ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ - წარსულში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში - 2025 წლის მარტში მოსკოვსაც სტუმრობდა. იქ მან თქვა, რომ რუსეთთან შესაძლებელია თანამშრომლობა - მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.
22 აპრილს თბილისში ჩამოსულმა სინირლიოღლუმ პირველი შეხვედრა “ქართული ოცნების” საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა. ერთობლივ ბრიფინგზე სტუმრის მიერ დასმული მთავარი აქცენტები რეგიონის სტაბილურობასა და კონფლიქტების დიალოგის გზით მოგვარებას უკავშირდებოდა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეუთო მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას.
“ეს [ეუთო] გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც მრავალჯერ დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთმანეთთან კონფლიქტში არიან. ჩვენ გვაქვს მედიაციის მრავალმხრივი საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ და უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების მოგვარების საქმეში… სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე ფართო რეგიონის ინტერესებისთვის“, - განაცხადა სინირლიოღლუმ და საქართველოს როგორც შიდა, ასევე გარე გამოწვევებთან გამკლავებაში დახმარების მზადყოფნა გამოხატა.
ეუთოს გენერალურ მდივანს არ უხსენებია 2024 წლის არჩევნები და ეუთოს მისიის დამკვირვებელთა კრიტიკული ანგარიში. არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - მომიტინგეთა უფლებების დარღვევები, დაკავებები თუ სადავო კანონები, რაც არაერთი დასავლელი პარტნიორის კრიტიკის საგანია. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სავიზო თუ ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ის, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებისა თუ დიდი ბრიტანეთის მიერ. შეჩერებულია მაღალი დონის ვიზიტები თუ მოლაპარაკებები ბრიუსელთან თუ ვაშინგტონთან.
მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკაც მშვიდობაზეა ორიენტირებული და საქართველო ყოველმხრივ ენდობა ეუთოს ძალისხმევას. “თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია”, - მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ბრიფინგამდე გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის პრობლემატიკა და გამოწვევები იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ოკუპირებულია და "რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”.
“ოცნების” მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეუთოს გენმდივანს უთხრა, რომ თბილისი იმუშავებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დამკვირვებლების მიერ დასკვნაში ასახულ ნაკლოვანებებზე; ამ დაპირებას ხელისუფლების ოპონენტები სრულიად უსაფუძვლო, ლიტონ სიტყვებად თვლიან.
“საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს”, - მაკა ბოჭორიშვილის კიდევ ერთი აქცენტი იყო “ქართული ოცნების” ბოლო დროის ხშირად განმეორებული ბრალდება, რომ საქართველოს საქმეებში გარე ძალები ერევიან.
სწორედ გარე ძალების - ე.წ. დიპ სტეიტის - ჩარევის შესუსტების იმედად განიხილავენ ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს “ოცნებაში”. სადავო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა მოლოდინზე, რომ “დიპ სტეიტიდან” - “ამჟამად ბრიუსელის მხრიდან” - კიდევ ექნება დახმარება ოპოზიციას და “ამ დონის ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას”.
სადავო პარლამენტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია ხალხისგან აქვს მინიჭებული, ვიზიტები ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს, მაგრამ მაინც, მისი თქმით, ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია, რომ უშედეგოა რადიკალური ოპოზიციის ბრძოლა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნაზე.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის მიმართ ოპოზიციას განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუხატავს. აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” არალეგიტიმურ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ვერავინ მიანიჭებს და რომ დახურულ კარს მიღმა მაინც მოუწევთ საყვედურების მოსმენა არჩევნებთან, ადამიანის უფლებებსა თუ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, რაც ეუთოს გენმდივანს ხმამაღლა არ გამოუთქვამს.
წინასწარი ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის (22-24 აპრილი) ფარგლებში არ არის დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციასთან ან სამოქალაქო საზოგადოებასთან. განრიგში იყო გენმდივნის ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ოძისში.
ყოფილი ელჩი, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) თანადამფუძნებელი ვალერი ჩეჩელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეგიონული ტურნე საქართველოში ჩამოსვლის გარეშე, ტექნიკურადაც შეუძლებელი იქნებოდა.
“ჯერ ლოგისტიკურადაც რთული იქნებოდა სომხეთიდან პირდაპირ აზერბაიჯანში ან პირიქით გადაფრენა. შუაში საქართველოა ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს, ვიდრე მშვიდობა ჩამოყალიბდება ჩვენს ორ მეზობელს შორის. და მეორე, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს გამოტოვება ამ ვიზიტში - უგულებელყოფა ქვეყნისა, რომელიც ხელფასს გიხდის [ეუთოში საწევროს შეტანით], ცოტა რთულია”, - ვალერი ჩეჩელაშვილი ასევე საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ეუთოს გენერალური მდივანი "გამოცდილი დიპლომატია", მაგრამ არა პოლიტიკური ფიგურა და მის ჩამოსვლაზე უფრო მაღალი ლეგიტიმაციაა, მაგალითად, როცა მეზობელი ქვეყნების - თურქეთისა და აზერბაიჯანის - ლიდერები “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
ამასთან, ანალიტიკოსი გადამწყვეტ ფაქტორად არ მიიჩნევს ფაქტს, რომ ფერიდუნ სინირლიოღლუ თურქი დიპლომატია.
ეუთოს გენერალური მდივანი სამდივნოს ხელმძღვანელია, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნების საქმიანობას - უზრუნველყოფს მათ საექსპერტო დახმარებით, ანალიტიკური მასალით; შეიმუშავებს პროექტებს საზღვრების მართვის, კონფლიქტების მოგვარებისა თუ ტრეფიკინგთან, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებებით. სამდივნო მუშაობს ვენაში.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 18 აპრილს X-ზე გამოქვეყნებულ წერილში უილსონი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვიზიტი აღქმული იქნებოდა „ქართული ოცნების“ „მაღალი რანგის პირების პოზიციებისა და მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებების ლეგიტიმაციად“. უილსონი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ბოლო არჩევნებზე ეჭვქვეშ დააყენა სწორედ ეუთოს დამკვირვებლების დასკვნებმა, მათ შორის - ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ.
„ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!“ - დაწერა ჯო უილსონმა X-ზე.
იანვარში საქართველოში ვიზიტი გადადო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინეთის პარლამენტის წევრმა პია კაუმამ - ოპოზიციური პარტიების, სალომე ზურაბიშვილის, ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ. მოწინააღმდეგეები მაშინაც თვლიდნენ, რომ მისი ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების სადავო ლეგიტიმაციის გამყარებას შეუწყობდა ხელს.
„გვსურს ნეიტრალურები დავრჩეთ… არ გვსურს, რომელიმე მხარეს დავდგეთ“, - უთხრა მაშინ პია კაუმამ რადიო თავისუფლებას.
ვიზიტი მოსკოვში
თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ ეუთოს გენერალური მდივნის პოსტი 2024 წლის დეკემბერში დაიკავა. მარტის დასაწყისში, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, სინირლიოღლუმ გამოთქვა იმედი, რომ აქტიურად ითანამშრომლებს მოსკოვთან - „ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“, რაც მან ვიზიტის ძირითად მიზნად დაასახელა. მისმა განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია უკრაინაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ლავროვმა მოსკოვში სინირლიოღლუს უთხრა, რომ ეუთო „ღრმა კრიზისამდე“ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა მიიყვანეს და რომ ახლა მოსკოვს სწორედ ეუთოს გენერალური მდივნის „გამოცდილებისა და სიბრძნის“ იმედი აქვს.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს პოზიციას, ყოველმხრივ დაგიჭერთ მხარს“, - ლავროვმა დასძინა, რომ ეუთოს გენმდივნის მიდგომები მოსაწონია მოსკოვისთვის. მოსკოვს კი ეუთოს ძველ დროში დაბრუნება სურს.
ლავროვი მიწვეული იყო თურქეთში, ანტალიაში გამართულ დიპლომატიის ფორუმზეც, რომელშიც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა. 12 აპრილს ერთ-ერთ პანელზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა, რომ 2008 წლის ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. „სააკაშვილმა მართლა დაკარგა გონება ბუქარესტის [ნატოს სამიტის] შემდეგ რამდენიმე თვეში, როდესაც რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ბრძანება გასცა და თავად დაარღვია ეუთოს მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა.
- ეუთო, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარის როლს ასრულებს და აქტიურად არის ჩართული ყოველი შემდეგი რაუნდის მომზადების პროცესშიც. თუმცა ამ პროცესში უშუალოდ არ არის ჩართული გაეროს გენერალური მდივანი.
- მარტის დასაწყისში, ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ ჟენევის დისკუსიების ეგიდით უნდა დადასტურდეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შარშანდელი განცხადებები - ოსებისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე 2008 წელს „ომის გაჩაღებისთვის“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისს, დაიწყოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“ დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.
ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს დროში დაემთხვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცის განცხადება თბილისის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების აუცილებლობაზე. ბარციცი ასევე იმეორებს მოთხოვნას თბილისა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. მისი განცხადებები 22 აპრილს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-მა გამოაქვეყნა.
22 აპრილს ეუთოს ოფიციალურ ვებსაიტზე თუ პლატფორმა X-ის ოფიციალურ გვერდზე, ეუთოს გენერალური მდივნის თბილისური შეხვედრებიდან ინფორმაცია საღამომდე არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ X-ზე, ეუთომ გააზიარა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის [EUMM] მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ინფორმაცია - მისიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებ. განცხადებაში ხაზგასმულია ეუთოსა და ევროკავშირის სამეთვალყურეო ოფისის ხანგრძლივი თანამშრომლობა და EUMM-ის როლი საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
ფორუმი