Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ კოდექსის არმიღებით გაცილებით სერიოზული პრობლემები გვექნება ტყეების მართვის კუთხით, ვიდრე ეკლესიებისთვის ტყეების საკუთრებაში გადაცემაა"


რეზო გეთიაშვილი, CENN-ის ტყის პროგრამის დირექტორი
რეზო გეთიაშვილი, CENN-ის ტყის პროგრამის დირექტორი

საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს მიიღო ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც 99 მუხლისგან შედგება და ტყის რესურსის მართვის სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ამ სფეროს უამრავ ნიუანსს ეხება, საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია მისმა მე-15 მუხლმა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ტყისთვის სულ ერთია ვინ მართავს. მთავარია, მართოს სწორად"
please wait

No media source currently available

0:00 0:55:35 0:00

„სახელმწიფო ტყის გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ტყის ნაწილის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“.

22 მაისს, კენჭისყრამდე „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკასთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია:

„იმ შემთხვევაში თუ “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შევა ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილება და მე-3 მუხლს დაემატება ახალი, მე-6 პუნქტი, რელიგიური გაერთიანებების ინტერესების დასაცავად TDI და თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა საკონსტიტუცო სასამართლოში დამატებით გაასაჩივრებენ ამ პუნქტსაც“.

მანამდე TDI-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ჰქონდა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის სხვა რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ექსკლუზიურად საპატრიარქოს ანიჭებს პრივილეგიებს და ამით არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

რაც შეეხება იმავე მე-3 მუხლის ახალ პუნქტს, რომელიც ტყის ახალ კოდექსს უკავშირდება, ის ასე გამოიყურება:

„ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. ამასთან, გადასაცემი ფართობი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ გამოყოფამ არ გამოიწვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრების დარღვევა“.

მანამდე TDI არაერთი განცხადებით გამოეხმაურა ტყის ახალი კოდექსის პროექტს. საკითხზე თავის პოზიცია მკაფიოდ გამოხატა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), რომელიც თვლის, რომ:

„აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობისა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან და ასევე, საჯარო რესურსების სამართლიანი და მდგრადი გამოყენების მაღალ სოციალურ მიზანთან. აშკარაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს“.

ამასთან, EMC იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტყის ახალი კოდექსის მიღება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება „გარკვეულწილად წინგადადგმული ნაბიჯია“, თუმცა:

„ამ ცვლილებების ფარგლებში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში, მრავალ სამართლებრივ და სოციალურ პრობლემას წარმოშობს“.

ამ ორი ორგანიზაციის გარდა, აღნიშნული საკითხის მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა არაერთმა პოლიტიკოსმა და საჯარო პირმა. გავრცელდა პეტიციაც, რომელზეც 22 მაისის მდგომარეობით 6000-მდე ხელმოწერა შეგროვდა.

22 მაისს რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ტყის პროგრამის დირექტორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, რომ ზიანი, რომელიც კოდექსის არმიღებით მიადგებოდა ქვეყანას, გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რისკები, რომელსაც ეკლესიისთვის ტყის მიყიდვის დაშვება წარმოადგენს. ამასთან, რეზო გეთიაშვილმა თავისი პატივისცემა დაადასტურა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ტყის კოდექსის მიმართ კრიტიკას გამოხატავენ და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში:

„არგუმენტები არის საინტერესო და შეიძლება გარკვეულწილად ჩვენც ვიზიარებდეთ იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის კანონი 20 ჰექტარი ტყის ფართობის ეკლესიისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის ტყის კოდექსი, რომელიც უკვე 7 წელია იწერება და ძალიან მონაწილეობრივად. ნამდვილად, რამდენიმე ჯერზე მოხდა ამ კოდექსის გნხილვა ყველა მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო, მათ შორის, სწორედ ეკლესიისთვის ტყის გადაცემაც. ასე რომ, მწვავე დისკუსიები ამ პროცესში იყო და ძალიან მისასალმებელია, რომ უფრო ფართო სპექტრის ორგანიზაციები ჩაერთნენ დღეს და ისიც შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ, რომ 5 ათასი ხელმომწერი ჰყავს ამ პეტიციას, რადგან საზოგადოების ინტერესი ნამდვილად არის ამ საკითხის მიმართ“.

რეზო გეთიაშვილი თვლის, რომ ეკლესიებისთვის ტყის ფართობების მიყიდვა პრობლემა არ არის, თუმცა, არ უარყოფს, რომ გარკვეული საფრთხეები რჩება:

„საზოგადოების მიერ გამოთქმული გარკვეული შიშები და საფრთხეები რჩება, მაგრამ რიგი საფრთხეები ამ კანონით რეგულირდება. მაგალითად - სტატუსის საკითხი, ტყეები ინარჩუნებს სტატუსს. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დაიცვას ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ტყეში გვაქვს უამრავი ეკლესია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ის ცალკე არ უნდა იმართოს, უნდა იმართოს ტყეებთან ერთად“.

იმავე ინტერვიუში CENN-ის წარმომადგენელი აცხადებს:

„ტყისთვის სულ ერთია ვინ მართავს. მთავარია, მართოს სწორად. ტყე უნდა იმართოს მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ამ კოდექსს შემოაქვს სწორედ ტყეების მულტიფუნქციური მართვა. ყველა ტყეს აქვს თავისი ფუნქცია და დანიშნულება. ვინც უნდა მართავდეს ტყეს, უნდა იზრუნოს, რომ ამ ტყემ თავისი ფუნქცია სრულფასოვნად განახორციელოს“.

რეზო გეთიაშვილი ყურადღებას ამახვილებს ე.წ. სოციალური ჭრის პრობლემაზე და თვლის, რომ ახალი კოდექსი ამ საკითხის დარეგულირებას ხელს შეუწყობს:

„ამ კოდექსმა შეძლო რამდენიმე თამამი გადაწყვეტილება შეეთანხმებინა მთავრობასთან და ერთ-ერთი მთავარი დაკავშირებულია ძირითად პრობლემასთან, რაც დღეს გვაქვს - ტყეებზე არსებულ ენერგეტიკული ზეწოლასთან. ის ყოფითი გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც დაკავშირებულია ყოველწლიურად ჩვენს ეზოში მოტანილ შეშასთან და მის ღუმელში დაწვასთან, არის უდიდესი ზეწოლა მილიონობით ჰექტარზე და მილიონობით კუბურ მეტრ ხე-ტყეზე და მილიონობით მოჭრილ ხეზე. ეს პროცესი იყო ქაოტური და დაურეგულირებელი და იყო ტვირთი, რომელიც სატყეო სააგენტოს უნდა ეზიდა, ახლა ხდება გადანაწილება სხვადასხვა უწყებაზე.

უნდა მოხდეს სოციალური ჭრების თანდათანობით ჩანაცვლება შეშის მდგრადი დამზადებით, ასევე სხვა ალტერნატიული რესურსებს შექმნით. არ ვამბობთ, რომ შეშის მოხმარება აღარ იქნება. ამას სჭირდება ორგანიზებული მართვა“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG