საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში 428-გვერდიანია. დოკუმენტი აღწერს უკანონო დაკავებებს, მოძალადე სამართალდამცავების დაუსჯელობას, დაკავებული აქტივისტების მიმართ არასათანადო მოპყრობას, ფემიციდს, სიღარიბეს, პრობლემებს განათლების სისტემაში და სხვა, ქვეყნისთვის აქტუალურ თუ პრობლემურ საკითხებს.
ჩვენ ანგარიში წავიკითხეთ და ამ სტატიაში მოკლედ გიყვებით ყველაზე მნიშვნელოვანზე:
საპროტესტო აქციები - დაუსჯელი სამართალდამცველები
ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2024 წლის ბოლოს, სახალხო დამცველის აპარატს, გამონაკლისის წესით, მისცეს წვდომა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. ეს საქმეები 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევებს ასახავდა.
სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ მასალების გაცნობის შემდეგ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა რეკომენდაციით, დაეზუსტებინათ გამოძიების მიმართულება და სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ომბუდსმენის შეფასებით, „გამოძიება უნდა წარიმართოს წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე. გარდა ამისა, გამოძიება უნდა დაიწყოს განზრახ უკანონო დაკავების ან დაპატიმრებისა და მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტებზე.“
თუმცა, ანგარიში მიუთითებს, რომ ეს საქმეები არათუ არ გადაკვალიფიცირებულა, მოკვლევის თითქმის 2-წლიანი პროცესის მიუხედავად, „გამოძიებას კონკრეტული პირები არ გამოუვლენია და ამ დრომდე არცერთი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.“
საპროტესტო აქციები - დასჯილი აქტივისტები
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ დარღვევებს ეთმობა - საუბარია დემონსტრანტებზე არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე, უწყვეტი პროტესტით განპირობებულ შემზღუდველ კანონმდებლობაზე, გამკაცრებულ სანქციებსა და ადმინისტრაციული პატიმრობის გაზრდილ ვადებზე.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან „პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 35 პირი, დაზიანებები აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.“
სახალხო დამცველი წერს, რომ გასული წლის საპროტესტო აქციებთან შედარებით აქტივისტების წინააღმდეგ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები შემცირებულია, თუმცა ამას აქციის მასშტაბების შემცირებით ხსნის.
„დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგს უკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე“. ისინი ასევე მიუთითებდნენ დამამცირებელ მოპყრობაზეც, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში სრულიად გაშიშვლებისა და ბუქნების პრაქტიკაზე.
სახალხო დამცველის მონიტორინგის მიხედვით, აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ქალებთან საუბრისას გაირკვა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში შხაპის მიღება მხოლოდ 3 დღეში ერთხელ შეუძლიათ, ხოლო ქალების სპეციალური საჭიროებები არ არის გათვალისწინებული და მათთვის განსხვავებული მიდგომა არ არსებობს.
პრობლემები პენიტენციურ სისტემაში
ციხეები გადატვირთულია - საკნებში კვლავ ერთად არიან განთავსებული როგორც ბრალდებულები, ისე მსჯავრდებულები.
დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში პატიმრებს ხანგრძლივად დასჯის მიზნით ათავსებენ, ეს კი, სახალხო დამცველის შეფასებით, „სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.“
პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების დროს აპარატის წარმომადგენლებთან პატიმართა გარკვეული ნაწილი ჰყვებოდა „თანამშრომლების მხრიდან ყვირილის, უხეში, დამამცირებელი მიმართვისა და მუქარის“ შესახებ.
სახალხო დამცველი ასევე წერს სისტემაში არაფორმალურ მმართველობასა და პენიტენციური ჯანდაცვის პრობლემებზე.
„გასაუბრების დროს პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ 1 თვე ან უფრო მეტი ხანი უწევდათ ლოდინი“ - სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რასაც, ანგარიშს მიხედვით, სამედიცინო პერსონალის სიმცირე განაპირობებს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა კვების მდგომარეობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
მზია ამაღლობელის საქმე
სახალხო დამცველი წერს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში დაირღვა კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი (non bis in idem).
ამ საქმეზე სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქვს წარდგენილი როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით „სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ არ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია, რომლის თანახმადაც, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის დადგენილი სამართლებრივი სტანდარტები არ იყო დაკმაყოფილებული და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.“- წერია ანგარიშში.
„სიღარიბე, ოჯახები, ბავშვები, მოხუცები და სახელმწიფო“
სახალხო დამცველის ანგარიში ცხადყოფს, რომ სიღარიბე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს სისტემურ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ეს მოცემულობა პირდაპირ და მძიმედ აისახება ადამიანის თითქმის ყველა უფლების რეალიზაციაზე და განსაკუთრებით ამძიმებს უკვე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.
„საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშნული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა.“
ანგარიშში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ბავშვიანი ოჯახების სხვადასხვა სოციალურ სერვისში ჩართვას, არსებული „პროგრამები ვერ ახდენს, ოჯახების საჭიროებების კვალდაკვალ, მათ გრძელვადიან გაძლიერებას, მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას“
იქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბები და მისი გამომწვევი მიზეზები დღემდე არ არის სათანადოდ, სისტემურად და სიღრმისეულად შეფასებული.
დოკუმენტში ცალკე არის გამოკვეთილი, რომ სიღარიბე უარყოფითად მოქმედებს ხანდაზმულთა უფლებების დაცვაზეც. მაღალია როგორც სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა, ისე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები პირების მაჩვენებელი, რის გამოც ხანდაზმულები ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩებიან.
ფემიციდი და სახელმწიფო
ანგარიშში მიმოიხილავს ქვეყანაში ფემიციდთან დაკავშირებით არსებულ მძიმე რეალობასაც.
„2025 წელს 12 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი. ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 - ოჯახის წევრმა ჩაიდინა.“
სახალხო დამცველის თქმით, 2025 წელს კვლავ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, თავიდან ვერ აირიდა ქალთა მიმართ ძალადობა და მკვლელობის მცდელობები.
ამ კონტექსტში სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ შემთხვევაზეც, როდესაც ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული კაცი ვადაზე ადრე გათავისუფლდა და ყოფილ მეუღლეს თავს ისევ დაესხა.
ფორუმი