სიმაღლე 14, სიგანე - 20, სიგრძე კი 24 სანტიმეტრია.

თსუ-ის ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ გუბაძე ამბობს, რომ საქართველოშიც იმდენივე მეტეორიტი ცვივა, რამდენიც სხვაგან, მაგრამ მთაგორიანი რელიეფის გამო მათი პოვნა ჭირს.

ლაბორატორიული ანალიზის გარეშე შეუძლებელია, გაარკვიო, ხელში კოსმოსური სხეული გიჭირავს თუ უბრალოდ რომელიმე მინარევი. მეტეორიტებს სახელებს იმ ადგილების მიხედვით არქმევენ, სადაც იპოვეს.

როგორც ნუგზარ გუბაძე ამბობს, ოციოდე წლის წინ ერთი „ქართული“ მეტეორიტიც გამოჩნდა. ის მპოვნელმა სამეგრელოდან ჩამოიტანა, თუმცა ექსპერტებმა „თბილისი“ შეარქვეს. ნუგზარ გუბაძის თქმით, ექსპონატის ქიმიური შემადგენლობა იმდენად უჩვეულო იყო, რომ უცნობი წარმოშობის სხეული გამოკვლევისთვის გერმანიასა და ამერიკაში გაგზავნეს.

„თბილისი“ სამეცნიერო ჟურნალში
„თბილისი“ სამეცნიერო ჟურნალში

„მოვლენა, რაც აქ დავინახეთ, აბსოლუტურად ცვლიდა ელემენტების წარმოქმნის თეორიას. არეული იყო იზოტოპური ფარდობები ელემენტებში: ტიტანი, ჟანგბადი, კალციუმი. გერმანელებმა, ძალიან საინტერესო ნიმუშია, მაგრამ კომპეტენცია არ გვყოფნის, შევაფასოთ და ამერიკაში გაგზავნეთო.

ამერიკიდან თავდაპირველად გვითხრეს, ეს მეტეორიტი არ არისო. ჩვენ ვუპასუხეთ, კი, ბატონო, არ იყოს მეტეორიტი, დედამიწის ნიმუში იყოს, გვითხარით, რატომ არის იზოტოპობი ასე არეული. კიდევ გავზომავთო, მოგვწერეს და მას შემდეგ არ შეგვხმიანებიან. ორივე ქვეყანას ვთხოვეთ, უკან დაებრუნებინა ნიმუშები, მაგრამ არ დაგვიბრუნეს“, - ამბობს ნუგზარ გუბაძე.

შემადგენლობისა და იშვიათობის მიხედვით მეტეორიტის ერთი გრამის ფასი შესაძლოა 40 000-150 000 დოლარიც კი იყოს. არის მეტეორიტების, როგორც ქონების, ბანკში „ჩადების“ პრაქტიკაც.

ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, სადაც მეტეორიტებზე მუშაობენ. აქ ერთი ისეთი მეტეორიტიც ინახება, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე, საერთოდ მზის სისტემაზე უფრო ძველია.

ლაბორატორიის მეტეორებიდან ყველაზე ძველი
ლაბორატორიის მეტეორებიდან ყველაზე ძველი

„ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ამ მეტეორიტებიდან ძალიან მნიშვნელოვანია კუნაშაკის მეტეორიტი. მასში ძალიან საინტერესო რაღაცები ვნახეთ. ლითიუმის იზოტოპური ფარდობები დედამიწაზე არსებულთან შედარებით ნაკლებია, რაც ჩვეულებრივი ამბავი არ არის“, - ამბობს ნუგზარ გუბაძე.

კუნაშაკის მეტეორიტი
კუნაშაკის მეტეორიტი

საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში იყო მეტეორიტიკის კომისია, რომელსაც მეტეორიტის პოვნაზე დაწესებული ჰქონდა ფულადი ანაზღაურება - 100 მანეთი. კომისიას წელიწადში 15 ადამიანი მაინც აკითხავდა. თუმცა, როგორც ნუგზარ გუბაძე ამბობს, მათი მოტანილი ქვებიდან მეტეორიტი არცერთი არ აღმოჩნდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG