Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური ტელევიზიები პარლამენტს სამაუწყებლო რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ


რეგიონალური ტელევიზიები გამკაცრებულ რეგულაციებსა და შემცირებულ შემოსავლებზე ჩივიან. მენეჯერები ამბობენ, რომ ვითარების ასე გაგრძელების შემთხვევაში ლოკალურ მაუწყებლებს ფუნქციონირება გაუჭირდებათ. ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ლევან ალექსიშვილი ფიქრობს, რომ პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

,,პირველი, რაც მათ კლავთ, არის რეგულაციები - პირველი რეგულაცია ტელეპროდუქციის შეძენის მიმართულებით და მეორე რეგულაცია სარეკლამო ბაზრის მიმართულებით. ეს ორი რეგულაცია არის, რაც მარხავს და, ფაქტობრივად, უსპობს რეგიონულ მედიას განვითარების შანსს“, – აცხადებს ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ლევან ალექსიშვილი.

მედია რეგიონებში რეალური საშიშროების წინაშე დგას. ეს არის ხარისხიანი კონტენტის სიმცირე, შემოსავლების კლება, რაც, საბოლოოდ, აისახება იმაზე, რომ მედიის მდგომარეობა უარესდება როგორც კონტენტის წარმოების, ასევე გაყიდვებისა და კვალიფიციური კადრების გადინების მხრივ.

რეგიონალური ტელევიზიები პარლამენტს სამაუწყებლო რეგულაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ. საკითხი იმ ცვლილებებს ეხება, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, დაახლოებით, ერთი წლის წინ შევიდა. ცვლილება კანონის ათზე მეტ მუხლს შეეხო. სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. მედიის პროტესტი განსაკუთრებით კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსების შესახებ მუხლში შესულმა ცვლილებამ გამოიწვია. ცვლილების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლება მიეცა. ,,რეგიონმედია მარკეტის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ შემცირებული შემოსავლების ფონზე გამკაცრებული რეგულაციები რეგიონალურ მედიას დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს:

,,პირველი, მონაცემები მნიშვნელოვნად არასტაბილური და შემცირებულია. რა თქმა უნდა, ამას განაპირობებს ერთი ის გარემოება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მიაყენა რეგიონულ ბაზარს, უფრო დივერსიფიცირებული გახდა ბაზარი და მეტი მოთამაშე შემოვიდა. ასევე, თუ რაიმე რყევა აისახება სატელევიზიო ბაზარზე, პირველ რიგში, აისახება რეგიონულ ბაზარზე. აგერ, დღეს უკვე ავტორთა საზოგადოების მიერ მინიჭებული მუსიკის გაშვებაც კი აღარ შეუძლიათ ამ არხებს. მიმართულებაა იქითკენ, რომ ეს არხები და ამას აწერენ ევროდირექტივას, ამის პარალელურად შემოდის ცვლილება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ჰქონდა ბიუჯეტი, კიდევ მიეცეს მას რეკლამის განთავსების საშუალება. პოლიტიკა, რომ ნელ-ნელა ამ არხებს შეექმნათ უფრო მეტი და მეტი პრობლემა, აქეთკენ არის მიმართული“.

რეგიონალური ტელეკომპანიების შემოსავლები, 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. 22 რეგიონალური ტელევიზიიდან მხოლოდ ოთხში დაფიქსირდა შემოსავლების მცირედი ზრდა. დასკვნა ,,მაუწყებელთა ალიანსმა“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მაუწყებელთა 2018 წლის პირველი კვარტალის შემოსავლებზე დაყრდნობით მოამზადა.

,,2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, იმ პერიოდში, როცა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამისა და სპონსორობის დრო გაეზარდა, რეგიონული ტელეკომპანიების (თბილისგარეთ მოქმედი საერთო მაუწყებლები) შემოსავლებმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 150 692 ლარით იკლო, საზოგადოებრივი მაუწყებლების მხოლოდ კომერციულმა შემოსავალმა კი იმავე პერიოდში 270 829 ლარით მოიმატა", – ნათქვამია მაუწყებელთა ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონალური მედიის წარმომადგენლები სისტემურ პრობლემაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა ოკუპანტი ქვეყანა ყველა საშუალებით ცდილობს ქართულ აუდიტორიაზე გავლენის მოპოვებას, როცა ოფიციალურად ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება და რეგიონალური მედიის შემოსავლები სულ უფრო მცირდება, დამატებითი რეგულაციების ამოქმედება არ უნდა ხდებოდეს. შემცირებული სარეკლამო შემოსავლები და, შესაბამისად, ტელეკომპანიებში შექმნილი ფინანსური პრობლემები ბორჯომის ტელევიზიის ხელმძღვანელს, ტრისტან ცუცქირიძეს, არასაიმედო პროგნოზის გაკეთებისკენ უბიძგებს.

,,მედია რეგიონებში რეალური საშიშროების წინაშე დგას. ეს არის ხარისხიანი კონტენტის სიმცირე, შემოსავლების კლება, რაც, საბოლოოდ, აისახება იმაზე, რომ მედიის მდგომარეობა უარესდება როგორც კონტენტის წარმოების, ასევე გაყიდვებისა და კვალიფიციური კადრების გადინების მხრივ. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ერთად და დაგროვდა რეგიონულ მედიაში, რასაც ხელი განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. შესაბამისად, ყველა რეგიონულ ტელევიზიაში მოხდა შემოსავლების კლება, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება, რა თქმა უნდა, ხარისხზე“, – ამბობს ტრისტან ცუცქირიძე.

კერძო მაუწყებლებმა პარლამენტსაც მიმართეს თხოვნით, „მაუწყებლობის შესახებ კანონში” ის ცვლილებები არ შესულიყო, რომლებიც „საზოგადოებრივ მაუწყებელში” სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას ეხება. საზოგადოებრივ მაუწყებელში კი ამბობდნენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხარისხიანი მედიაპროდუქციის შესაქმნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG