Accessibility links

site logo site logo

რა ხარვეზები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა გურჯაანში


გურჯაანი

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა. პრობლემებია შესყიდვებში, დახარჯულია ასიათასობით ლარი, თუმცა კვლავ მოუგვარებელია, მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემა.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე იმაზე მეტი ავტომობილი ირიცხება, ვიდრე საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო. მერია პრობლემების ნაწილს აღირებს, ოპოზიცია კი მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და დაადგინა, რომ 2018-2019 წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დაიხარჯა, დაახლოებით, 2 მილიონ 600 ათასი ლარი, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას სასმელი წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. უფრო კონკრეტულად, კახეთის ამ მუნიციპალიტეტში 25 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, 24-საათიანი წყალმომარაგებით კი მხოლოდ 3 600 ოჯახი სარგებლობს.

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ წყლის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სოფელ ბაკურციხეში ორჯერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ წყლის შემადგენლობა დასაშვებ ნორმებს არ შეესაბამება.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალაქ გურჯაანის გარდა არც ერთ სოფელში წყლის სისტემა არ არის აღჭურვილი გამწმენდი და დაქლორვის საშუალებებით.

უწყლობით შეწუხებული ადგილობრივი მცხოვრებნი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ თანახმა არიან წყალი მუდმივად ჰქონდეთ, თუნდაც, სტანდარტებთან შეუსაბამო.

„სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. პირველ რიგში, გვინდა წყალი! მანქანები ვისაც გვყავს, მოგვაქვს წყალი, მაგრამ რამდენი უნდა მოიტანო, რომ გეყოს? მთავრობამ აუცილებლად უნდა მოგვხედოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელ ბაკურციხის მცხოვრებმა.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა გურჯაანში ყველა ის პროექტი და უწყება შეისწავლა, სადაც თანხები ბიუჯეტიდან იხარჯება. დოკუმენტის მიხედვით, არის შემთხვევები, როდესაც მერიის სატენდერო კომისიამ კანონმდებლობის შეუსაბამოდ მოახდინა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება და ხელშეკრულება გაუფორმა უფრო მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტს. აუდიტის ანგარიშში ორი ისეთი ფაქტია მოყვანილი, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ დაიზოგა ერთ შემთხვევაში 32 ათასი ლარი, მეორე შემთხვევაში კი - 15 ათასი.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა უკვე განხორციელებულ პროექტებს - საგზაო, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია. ასეთი აღმოჩნდა 9 პროექტი, 500 ათას ლარზე მეტის ღირებულებით.

გურჯაანში მცხოვრები საჯარო მმართველობის სპეციალისტი გიორგი ედიშერაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ თუკი პროკურატურა უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდება, უწყება მივა კონკრეტულ საჯარო მოხელეებამდე, რომლებიც შესაძლოა, ტენდერებში და სამუშაოების შესრულების დროს ფულს აკეთებდნენ:

„ის ფაქტი, რომ მერია ამარჯვებინებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც უფრო ძვირად ახორციელებენ პროექტებს, რაზე მიუთითებს? ამ დოკუმენტის წაკითხვას დიდი ცოდნა-გამოცდილება არ სჭირდება. ბიუჯეტის ფული მიდის კონკრეტული ადამიანების ჯიბეში. არსებობენ სახელმწიფო უწყებები, ვინც ეს ყველაფერი უნდა გამოიძიოს, თუმცა ასე არ ხდება. შედეგად, აუდიტის დასკვნები რჩება მხოლოდ ფურცელზე“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლისას ხარვეზები გამოავლინა ავტოპარკის მართვაშიც.

დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საკმარისი იყო 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა, თუმცა 2018 წელს სარგებლობდა 11-ით, ხოლო 2019 წელს 18 ავტომანქანით. ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 116 ტონა საწვავი.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ცალკეული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილი საწვავის ყოველდღიური ხარჯვის პროცესიც. გამოვლინდა, რომ 2018 წელს − 219, ხოლო 2019 წელს 290-ზე მეტ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებმა 17 ათას ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს გურჯაანიდან თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მოგზაურობისას.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, რამდენად უკავშირდებოდა აღნიშნული საწვავის გამოყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. შესწავლისას ასევე გამოვლინდა 32 შემთხვევა, როდესაც ავტორიზებულ ავტომანქანებზე ერთჯერადად ან დროის მცირე ინტერვალებით ჩასხმული საწვავის მოცულობა აღემატება ავტომანქანის ავზის მოცულობას.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ხარვეზების უმეტესობას ადასტურებს, მათ შორის, პრობლემებს წყალმომარაგების კუთხით. გარდა ამისა, ამბობს, რომ შესაძლოა, მისი თანამშრომლები ავტომობილებსა და, შესაბამისად, საწვავს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.

არჩილ ხანდამაშვილი
არჩილ ხანდამაშვილი

„სასმელი წყლის პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ჭაბურღილებში მისი რაოდენობა არის მცირე. ჩვენი ბრალია ისიც, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს არ მოიხმარს მიზნობრივად. შედეგად, არის ეს პრობლემაც. მინდა გითხრათ, რომ გურჯაანში დიდი პროექტი იწყება, რომელიც ამ პრობლემას მთლიანად მოაგვარებს. რაც შეეხება ავტომობილებისა და საწვავის შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენი, შიდა აუდიტი ამ ყველაფერს სწავლობს. ასევე დავიწყეთ მუშაობა სწორი სტრუქტურის შემუშავებაზე. მალე გვექნება პასუხი იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ შესაძლო რისკებისგან თავი, თუნდაც იმისგან, რომ თანამშრომლების მხრიდან ავტომობილების არამიზნობრივი გამოყენება არ მოხდეს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერმა და ისიც თქვა, რომ თუკი დადგინდება, რომ რომელიმე თანამშრომელი სამსახურებრივ ტრანსპორტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა, შესაბამის ზომებს გაატარებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწყების საფუძველი უნდა გახდესო, ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრს, თემურ ბუწაშვილს, არ აქვს მოლოდინი, რომ თუნდაც მერს ვინმე პასუხს მოსთხოვს:

„ადგილობრივ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მუდმივი. გურჯაანელებს აქვთ საფუძვლიანი პრეტენზია, რომ მათი ფული იხარჯება არამიზნობრივად და მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში. მათ, ვინც ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე იწყობს საკუთარ კეთილდღეობას, ვეუბნები, რომ მათთვის სამართალი აუცილებლად აღსრულდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG