Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ბრუნდებიან და რა ხვდებათ სამშობლოში უკრაინელ ლტოლვილებს?


2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან უკრაინა დატოვა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5,9 მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი
2022 წლის თებერვალში ომის დაწყებიდან უკრაინა დატოვა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტმა, აქედან 5,9 მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის (UNHCR) კვლევის თანახმად, 21 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინიდან გაიქცა 6,3 მილიონ ადამიანზე მეტი, აქედან 5,9-მა მილიონმა დევნილმა - ქალებმა, ბავშვებმა და მოხუცებმა, ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეაფარეს თავი.

უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ სტატისტიკას აქვეყნებს, მიუთითებს, რომ ბევრი ლტოლვილი დაბრუნდა საკუთარ სახლში და ამჟამად ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებლები არ აღემატება ომამდელ დონეს.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს უკრაინის ხელისუფლების განცხადება, რომ ქვეყნის სამხრეთის რეგიონებიდან დევნილი სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინელი ლტოლვილი ბრუნდება სამშობლოში?

რა უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, რომლებიც საომარი ზონის სიახლოვეს ან უშუალოდ რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება?

ამ შეკითხვებზე პასუხების მოძებნას რადიო თავისუფლების პროექტ „ნოვოსტი პრიაზოვიეს“ ჟურნალისტები შეეცადნენ.

"საზღვარგარეთ წასულ უკრაინელ მოქალაქეთა 37% დაბრუნდა"


იმ უკრაინელთა უმრავლესობა, 64 პროცენტი, რომლებმაც 2 წლის წინ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად თავშესაფრის საძებნელად დატოვეს ქვეყანა, სამშობლოში აპირებს დაბრუნებას, - ასეთი დასკვნა 2024 წლის იანვარში ანალიტიკურმა პლატფორმა „ვოქს უკრაინამ“ გამოაქვეყნა.

ამავე კვლევის თანახმად, იმ უკრაინელთა უმრავლესობას კი, რომლებიც უკან დაბრუნდნენ, სურთ სამშობლოში დარჩენა და მხოლოდ 7% ფიქრობს კვლავ საზღვარგარეთ წასვლაზე. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათი ეს გადაწყვეტილება შეიძლება საკმაოდ მალე შეიცვალოს.

გარდა ამისა, უფროსი ასაკის დევნილთა 53%-მა უკვე მოახერხა საზღვარგარეთ დასაქმება. მაგრამ მათი 30% აცხადებს, რომ საზღვარგარეთ უფრო ნაკლებად კვალიფიციური სამუშაო აქვთ, ვიდრე უკრაინაში ჰქონდათ.


„პოლონეთიდან დაბრუნდა ყოველი მეორე ოჯახი, ეს არის პოლონეთში წასულთა 49%. რუმინეთიდან – 46%, მოლდოვიდან – 43%, სლოვაკეთიდან - 40%.

განსხვავებული ვითარებაა იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან უფრო შორს არიან, მაგალითად, გერმანიაში ან ჩეხეთში. გერმანიიდან უკრაინული ოჯახების მხოლოდ 13% დაბრუნდა, ჩეხეთიდან - 17%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებში თავდაპირველად წასულ ადამიანებს, როგორც ჩანს, მეტი მოტივაცია აქვთ იქ ინტეგრაციისთვის. ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ამ ქვეყნებს უკრაინიდან ლტოლვილების ინტეგრაციის უფრო უკეთესი პირობები აქვთ“, - ამბობს ნასტასია ფიტისოვა, ორგანიზაცია IMPACT-ის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების განყოფილების კვლევის მენეჯერი.

ეს ორგანიზაცია 2022 წლის მარტიდან იკვლევს იმ უკრაინელების განწყობებს, რომლებიც ომის გამო საზღვარგარეთ წავიდნენ.

კვლევის თანახმად, საზღვარგარეთ ლტოლვილი უკრაინელების უმრავლესობა უპირატესად ქვეყნის სამხრეთის რეგიონებში ბრუნდება.

„მთლიანობაში ჩვენ ვიკვლევთ ყველას, ვინც უკრაინის ტერიტორია დატოვა. მარტის დასაწყისში შევაგროვეთ მონაცემები იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი და, მაგალითად, პოლონეთსა და მოლდოვაში დროებით საცხოვრებელ ადგილებსა თუ კოლექტიურ ცენტრებში იმყოფებოდნენ.

ჩვენ შევკრიბეთ მათი საკონტაქტო ცნობები და ვცდილობთ მათი ბედისადმი თვალყურის მიდევნებას.

მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეზე, ზოგადად, ზაპოროჟიეში ტენდენცია იგივეა - ზაპოროჟიეს რეგიონიდან წასული ოჯახების 30% სახლში დაბრუნდა“, - აცხადება ნასტასია ფიტისოვა.

ხერსონის რეგიონში ოჯახების 22% დაბრუნდა. ესაა ხუთიდან ერთი ის ადამიანი, ვინც ხერსონი ომის შედეგად დატოვა. ყოველი მესამე ოჯახი ბრუნდება ნიკოლაევის რეგიონში.

ხერსონის ოლქის შესასვლელთან აღმართული წარწერა. 13 ნოემბერი, 2022 წელი
ხერსონის ოლქის შესასვლელთან აღმართული წარწერა. 13 ნოემბერი, 2022 წელი


„ზოგადად, ჩვენი კვლევის თანახმად, სრული მასშტაბის შემოჭრის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წასულ უკრაინელ მოქალაქეთა 37% დაბრუნდა“, - აღნიშნავს ფიტისოვა.

უკრაინის მოქალაქეთა საზღვარგარეთ წასვლის მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა. და სწორედ უსაფრთხოების არარსებობაა ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ლტოლვილების დაბრუნებას უშლის ხელს.

მეორე მხრივ, უკრაინელ ლტოლვილებს დაბრუნების მრავალი მიზეზი აქვთ: ოჯახი, მეგობრები, საკუთარი სახლი, სამომავლოდ უკეთესი სამუშაო პერსპექტივები უკრაინაში, სხვა კულტურაში ინტეგრაციის სირთულეები.

უსაფრთხოების პრობლემა და რუსული პროპაგანდა

ექსპერტების აზრით, ყველაზე პოპულარული მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ თავშესაფრის საძებნელად წასული უკრაინელები უკან ბრუნდებიან, ოჯახთან გაერთიანების სურვილი და ასევე უკრაინასთან ემოციური მიზიდულობაა.

მაგრამ უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, უსაფრთხოების განსხვავებული დონის გამო, უკან დაბრუნებულები ცდილობენ, რომ საცხოვრებლად საკუთარი სახლებიდან მოშორებით, სხვა, უფრო უხიფათო რეგიონებში გადავიდნენ და შიდა გადაადგილებულ პირებად იქცნენ.

უკრაინის სამხრეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონად ითვლება ხერსონის ოლქი, - ამბობს ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ დნეპრის მახლობლად მდებარე დასახლებებზე, სადაც საფრთხის გამო ზოგჯერ მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია ცხადდება, - იქ ბავშვებიანი ოჯახები არ ბრუნდებიან.

ხალხის დაბრუნების ტენდენციას ჩვენ ვხედავთ მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარე იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებსაც ვერ სწვდება საარტილერიო იერიშები. ზოგიერთ ასეთ თემში, შედარებისთვის, სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდთან არსებული მოსახლეობის დაახლოებით 80% დაბრუნდა.

მაგრამ კიდევ ერთი უმთავრესი პირობა ისაა, რომ არსებობდეს ადგილი, სადაც ადამიანი დაბრუნებას შეძლებს.

მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ისეთი დასახლებული პუნქტი, როგორიცაა პოსად-პოკროვსკოე, სადაც, სამწუხაროდ, არცერთი მთლიანი შენობა აღარ დარჩა“, - განმარტავს იური სობოლევსკი.

რუსეთის არმიის მიერ იერიშის სამიზნედ ქცეულ დნეპრის სანაპიროზე მდებარე ხერსონის რეგიონიდან გრძელდება უკრაინელთა ევაკუაცია სამხრეთის სიღრმეში. მაგრამ სობოლევსკი ამტკიცებს, რომ მათი უმეტესობა, ვინც 2 წლის განმავლობაში დატოვა რეგიონი, აპირებს დაბრუნებას და რეგიონის მარცხენა სანაპირო ნაწილის დეოკუპაციას ელოდება.

ამასთან, უკრაინის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული ქმედება იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთის ჯარი აკონტროლებს.

„ისინი [საოკუპაციო ძალები] მაქსიმალურად ქმნიან ისეთ პირობებს, რომ ადამიანები დათანხმდნენ საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას ან გადასცენ ის ადმინისტრაციას და მიიღონ საცხოვრებელი სერტიფიკატები, რომლების რეალიზების საშუალებაც მათ უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექნებათ. მათი განსახლება ხდება რუსეთის იმ დეპრესიულ რეგიონებში, სადაც მძიმე დემოგრაფიული პრობლემები არსებობს“, - ამბობს სობოლევსკი.

სხვადასხვა რუსული წყაროს თანახმად, ამჟამად რუსეთში 2,5-დან 5 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები არ ასახავს რეალობას და რუსეთში უკრაინიდან დევნილი დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.

  • RBC-ის თანახმად, ხშირ შემთხვევაში, უკრაინელები ნებაყოფლობით კი არ გაემგზავრნენ რუსეთში, არამედ იმიტომ, რომ საომარი მოქმედებების პირობებში სხვაგან გასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.
  • საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთში გაქცეული უკრაინის 146,846 მოქალაქიდან რუსეთის სახელმწიფო საბინაო სერტიფიკატები მხოლოდ 95,616-მა გამოიყენა. მათაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება მხოლოდ ოდნავ მოახერხეს, რადგან სახელმწიფოსგან მიღებული თანხა მხოლოდ რუსეთის შორეულ რეგიონებში ოთახების, ან სოფლად ნახევრად დანგრეული სახლების დაქირავებისთვის აღმოჩნდა საკმარისი.
  • გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ომის გამო რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ, ე.წ. გზის ფულის - 10 ათასი რუბლის მისაღებად, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაკითხვაზე დაიბარა.
  • საუბარი ძირითადად ოკუპირებული და სეპარატისტული რეგიონებიდან დევნილებზეა.
  • დევნილის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სარჩელების შეტანას აიძულებდნენ.
  • იყვნენ ისეთებიც, ვინც უარი თქვა „საგზაო ფულსა“ და დევნილის სტატუსზე და უკან, უკრაინაში დაბრუნდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG