Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა გიგა ავალიანის საქმის სასამართლოზე, სადაც იძულებით გამოკითხვაზე მიიყვანეს არასრულწლოვანი

28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი და დედამისი, ეკა კუპატაძე (ფოტოკოლაჟი)
28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი და დედამისი, ეკა კუპატაძე (ფოტოკოლაჟი)

28 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, სკოლის მოსწავლე ნ.ი., რომელიც გამოკიტხვაზე პოლიციამ იძულებით მიიყვანა, სასამართლოდან სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

არასრულწლოვნის გამოკითხვა მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ვერ შეძლო. კითხვები ვერ დაუსვა მას ვერც ახალგაზრდა მასწავლებლისა და ექიმის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ, რომელიც ნ.ი.-სთან სასამართლოში შესახვედრად ემზადებოდა.

7 მაისს, გიგა ავალიანის ძირითადი საქმიდან, ცალკე გამოყოფილი, დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარე საქმის მორიგი სასამართლო სხდომა იყო დანიშნული. ამ საქმეს ორი ბრალდებული ჰყავს. ორივე არასრულწლოვანი - დ.მ და ა.ნ. ისინი სასამართლოში იძულებით გამოკითხვაზე მიყვანილი მოწმის, ნ.ი.-ის მეგობრები არიან.

რა ხდებოდა სხდომათა დარბაზში?

სხდომათა დარბაზში, ადვოკატისა და მამის თანხლებით შესულმა არასრულწლოვანმა გოგომ ფეხზე დგომა ვერ შეძლო, სკამი დაუდგეს და ასე სცადეს მისი გამოკითხვა.

სხდომა დახურული იყო და როგორც გიგა ავალიანის და ნ.ი.-ს ახლობლები, ისე ჟურნალისტები, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის მორიგ სასამართლო განხილვას, შუშიანი კარის მიღმა ადევნებდნენ თვალს.

როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე ამბობს, როდესაც მან გამოკითხვის პროცედურა დაიწყო, ნ.ი.-მ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, თხრობითი ითხოვა საუბარი, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა არასრულწლოვანმა მოწმემ, რომ ის შეუძლოდ იყო.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დარბაზში გამოიძახეს სასამართლოს ექიმიც.

სხდომის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ კი ცალკე საქმედ გამოყოფილი, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებული ორი არასრულწლოვნის ადვოკატებმა, ნ.ი.-ს მიერ, გამოძიებისათვის მანამდე მიცემული სამივე ჩვენება უდავოდ ცნეს და შესაბამისად, ნ.ი.-ს კიდევ ერთხელ, სასამართლოში გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ - დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე, ნ.ი. აღარც მისი სურვილითა და აღარც იძულებით აღარ გამოიკითხება:

ქეთი სონიძე, პროკურორი, 7 მაისი, 2026 წელი
ქეთი სონიძე, პროკურორი, 7 მაისი, 2026 წელი

„ნ.ი. დანაშაულის მოტივთან და უშუალოდ ჩადენილ დანაშაულთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ მოწმე იძულების წესით მოიყვანა პოლიციამ, სხდომათა დარბაზში დადო ფიცი, გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, მიუხედავად ამ პროცედურების გავლისა, ბრალდებულების ადვოკატებმა, უდავოდ მიიჩნია ნ.ი.- ის გამოკითხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ეთანხმებიან გამოძიებაში უკვე არსებულ ჩვენებებს, ისინი მტკიცებულებად რჩება საქმეში. ბრალდებულების ადვოკატებმა, ფაქტობრივად, დისკომფორტი აარიდეს მოწმეს, რომელსაც მოუწევდა საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა“, - ამბობს პროკურორი.

მისივე თქმით, ბრალდებულების ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო მიიღეს, რომ „ბრალდებულები და მოწმე ერთი სამეგობრო წრის წარმომადგენლები არიან“:

„ისინი დაინტერესებულები არიან ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობისა და დისკომფორტის არიდებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ადვოკატების ამ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი, მათ ეს გაასაღეს, როგორც თავიანთი კეთილშობილური საქციელი და ამის მიზეზად დაასახელეს მოწმის მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა, ტირილი და ა.შ. მთელი ემოციები, რასაც ადგილი ჰქონდა ნ.ი.-ის მხრიდან. მათი ეს საქციელი, რეალურად, მიზნად ისახავდა იმას, რომ როგორმე ნ.ი. გაერიდებინათ მართლმსაჯულებისათვის, რაც ამ ეტაპზე მოახერხეს კიდეც, რადგან ამ სისხლის სამართლის საქმეზე ნ.ი. მოწმის სტატუსით აღარ დაიკითხება“.

პროკურორი ამბობს, რომ ნ.ი.-ის ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულების ადვოკატებმა უდავოდ ცნეს, ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავია:

„მოწმე გამოძიებაში სამჯერ არის დაკითხული. პირველი ჩვენების დროს მან არაფერი იცოდა, არაფერი ახსოვდა და საერთოდ არ საუბრობდა გიგა ავალიანთან დაკავშირებით და მისი მხრიდან, ვითომ და შევიწროებასთან დაკავშირებით.

მეორე ჩვენებაში, როდესაც დააკავეს მისი შეყვარებული (2025 წლის 19 ოქტომბერს), ნ.ი.-მ ვრცელი და ყოვლისმომცველი ჩვენება მისცა გამოძიებას, ვითომდა ის შევიწროებული იყო მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან, რაც ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან საქმეში მათი მიმოწერებიც არის გამოთხოვილი, საქმეზე დაკითხულია მისი ყველა ჯგუფელი, რომელიც გამორიცხავს მსგავსი ხასიათის ფაქტს და მოპოვებულია ყველა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს რაიმე მსგავს ამორალურ ქმედებას მასწავლებელთან დაკავშირებით.

მესამე ჩვენების დროს, მას მოუწია მხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საკუთარ თავთან, მის მიერ მიცემულ სამივე ჩვენებასთან, არამედ საქმის ობიექტურ მტკიცებულებებთან, მათ შორის, გამოთხოვილ მიმოწერასთან, ანძებთან და ა.შ“.

ქეთი სონიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ საქმეზე ნ.ი. მოწმის სტატუსით აღარ დაიკითხება, მის მიმართ გამოძიების ინტერესი კვლავ არსებობს.

ის ამბობს, რომ უკვე დასრულდა ნ.ი.- ის ელექტრონული მოწყობილობების, მათ შორის, ტელეფონის ექსპერტიზა, თუმცა, მათ, ჯერჯერობით, არ მიუღიათ გამოთხოვილი ინფორმაცია ამერიკული კომპანიიდან - Meta:

„ჯერ კიდევ ველოდებით მათგან პასუხს. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ნ.ი.-მ თავის დროზევე წაშალა მიმოწერები, თუმცა, იმუშავა როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ისე საექსპერტო კრიმინალისტიკურმა სამსახურმა და მათ ცალ-ცალკე აღადგინეს და გადმოგვცეს ინფორმაცია, რომელიც თავის დროზე გაანადგურა ნ.ი.-მ, თუმცა ჩვენ მეტი ინფორმაცია გვაინტერესებს, არსებული ინფორმაცია, რომლის აღდგენაც ექსპერტიზამ ვერ შეძლო და სწორედ ამ ინფორმაციას ველით Meta-სგან.

არის გარკვეული სახის საეჭვო მიმოწერები, თუმცა, ჩვენ უფრო მეტი მტკიცებულება გვჭირდება იმისათვის, რომ დავაყენოთ ნ.ი.-ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“.

რატომ ფიქრობს გიგა ავალიანის დედა, რომ მისი შვილის მკვლელობა ნ.ი.-მ „დაუკვეთა?“

არასრულწლოვანი გოგოს სისხლის სამართლის წესით დასჯას უკვე თვეებია მოითხოვს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. ის დარწმუნებულია, რომ სწორედ მან „დაუკვეთა“ შეყვარებულს მის შვილზე თავდასხმა.

ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ სწორედ ნ.ი. დაეხმარა შეყვარებულს (გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ა.გ.) გიგა ავალიანის ფეისბუკზე პოვნასა და ამოცნობაში.

საქმის მასალების თანახმად, სატელეფონო ანძების ამონაწერებმა აჩვენა, რომ 26 სექტემბერს ნ.ი. ა.გ-სთან ერთად ოთხ საათზე მეტ დროს ატარებს დიღმის პარკში.

ოჯახის ადვოკატის თქმით, ეს სწორედ ის დროა, როცა ნ.ი.-მ მისწერა გიგა ავალიანს, რომ გაკვეთილს „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო ვერ დაესწრებოდა, ამ შუალედში დაურეკა ეკა კუპატაძემ ნ.ი.-ს დედას, რომ მისი შვილი ბევრს აცდენდა და ამ შუალედში აქვს ა.გ.-ს ჩამოტვირთული ფოტოები სოციალური ქსელიდან.

ეკა კუპატაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 7 მაისი, 2026 წელი
ეკა კუპატაძე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 7 მაისი, 2026 წელი

„ის იყო საქმის მიმცემი, დამკვეთი, სიტყვა „წამქეზებელი“ ძალიან რბილი ნათქვამია. დამკვეთი იყო. მე ახლაც მაქვს შენახული ტელეფონში „ვოისი“, რომელსაც გიგას 26 სექტემბერს ვუგზავნი, რომ ჩვენ გვინდოდა ნ.ი.-ს გაშვება (მისთვის საგაკვეთილო პროცესის შეწყვეტა რ.თ), ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მას მოსთხოვა სწავლა. ეს მისთვის იყო უდიდესი დისკომფორტი, ამიტომ მან სცადა გიგა ავალიანის ჩამოშორება.

ნ.ი. გამოძიებაში მივიდა უკვე „გასუფთავებული“ ტელეფონით და შესაბამისად, იქ არსად არ წერია, რომ წადი, მოკალი, წადი, სცემე, მაგრამ არავისთვის არაა უკვე ბუნდოვანი, რომ თავიდანვე დაიწყო საქმის ჩაფარცხვა. მე მაქვს უკვე გაშიფრული მასალა გამომძიებლის მხრიდან, სადაც „იფაქტება“ სერიოზული ნიშნები, რომ თავიდანვე იყო საქმე ჩაფარცხული“, - თქვა ეკა კუპატაძემ 7 მაისს, სასამართლოს ჭიშკართან.

როცა ნ.ი. სასამართლოს სხდომათა დარბაზს ტოვებდა, გიგა ავალიანის დედამ მას უთხრა - „ვერსად დამემალები“:

„მანდატური თავზე მედგა, მაგრამ კი, ვუთხარი. მე ამას ასე რომ არ დავტოვებ, ეს ხომ ფაქტია. შესვენება რომ გამოცხადდა, ბრალდებულის ადვოკატმა (სიბაშვილმა) მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს ბავშვს... ასეთ მდგომარეობაშიაო, არასრულწლოვანიაო. და მე ვუთხარი, ჩემი მდგომარეობა იკითხეთ-მეთქი? თქვენ დაწყნარდით რა მანდ, მიპასუხა...

ჩაუტარონ ექსპერტიზა ნ.ი.-ს, დიდი-დიდი, დილით დაელია წნევის ამწევი ან დამწევი და ამით ხელოვნურად გამხდარიყო ცუდად. ნ.ი. დღეს გაიყვანეს აქედან, მაგრამ ეკა კუპატაძეს ხელიდან ვერ გაუსხლტება“.

ნ.ი.-ს ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.

რატომ გადაწყდა ნ.ი.-ს სასამართლოში იძულების წესით გამოკითხვა?

არასრულწლოვანი მოწმე, სასამართლოში ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს უნდა დაეკითხათ, თუმცა, ადვოკატმა თქვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოიპოვა უფლება, რომ სკოლის მოსწავლე ნ.ი. სასამართლოში იძულებით გამოკითხვაზე მიეყვანათ.

7 მაისს, ნ.ი. თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს.

როგორც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე ამბობს, ის „ჯიუტად არიდებდა თავს სასამართლოში მისვლას“ და სწორედ ამის გამო მიიღო პროკურატურამ გადაწყვეტილება არასრულწლოვნის სასამართლოში იძულებით მიყვანის შესახებ:

„არასრულწლოვნებთან დაკავშირებით არ მოქმედებს განსხვავებული წესი, შესაძლებელია მათი იძულების წესით მოყვანაც, რაც აისახა სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთი სონიძემ. მისივე თქმით, ეს არის, სავარაუდოდ, უპრეცედენტო საქმე, როდესაც სასამართლოში იძულებით გამოკითხვაზე დაიბარეს არასრულწლოვანი: „ასეთი ფაქტი მე არ მახსენდება. ჩემს პრაქტიკაში ნამდვილად არ ყოფილა. შესაძლოა, სხვაგან იყო, მაგრამ ნამდვილად არ მახსენდება“.

„პოლიციის მიერ ბავშვის სასამართლოში იძულებით მიყვანა, ეს არის განსაკუთრებულად მძიმე ინტერვენცია ბავშვის უფლებებში“

მოწმის სასამართლოში იძულებით გამოკითხვას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს. თუმცა, როდესაც საქმეში არასრულწლოვანი მონაწილეობს, არ აქვს მნიშვნელობა, მას მოწმის სტატუსი აქვს, დაზარალებულის თუ ბრალდებულის, ამოქმედებას იწყებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ეს კოდექსი "არ ცნობს" ბავშვის სასამართლოში იძულებით გამოკითხვაზე მიყვანას.

იურისტი და ბავშვთა უფლებადამცველი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი, თამარ გაბოძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიციის ძალის გამოყენება ბავშვის მართლმსაჯულების პროცესში ჩასართავად, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს და ამასთანავე, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომელიც ნაწილია, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე ბავშვთა უფლებათა კონვენციის:

თამარ გაბოძე, იურისტი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი
თამარ გაბოძე, იურისტი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში გვხვდება ერთადერთი მუხლი, თუ როდის შეიძლება არასრულწლოვნის მიმართ იძულების გამოყენება და ეს არის მაშინ, როდესაც ეს იძულება აუცილებელია არასრულწლოვნის დასაკავებლად და სხვა, ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენება არის შეუძლებელი.

პოლიციის მიერ ბავშვის სასამართლოში იძულებით მიყვანა, ეს არის განსაკუთრებულად მძიმე ინტერვენცია ბავშვის უფლებებში.

ძალიან კარგად მესმის საკითხის მნიშვნელობა, დანაშაულის სიმძიმე, ძალიან კარგად მესმის დაზარალებული მხარის მდგომარეობა, ეს ნამდვილად უმძიმესი ამბავია, თუმცა, არსებობს სტანდარტი, არსებობს საკანონმდებლო ნორმები და ეს ნორმები და სახელმწიფოს ვალდებულებები ვერ შეიცვლება კონკრეტული დანაშაულების მიხედვით“, - ამბობს თამარ გაბოძე.

მას მიაჩნია, რომ ეს არის პრეცედენტი, რომელიც არ არის თავსებადი ბავშვის უფლებათა სამართალთან და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან.

„არ შეიძლება, რომ არასრულწლოვან მოწმესთან პოლიციამ მიიღოს გადაუდებელი აუცილებლობის ზომები. ფაქტია, რომ ეს საქმე სასამართლოშია წასული და ამ მოწმის გამოკითხვასთან დაკავშირებით გადაუდებელი აუცილებლობის საკითხი ვეღარ იდგებოდა.

არსებობს ბავშვთან გასაუბრების ალტერნატიული მექანიზმები, ბავშვზე მორგებულ გარემოში გასაუბრება და არა სასამართლოში იძულებით მიყვანა. ასევე არსებობს ალტერნატიული გზებიც, მაგალითად, სხვა მტკიცებულებების მოძიება. ბავშვის დაზიანებას ვერ გაამართლებს მართლმსაჯულების ინტერესი. რელევანტური იქნებოდა სხვა მტკიცებულებების მოძიება, არასრულწლოვნის სხვა სივრცეში გასაუბრება. როდესაც ბავშვი უკვე გამოკითხულია, მისი მეორედ მიყვანა იძულებით და თან სასამართლოში, ნამდვილად არ არის თავსებადი ბავშვის უფლებათა სამართალთან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძემ.

მომდევნო სხდომა გიგა ავალიანის საქმეზე, რომელიც დანაშაულს შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს და რომელსაც ორი ბრალდებული ჰყავს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 მაისს გაიმართება.

გიგა ავალიანის საქმე

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი, მათ შორის, ნ.ი.-ს შეყვარებული, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ 6 აპრილს ცნო.

  • მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, 14 წელი მიუსაჯეს საქმის მთავარ ფიგურანტს, ა.გ.-ს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ის საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი)და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი);
  • იგივე მიუსაჯეს გ.რ-საც - 14 წელი, თუმცა ისიც საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
  • ყველაზე მცირე პერიოდი იქნება საპატიმროში დ.ჩ. მას 9 წელი მიუსაჯეს, საპატიმროში კი 6 წელი და 9 თვე იქნება - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).


28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვნებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლით, რამაც „სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. ამ მუხლით დაწყებულ გამოძიებას ოჯახი არ ეთანხმებოდა და გასული წლის ნოემბრიდან საპროტესტო აქციებს მართავდა.

გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ პროკურატურას საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოეძიებინა და დაესაჯა ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG