Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ქონებას ფლობენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესული ბიზნესმენები 


5 იანვრიდან საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყო 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ოთხივე მათგანი პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდა და იმის მიუხედავად, რომ პარტია ბოიკოტს აცხადებს, ისინი უარს არ ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაზე.

ოთხივე დეპუტატი ბიზნესმენია. მათი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულია სხვადასხვა კომპანია და უძრავ-მოძრავი ქონება. მათი სახით პარლამენტს შეძლებული დეპუტატები დაემატნენ.

ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების პირველივე დღეს "პატრიოტთა ალიანსგან" დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობები დააანონსეს.

ავთანდილ ენუქიძე

ავთანდილ ენუქიძეს ეკუთვნის 4 საცხოვრებელი სახლი: 2 თბილისში (დიღომი: მიწა - 1 200 კვ.მ, სახლი - 390 კვ.მ; ნუცუბიძის ფერდობი: მიწა 650 კვ.მ, სახლი - 420 კვ.მ), მცხეთის რაიონში, სოფელ წიწამურში (მიწა - 4 000 კვ.მ, სახლები ჯამში 650 კვ.მ) და ამბროლაურის რაიონში (მიწა - 1 400 კვ.მ, სახლი 280 კვ.მ).

გარდა ამისა, მას ეკუთვნის კომერციული ფართი თბილისში (გულიას მოედანი - 481 კვ.მ), 3 მიწის ნაკვეთი (წყნეთში 1 800 კვ.მ; მცხეთა - 7 000 კვ.მ; ამბროლაურის რაიონი 28 000 კვ.მ) მის ცოლს კი ოზურგეთში 3 500 კვ.მ მიწა 200 კვ.მ სახლით.

მისი ქონების ჩამონათვალში მოხვდა 4 მანქანა და მშობლებისგან მემკვიდრეობით დატოვებული ოქროს ნივთები.

დეპუტატს საბანკო ანგარიშზე აქვს 92 ათასი ევრო (366,2 ათასი ლარი, მის ცოლს კი 45 ათასი ლარი. გარდა ამისა, მას ნაღდი ფულის სახით აქვს 420 ათასი ევრო (1,67 მლნ ლარი), მის ცოლს კი 33 ათასი დოლარი (108 ათასი ლარი).

დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული სახლი თბილისში, გორკის ქუჩაზე. მასვე ეკუთვნის მანქანა "კია სპორტიჯი".

დეპუტატს ეკუთვნის 2 კომპანიის 50-50 პროცენტიანი წილი. მათ შორის "სტერეო +"-მა წლების წინ საქართველოს მასშტაბით ეროვნული მაუწყებლების გავრცელების უფლება მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, მის ცოლს ნაღდი ფულის სახით 450 ათასი ლარი აქვს.

გელა მიქაძე

დეპუტატს ჰყავს ცოლი და 4 შვილი. დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესმენი დეპუტატის ოჯახის სახელზე არ ფიქსირდება არცერთი უძრავი ქონება, მის ცოლს ეკუთვნის მოტოციკლი.

დეპუტატს და მის ცოლს საბანკო ანგარიშებზე აქვთ: 219,3 ათასი ლარი, 3,6 ათასი დოლარი და 1,4 ათასი ევრო. გარდა ამისა, მათ ნაღდი ფულის სახით აქვთ 6,5 ათასი ლარი, 150 დოლარი და 10 ათასი ევრო.

დეპუტატი მიქაძე 8 კომპანიის მეწილეა, მისი ცოლი კი 2-ის.

ფრიდონ ინჯია

დეპუტატი ცოლთან ერთად ცხოვრობს. დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული ბინა, საცხოვრებელი სახლი და შენობა-ნაგებობები. მისი ცოლი კი ფლობს რამდენიმე არასაყოფაცხოვრებო ფართს თბილისში, ბინას ბათუმში და მიწის ნაკვეთებს თბილისსა და კასპში. მიწის ნაკვეთები და არასასოფლო დანიშნულების მიწა ეკუთვნის თვითონ დეპუტატსაც თბილისსა და მარტვილში.

ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის ორი მანქანა (Mercedes-benz Van და Mercedes-Benz S500), მის ცოლს კი ერთი (LEXUS 470).

ცოლ-ქმრის სახელზეა ბანკში 35,5 ათასი ლარი, 103,2 ათასი დოლარი, 10 ათასი ევრო და 2,6 მლნ რუბლი. გარდა ამისა, მათ ნაღდი ფულის სახით 30 ათასი ლარი და 95 ათასი დოლარი აქვთ.

ინჯია 7 კომპანიის მეწილე და 2 კომპანიის მესაკუთრეა. მის ცოლი კი არის 1 კომპანიის მეწილე და 1-ის მესაკუთრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG